საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 510%-ით გაიზარდა — EPRC
ირანული კომპანიები საქართველოში
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) განცხადებით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა და 2025–2026 წლებისთვის 12 800-ს გადააჭარბა.
EPRC-ის ცნობით, მონაცემები საქსტატისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკას ეფუძნება. ორგანიზაციის განცხადებით, კომპანიების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ირანიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლებში შედარებით მცირე რჩება.
„2013 წლიდან 2024 წლამდე ირანულმა ინვესტიციებმა ჯამში 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინა პერიოდთან შედარებით ზრდაა, ერთ კომპანიაზე გათვლით თანხა საკმაოდ მცირეა“, – აცხადებს EPRC.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს ირანიდან წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი იყო და -0.65 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.4 მილიონი დოლარი იყო.
EPRC-ის შეფასებით, შესაბამისად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით უმნიშვნელო რჩება.
ცენტრის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების ოფიციალურ პროფილში ძირითადად მცირე ვაჭრობა, უძრავი ქონება, მომსახურება, მშენებლობა, ლოჯისტიკა და რეექსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა შედის.
„აქტივობის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის და ნაკლებად უკავშირდება მსხვილ საწარმოო, სამრეწველო ან ტექნოლოგიურ პროექტებს“, – ამბობს EPRC.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ კომპანიების საქმიანობას არც დასაქმების მნიშვნელოვანი ზრდა ახლავს თან, ხოლო ათობით კომპანია ერთი და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული.
EPRC-ის თანახმად, ირანთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მკაფიო ზრდა ტურიზმის მიმართულებით შეინიშნება. 2022-2024 წლებში ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 91.1 მილიონი დოლარიდან 151.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 65%-იანი ზრდაა. თუმცა 2025 წელს ტურისტული შემოსავლები 17.8%-ით შემცირდა.
რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციები
ცენტრი მიიჩნევს, რომ კომპანიების რაოდენობის სწრაფი ზრდა, ინვესტიციებისა და ოფიციალური ფინანსური ნაკადების შედარებით მცირე მოცულობის ფონზე, კითხვებს აჩენს მათი საქმიანობის რეალურ მასშტაბთან დაკავშირებით.
„რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?“ – წერს EPRC.
ორგანიზაციის განცხადებით, ირანის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საერთაშორისო სანქციების პირობებში ფუნქციონირების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ეკონომიკური ოპერაციების ალტერნატიული, მათ შორის ნაკლებად გამჭვირვალე ფინანსური არხებით განხორციელება.
EPRC-ის შეფასებით, თუ ეკონომიკური აქტივობის ნაწილი ტრადიციული საბანკო სისტემის მიღმა ან შეზღუდული გამჭვირვალობის პირობებში ხორციელდება, სახელმწიფოს შესაძლებლობა, ეფექტიანად გააკონტროლოს ფინანსური ნაკადები, სანქციების შესაძლო გვერდის ავლა და ფულის გათეთრების რისკები, მცირდება.
ცენტრი ასევე მიუთითებს საერთაშორისო პრაქტიკაზე, სადაც მსგავსი მოდელები ზოგჯერ ნომინალურ, ე.წ. „ქაღალდზე არსებულ“ კომპანიებთან არის დაკავშირებული. ასეთი კომპანიები ფორმალურად რეგისტრირებულნი არიან, თუმცა მათი რეალური ეკონომიკური საქმიანობა შესაძლოა შეზღუდული იყოს.
EPRC-ის განცხადებით, მსგავსი კომპანიები ზოგ შემთხვევაში გამოიყენება რეექსპორტისთვის, შუამავლური ფინანსური ოპერაციებისთვის ან სხვადასხვა ქვეყნის სანქციებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების გვერდის ავლის მიზნით.
„როდესაც კომპანიების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ ამას არ ახლავს ინვესტიციების, წარმოების, ექსპორტის ან დასაქმების შესაბამისი ზრდა, ჩნდება კითხვები მათი საქმიანობის რეალური ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ“, – აცხადებს ორგანიზაცია.
EPRC ასევე აღნიშნავს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და ამბობს, რომ ეს ფაქტორი შესაძლოა ქვეყნის მიმზიდველობას ზრდიდეს ირანის მოქალაქეებისა და ბიზნესწრეებისთვის.
ცენტრის განცხადებით, საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია Shelbit-ის მიერ აშშ-ის სანქციების დაწესება, რომლის მფლობელიც ირანის მოქალაქეა, აჩვენებს, რომ სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემები მრავალფეროვანია.
EPRC-ის შეფასებით, ამ ფაქტისა და საქართველოში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე, არსებული სტატისტიკა დამატებითი რისკების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.