თურქეთის რვა ოპოზიციური პარტია აფხაზეთის დეიზოლაციის ინიციატივით გამოდის
აფხაზეთის დეიზოლაციის კამპანია
თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილმა რვა ოპოზიციურმა პარტიამ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის შესუსტებისკენ მოუწოდა. ინიციატივა, მათ შორის, აფხაზური პასპორტის თურქეთის საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტად აღიარებას და თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო და საჰაერო კავშირების აღდგენას ითვალისწინებს.
ინიციატივა საზოგადოებრივი კამპანიის – „დასრულდეს აფხაზეთის იზოლაცია“ ფარგლებში გაჟღერდა. კამპანია 2026 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო და მას თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორა უწევს ორგანიზებას.
მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია თურქეთის პარლამენტში გამართეს.
„წარმოიდგინეთ: ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე აფხაზური წარმოშობისაა და მათი ნათესავები თურქეთში ცხოვრობენ, თუმცა აფხაზური პასპორტები აქ არ არის აღიარებული. აფხაზებს არ შეუძლიათ თურქეთში მცხოვრები ნათესავების მონახულება, ახალგაზრდებს კი უნივერსიტეტებში ჩარიცხვა“, – განაცხადა დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა თუნჯერ ბაკირხანმა.
მისი თქმით, აფხაზური პასპორტების არაღიარება იმ ადამიანებს უქმნის პრობლემებს, რომელთაც თურქეთთან ოჯახური და სოციალური კავშირები აქვთ.
„ეს საერთაშორისო ურთიერთობების რეალობაა. ზოგჯერ სახელმწიფოები მზად არიან თვალი დახუჭონ ტრაგედიებსა და ანტიდემოკრატიულ პრაქტიკაზე, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ნათესავებს ეხება“, – თქვა ბაკირხანმა.
მისივე განცხადებით, თურქეთმა აფხაზური პასპორტები სასაზღვრო პუნქტებზე მოქმედ დოკუმენტად უნდა აღიაროს.
„ჩვენ ღიად ვაცხადებთ: აფხაზური პასპორტები უნდა იყოს აღიარებული ჩვენს სასაზღვრო პუნქტებზე. ეს სირცხვილი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ინიციატივას მხარს უჭერს თურქეთის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ნაწილის წარმომადგენელი რვა ოპოზიციური პარტია, მათ შორის როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოლიტიკური ძალები.
მათ შორის ყველაზე დიდი „იენი პარტიაა“ („ახალი პარტია“), რომელსაც თურქეთის მოქმედ პარლამენტში 91 დეპუტატი ჰყავს. რვა პარტიის წარმომადგენლები ჯამში პარლამენტის 600 ადგილიდან 166-ს იკავებენ.
კამპანიის წარმომადგენლობაზე დავა
ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერამ თურქეთის რესპუბლიკის აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელობა სრულად ვერ დააკმაყოფილა.
ფედერაციის წარმომადგენლებს პრეტენზიები თავად მოთხოვნებთან არ აქვთ. ისინი მხარს უჭერენ როგორც აფხაზური პასპორტების აღიარებას, ისე აფხაზეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გახსნას.
უთანხმოება კამპანიის ინიციატორებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის უფრო მეტად „წარმომადგენლობისა“ და „ინიციატივის უფლების“ საკითხს ეხება.
ფედერაციის უკმაყოფილებას აფხაზეთში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს კამპანიის მიმართ გაკეთებული შენიშვნები.
აფხაზეთის პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის ხელმძღვანელის, დუატ ხუტაბას განცხადებით, აფხაზეთის ინტერესებისთვის მიღწეული ნებისმიერი წარმატება მხარდაჭერას უნდა იმსახურებდეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას ინიციატივის უკან.
„თუ თურქეთში ან სხვაგან რომელიმე აფხაზი მიაღწევს წარმატებას ჩვენს საერთო საქმეში, მაშინ ყველამ უნდა დავუჭიროთ მხარი და, თუ შესაძლებელია, შევუერთდეთ, იმის ნაცვლად, რომ ვიკამათოთ იმაზე, თუ ვის რა უფლება აქვს“, – განაცხადა ხუტაბამ.
მისი თქმით, თურქეთში მცხოვრები აფხაზური ორგანიზაციების საქმიანობა ენისა და კულტურის შენარჩუნებით არ უნდა შემოიფარგლოს, თუ ისინი აფხაზეთის პოლიტიკური ინტერესების დაცვაშიც მონაწილეობენ.
„თუ ჩვენი წარმომადგენლები თურქეთში მხოლოდ ენისა და კულტურის შენარჩუნების საკითხებით არიან დაკავებულნი, ისინი არ უნდა ჩაერიონ პოლიტიკური წინსვლის საკითხებში. თუ ისინი ასეთ წინსვლას საკუთარ ინტერესთა სფეროდ მიიჩნევენ, მაშინ ჩვენს გვერდით დადგნენ. აი, როგორ ჩანს ეს აფხაზეთიდან“, – თქვა ხუტაბამ.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას