ლაშა ბუღაძე გახდა პირველი თანამედროვე ქართველი მწერალი, რომლის წიგნის ციხეში შეტანაც აიკრძალა
გაზიარება
გაზიარება
ლაშა ბუღაძის ,,დამკვირვებელი”
ლაშა ბუღაძე გახდა პირველი თანამედროვე ქართველი მწერალი, რომლის წიგნის ციხეში შეტანაც აიკრძალა. მწერლის ახალი რომანის, „დამკვირვებლის“ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანაზე უარი ციხის ადმინისტრაციამ თქვა. წიგნი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული ნანა სანდერისთვის უნდა მიეწოდებინათ.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას პირდაპირ კრძალავს.
ლაშა ბუღაძის რომანის უკანა ყდაზე აღწერილია გამოგონილი პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ნახსენებია „დესპოტის“ ხანგრძლივი მმართველობა, ქვეყნის „ზონებად დანაწევრება“ და „ბელადისადმი თაყვანისცემა“. წიგნის ანოტაციაში ასევე საუბარია არჩევნების დანიშვნაზე და ქვეყნის მოსახლეობის არჩევანზე, სურს თუ არა მას არჩევნების ჩატარება.
ბუღაძის თქმით, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა წიგნის შეტანაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რომანს „პოლიტიკური შინაარსი“ აქვს.
მწერალი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, ვინ და რა კრიტერიუმებით განსაზღვრა წიგნის პოლიტიკური შინაარსი. მისი ვარაუდით, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიზეზი რომანში გამოყენებული ისეთი სიტყვები და ფრაზები გამხდარიყო, როგორიცაა „დესპოტი“ და „ბელადის თაყვანისცემა“.
„უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური. ბადრაგი, არამგონია, რომ იქ დამჯდარიყო და ჩაეკითხა ეს წიგნი. ეჭვი მეპარება, ანოტაციაც კი წაეკითხა“, – ამბობს ბუღაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ მხატვრული ნაწარმოების პოლიტიკური შინაარსის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შესაბამისი განმარტების გარეშე იქნა მიღებული.
„ვინ განსაზღვრა და ვინ მიანიჭა ამ ტიპის ეპითეტი ტექსტს, პოლიტიკურია თუ არაპოლიტიკური? საერთოდ რას ნიშნავს? ან, უკაცრავად, პოლიტიკურიც რომ იყოს შინაარსი, რატომ არ უნდა წაიკითხოს ეს მოქალაქემ, გნებავთ, ამ შემთხვევაში პატიმარმა თუ ნებისმიერმა?“, – ამბობს მწერალი.
ბუღაძე მომხდარს მხატვრული ტექსტის ცენზურის შესაძლო პრეცედენტად აფასებს:
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა და მაგალითი გვხვდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან საშიში პრეცედენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება რეაგირება. არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა.“
მომხდარზე სამართლებრივი ნაბიჯების დაწყების შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამაც განაცხადა.
„ვიწყებთ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. ვნახოთ, იწყება თუ არა ლიტერატურის ცენზურა ციხესა და სასამართლოში. ჯერ წერილობით მოვითხოვთ დასაბუთებულ უარს“, – დაწერა პატარაიამ.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურასაქართველოს პენცენტრიც. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რაც უკავშირდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციასაც. პენცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხატვრული ლიტერატურის ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია.