„მთელმა სოფელმა იცოდა“ - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნატა ვიბლიანის შემზარავი ისტორია
ნატა ვიბლიანის ისტორია
43 წლის ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ როდესაც 9 წლის იყო და სვანეთში, ჭუბერის მუნიციპალიტეტის სოფელ სგურიშში ცხოვრებდა, მას სისტემატიურად აუპატიურებდა ოთხი თანასოფლელი კაცი.
ამ ამბიდან დაახლოებით 35 წელი გავიდა. ნატა დღეს საქართველოდან შორს, გერმანიაში ცხოვრობს. ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და სოფელთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, წარსული მოსვებას არ აძლევს. სამი თვის წინ მან სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეო, სადაც თავის ამბავს ჰყვება. ის ასახელებს მოძალადეების კონკრეტულ გვარებს და სახელებს და მთელ სოფელს გულგრილობაში სდებს ბრალს.
ნატა ვიბლიანის შემზარავმა ისტორიამ ქართული საზოგადოება ააფორიაქა.
თუმცა ეს ამბავი მხოლოდ სოციალურ ქსელში აღარ დარჩენილა. დაახლოებით ერთი თვის წინ პოლიცია ვიბლიანს დაუკავშირდა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. ახლა სახელმწიფომ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის, თუ რა გადახდა ბავშვს 35 წლის წინ, არამედ ისიც, რატომ ვერ დაიცვეს იგი ოჯახმა, სოფელმა და სამართალდამცავებმა.
ვიდეოები, რომლებმაც გამოძიება დაიწყო
90-იანი წლები, სვანეთი. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს რამდენიმე შეიარარებულმა კონფლიქტმა გადაუარა. ქვეყანაში ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. ყველა მეორეს იარაღი ჰქონდა – ქუჩებს შეიარაღებული კაცები აკონტროლებდნენ. სახელმწიფო ქაღალდზე ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ ადამიანის დასაცავად ხშირად ვერსად იპოვიდი.

ასეთ საქართველოში, მთებში ჩაკარგულ სოფელში ვითარდება ცხრა წლის ბავშვის ისტორია.
ნატა ვიბლიანის პირველი ვიდეომიმართვები სოციალურ ქსელში სამი თვის წინ გამოჩნდა, თუმცა ფართო საზოგადიებამ მისი ამბავი მას შემდეგ გაიგო, რაც თამუნა მუსერიძის პოპულარულ პოდკასტში იყო სტუმრად.
იგი ემიგრაციიდან, ვიდეოჩართვით ჰყვებოდა ბავშვობაზე, რომელიც, მისი თქმით, სისტემატურმა სექსუალურმა და ფიზიკურმა ძალადობამ გაანადგურა.
ვიბლიანი საჯაროდ ასახელებს ოთხ კაცს. მისი თქმით, ისინი მისი ნათესავები და თანასოფლელები არიან. ერთ-ერთი მათგანი, ნათლიის ძმა, მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა. დანარჩენი სამი კაცი კი, ქალის მონათხრობით, პირველ სავარაუდო მოძალადესთან ნათესაურ კავშირშია.
ვიდეოებს ურთიერთსაპირისპირო რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მას სვანეთის და სვანი ხალხის სახელის შელახვაში ადანაშაულებენ.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. პოლიციამ უკვე გამოკითხა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს.
21 ივლისს, ვიდეოზარით გამოიკითხა თავად ნატა ვიბლიანიც.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალი ამ ეტაპზე არავისთვის წარუდგენიათ. შესაბამისად, ვიბლიანის მიერ დასახელებული პირები სამართლებრივად უდანაშაულოდ მიიჩნევიან, ვიდრე სასამართლო საწინააღმდეგოს არ დაადგენს, ამიტომ ჩვენ მათ სახელებს ამ მასალაში არ ვწერთ.
ბავშვობა მამის შემდეგ
ნატა ვიბლიანს მოვლენების ზუსტი წლების დასახელება უჭირს. ამბობს, რომ მხოლოდ ოთხი კლასის განათლება აქვს. თუმცა ძალადობის ცალკეული ეპიზოდები მკაფიოდ ახსოვს.
სვანეთში ის მამასთან, დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ნატა და-ძმებში ყველაზე უფროსი იყო.
ის შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გაურეკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა და ოთხი ბავშვი დედასთან დარჩა. ვიბლიანის თქმით, ძალადობა მამის წლისთავიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.
„4 კლასის განათლება მაქვს. ნათლად მახსოვს ფაქტები, მაგრამ წლების დასახელება მიჭირს. მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. მამას წლისთავის მერე, რამდენიმე დღეში. მამა 7 წლის ასაკში ჩამაკვდა ხელებში და ოთხი და-ძმა დავრჩით, დედაჩემის ამარად“.
მისი მონათხრობით, პირველად მისი ნათლის ძმამ, ოჯახის ახლობელმა კაცმა საქონლის სადგომში გააუპატიურეს. ბავშვი ძროხას წველიდა, როდესაც იქ სრულწლოვანი თანასოფლელი შევიდა.
„ძროხას ვწველიდი, იქ შემოვიდა. თავზე გადამისვა ხელი, ნუ გეშინიაო… ტკივილისგან გავითიშე, რამდენი ხანი ვეგდე იმ ბოსელში, იმ მდგომარეობაში, არ მახსოვს. გონზე რომ მოვედი, ეს ადამიანი იქ აღარ იყო. დამტოვა და გაიქცა“.
ვიბლიანი ამბობს, რომ ამის შემდეგ ძალადობა სისტემატური გახდა. ადგილი იცვლებოდა, მაგრამ მოძალადის კონტროლი არ წყდებოდა.
„მაუპატიურებდა ბოსელში, სახლში, მინდორში“ – ამბობს ნატა ვიბლიანი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
ქალის მონათხრობის თანახმად, კაცი მას იარაღითაც ემუქრებოდა. იარაღს მის მცირეწლოვან ძმებსაც უმიზნებდა. მუქარის შინაარსი მარტივი იყო: თუ ბავშვი ხმას ამოიღებდა, მის და-ძმებს მოკლავდა.
„დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი, სანამ იარაღს არ აიღებდა და პირში არ ჩამჩრიდა პისტოლეტის ლულას, მანამდე ვერ მიმორჩილებდა და ასეთ მდგომარეობაში მაუპატიურებდა. ჩემს უმცროს ძმებს უშვერდა იარაღს და ამბობდა, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, იმათ დახოცავდა“.
ვიბლიანი სხვა მძიმე ეპიზოდსაც იხსენებს. მისი თქმით, კაცმა იგი ცხენს გამოაბა და საძოვრამდე ათრია. ქალის მონათხრობით, ეს იყო სასჯელი და გაფრთხილება, რომ მომხდარზე არავისთან ელაპარაკა.
ორსულობა და ბავშვის გაურკვეველი ბედი
ვიბლიანის მონათხრობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი მის ორსულობას უკავშირდება. ის ამბობს, რომ დაახლოებით 14 წლის იყო, როდესაც დაორსულდა ამ მოძალადე კაცისგან და ნაადრევად იმშობიარა.
ქალის თქმით, სამშობიაროდ მეზობელ რეგიონში – სამეგრელოში წაიყვანეს. ზუგდიდის სამშობიაროში ბავშვი ცოცხალი დაიბადა. ის ჰყვება, რომ ახალშობილის შავი თმა დაინახა და მისი ხმაც გაიგონა. თუმცა შემდეგ რა მოხდა, დღემდე არ იცის.
