მოსაზრება: კობახიძის წერილი არის კარგად გამართული დემაგოგია და არჩევნებისთვის მზადების ნაწილი
პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრება
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იმდენად ეფექტურად ახორციელებს, რომ მისი თანამდებობაზე დარჩენა არჩევნებამდე თითქმის გარანტირებულია. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების უკეთ გაგებასაც კი ახერხებს, ვიდრე თავად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი.
ზაქარეიშვილის თქმით, წერილი, რომელიც ე.წ. რუსოფობიის თემას შეეხებოდა, კობახიძის პოლიტიკურ სტილს შეესაბამება და მისი ავტორობა სავსებით შესაძლებელია. ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა ევროკავშირიდან დისტანცირებაა. მისი თქმით, “ოცნებას“ ზოგადად ევროპა არ უნდა და არა 2008 წლის ომის კონტექსტიდან გამომდინარე.
2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსოფობიაზე“ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. კობახიძე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, საქართველოს შიდა პოლიტიკასა და ოპოზიციის დამოკიდებულებას შორის კავშირებზე საუბრობს. მისი თქმით, „გლობალურ ომის პარტიას“ უკრაინაში მიმდინარე ომი სჭირდებოდა იმისთვის, რომ „რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“.

პაატა ზაქარეიშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა საშინელია ტექსტია. არ გინდა რომ წაიკითხო, მაგრამ ამის მიუხედავად, სამ-ოთხჯერ წავიკითხე. გაოგნებული ვარ კობახიძის ცინიზმით, უტიფრობით და კარგად გამართული დემაგოგიით.
ეს დიდხანს ნაფიქრი ტექსტია და მასზე ალბათ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა. ეს არის წულუკიანის კომისიის დასკვნისა და პარტიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გაგრძელება. აქ არის ბევრი პლასტი, მაგრამ მთავარი ღერძია ის, რომ საქართველოს პრობლემები შიდა ქართული პრობლემებია და რუსეთი კონტექსტიდან პრაქტიკულად განდევნილია. ასევე განდევნილია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
ძალიან ეშმაკურად ცდილობენ, რომ ის, რაც 2008 წელს მოხდა, რუსეთს არ დაუკარგონ – არ დაუკარგონ, რომ მან განახორციელა ოკუპაცია, მაგრამ ეს იყო“ნაციონალური მოძრაობის“ წინდაუხედავ, გამაღიზიანებელ პოლიტიკაზე პასუხი. არ არის ლაპარაკი არც კოსოვოზე, როცა რუსეთი მუდმივად იმუქრებოდა. არ არის ლაპარაკი არც ბუქარესტის სამიტზე.
2008 წლის ომამდე რუსეთი შიდა ქართულ კონტექსტზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. რუსეთის სულ დასავლეთს ამუნათებდა, რომ იყო ნატოს კოსოვოს აღიარების წინააღმდეგი. რუსეთის მთელი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკის ფაქტორებით იყო განსაზღვრული. წულუკიანის კომისიამ კი საგარეო ფაქტორი პრაქტიკულად გამორიცხა და ყველაფერი საქართველოს შიდა კონტექსტში გადმოიტანა. ამ კონცეფციის გვირგვინია ის, რომ საქართველოში არსებობდა აგენტები, ანტირუსული კამპანიის აგორება ამ აგენტების მეშვეობით ხდება, რასაც შემდეგ რუსული აგრესია მოჰყვება.
“ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება. მას ეშინია, რომ ოპოზიცია მობილიზაციას მოახდენს არა ბოიკოტის გარშემო, არამედ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. “ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიები არ იზრდება, პირიქით – მცირდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ თუ ოპოზიცია გონს მოვა და რაღაცას გააკეთებს, არჩევნებზე მეტი განაწყენებული ადამიანი მივა და “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემს ხმას. ამიტომ “ოცნებას“ სურს, რომ ხმა იმ მილიონ 300 ათასი ამომრჩევლიდან აიღოს, ვინც სახლში ზის. ამიტომ აგრძელებენ იმაზე ლაპარაკს, რომ არის მშვიდობის გარანტორი პარტია!
აშკარად ჩანს, რომ პარტიების აკრძალვა არ გამოვა, რადგან პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მართლა ჯოჯოხეთური სანქციები წამოვა. ევროპისთვის ციხეში გაშვება ისეთი დიდი პრობლემა არ არის, როგორც პარტიების აკრძალვა. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლო იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პარტიების არ აიკრძალება, თუმცა წინ რუსულ ფაქტორს წამოწევენ.
2022 წლის შემდეგ ევროპა და ევროკავშირი არსებითად შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება“ ევროპულ ნავში ჩამჯდარიყო და ეთქვა, რომ კი, ევროპა მანამდე ცდებოდა, მაგრამ ახლა სწორად იქცევა და ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგავართ, ხდება პირიქით. აბსურდულ რამეს აკეთებენ – ერთის მხრივ, აკრიტიკებენ ევროპას იმის გამო, რომ 2008 წლის ომის დროს შესაბამისად არ იქცეოდა და ახლა როცა შესაბამისი გახდა, ურტყამენ. ჩანს, რომ “ქართულ ოცნებას“ ზოგადად ევროპა არ უნდა და არა 2008 წლის ომის კონტექსტიდან გამომდინარე. მათი მთავარი ამოცანაა ევროკავშირიდან დისტანცირება.“