“შაბათის მარში” საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს მიეძღვნა
8 აგვისტოს ტრადიციული “შაბათის მარში” საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს მიეძღვნა. “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ეს იყო დღევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილი.
უკვე 34-ე შაბათია, “შაბათის მარშის” მონაწილეები სხვა მოთხოვნებთან ერთად, საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში 90 პოლიტპატიმარია.
უწყვეტი პროტესტის 619-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროდან მთავრობის კანცელარიის მიმართულებით მოაწყვეს.
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.