„ვიცი, რომ ცოცხალი დაიბადა, დავინახე და ხმაც გავიგე, ჩემი ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც მამშობიარა, ცოცხალი აღარაა. მახსოვს დიალოგი, ექიმმა თუ ექთანმა როგორ იკითხა ბავშვზე, რა ვუყოთო და ის [კაცი, რომელიც ნატა ვიბლიანის თქმით, მასზე სექსუალურად ძალადობდა] პასუხობდა, მოკალითო. ბავშვს რა ბედი ეწია, არ ვიცი“.
ნატა ვიბლიანი ასახელებს იმ თანასოფლელი კაცების გვარებს და სახელებს, ვინც ზუგდიდში მოძალადეს თან ახლდნენ და ამ ეპიზოდის მოწმეები არიან.
ამ ეპიზოდის დადასტურება გამოძიების ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იქნება. საჭიროა სამედიცინო ჩანაწერების, შესაძლო მოწმეებისა და ძველი საგამოძიებო მასალების მოძიება. სამი ათწლეულის შემდეგ დოკუმენტების არსებობაც კი ჯერ უცნობია.
მე მოვედი იმისთვის, რომ პედოფილები მოვაცილო სვანეთს
თუმცა ვიბლიანის თქმით, მისი ორსულობა დაფარული ამბავი არ ყოფილა და ამის შესახებ ყველამ იცოდა. სწორედ ამიტომ მიმართავს იგი ყველაზე მძიმე კითხვას არა მხოლოდ სავარაუდო მოძალადეებს, არამედ მთელ თემს:
„მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ორსულად ვიყავი. მთელი ჭუბერი რატომ არ ადგა, როცა გაიგეს, რომ ბაბუას სახლში ეს ხდებოდა? სად იყვნენ ის სვანის კაცები, დღეს პოსტს-პოსტზე რომ მიძღვნიან, რომ მოვსულვარ თურმე იმისთვის, რომ სვანეთი დავამხო.
მე მოვედი იმისთვის, რომ პედოფილები მოვაცილო სვანეთს. ისინი არ იმსახურებდნენ ჩემს მიწაზე სახლის აშენებას, ჩემი მამის დაცინვას და მე დამნაშავესავით, ქვების სროლით სვანეთიდან გამაგდეს სახელგატეხილი. შვილი მომიკლეს, ყველაფერი მომიკლეს“.
ვიბლიანი მხოლოდ ოთხ კაცს არ უპირისპირდება. იგი აღწერს გარემოს, რომელმაც, მისი თქმით, ძალადობა დაინახა, მაგრამ მსხვერპლის დასაცავად არ იმოქმედა.
როგორც ნატა ვიბლიანი ამბობს, მოძალადე, ვისგანაც ნატამ შვილი გააჩინა, სოფელში ჭორებს ჰყრიდა, რომ ბავშვი მისი არ იყო.
მისი თქმით, ის დაემუქრა ერთ თანასოფლელ ბიჭს და მუქარის ძალით ათქმევინა, რომ ნატა ვიბლიანთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა და შვილი მისი იყო.
თუმცა, ნატას თქმით, სოფელში ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ მოძალადის ეშინოდათ, რადგან მოძალადე და მისი ძმები ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ.
როცა სოფელი მსხვერპლს ადანაშაულებს
ვიბლიანის მონათხრობით, ძალადობის შესახებ იცოდნენ ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და თანასოფლელებმა. მიუხედავად ამისა, მხარდაჭერის ნაცვლად მას დამცირება შეხვდა.
იგი იხსენებს თანასოფლელის ნათლობის სუფრას, სადაც საკუთარი გვარის წარმომადგენლებმა შეურაცხყვეს. 14 წლის ნატა ვიბლიანი მოძალადისგან ორსულად იყო, როცა ამ სუფრაზე მივიდა, თუმცა საკუთარი გვარის წარმომადგენლებმა ის გააგდეს, “ბოზი” ეძახეს, ეზოში მყოფმა ბავშვებმა კი ქვების სროლით გააცილეს.
“[ვიბლიანებთან] ნათლობის სუფრაზე მივედი, გამოვიდნენ, თუკი რამე სალანძღავი სიტყვა იყო, ყველაფერი მეძახეს. ეზოში ბავშვები იყვნენ და ბავშვებმა ქვების სროლით გამომაცილეს”.
მისი თქმით, ეს დეტალი აჩვენებს, როგორ გადაიტანა მთელმა სოფელმა ძალადობის პასუხისმგებლობა მოძალადიდან ბავშვზე.
ვიბლიანი ამბობს, რომ კიდევ სამმა კაცმა გააუპატიურა. მისი მტკიცებით, მისი შემდგომი გაუპატიურება პირველი მოძალადის ჩარევით მოხდა. მიზანი მისი დაშინება და საბოლოოდ გაჩუმება იყო.
„სამივენი ამ კაცის ნათესავები არიან. მათ სწორედ მისი ჩარევით გამაუპატიურეს, მისი სიბინძურის დასაფარად, რომ ხმა ვერ ამომეღო ვერასდროს, როგორც ქალს, რომ ვერასდროს მეთქვა, რომ მე ამდენმა კაცმა გამაუპატიურა“.
ვიბლიანის თქმით, სამიდან ერთ-ერთი მოძალადე იყო პირველი მოძალადის ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ციხიდან ახალგამოსული იყო.
პირველი გამოძიება, რომელიც ერთ კვირაში დასრულდა
ვიბლიანის თქმით, 1990-იანი წლების შუა პერიოდში პოლიციას მისმა ბაბუამ მიმართა გაუპატიურების საქმეზე. საქმე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში დაიწყო. ბავშვს ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
თუმცა გამოძიება დაახლოებით ერთ კვირაში შეწყდა. ვიბლიანი ამბობს, რომ ოჯახმა საჩივარი უკან გაიტანა.
„ექსპერტიზაც ჩამიტარეს მაშინ. მაგრამ ამ ადამიანს ნაცნობები ჰყავდა პოლიციაში და ძალიან ბევრი რამ მიიჩქმალა. დაახლოებით ერთ კვირაში, ისევ ჩემმა ოჯახმა, საჩივარი უკან გამოიტანა და ასე დასრულდა ეს საქმე“.
ეს გარემოება ახლანდელი გამოძიებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუ ძველი საქმის მასალები გადარჩა, მათში შეიძლება ინახებოდეს ექსპერტიზის დასკვნა, ჩვენებები და სხვა დოკუმენტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროდ ჯერ არ დაუდასტურებია, მოძებნა თუ არა 1990-იანი წლების საქმე. უწყებას ასევე არ განუმარტავს, რატომ შეწყდა მაშინ გამოძიება.
გაყიდული სახლი და სვანეთიდან წასვლა
ვიბლიანის თქმით, ძალადობის შემდეგ ოჯახმა სოფელიც დაკარგა. 1990-იანი წლების ბოლოს, მოგვარეების ნაწილის ზეწოლით, მათ სოფელი სგურიში დატოვეს.
ქალი ჰყვება, რომ ოჯახის იქ დარჩენა გვარის წარმომადგენლებმა მიუღებლად მიიჩნიეს. სოფელში არსებული სახლის და მიწების სანაცვლოდ ოჯახს 22 ათასი ლარი მისცეს, რაც მისი თქმით, სიმბოლური თანხა იყო. დედა და შვილები ზუგდიდში გადავიდნენ.
„ნოდარიშარები [ვიბლიანების გვარის ერთ-ერთი შტო, რომლის წარმომადგენელიც არის ნატა] შეგროვდნენ და გადაწყვიტეს, რომ ჩვენი იქ ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, მოგვცეს 22 ათასი ლარი [სოფელში არსებული სახლის სანაცვლო თანხა] და დედასთან და და-ძმებთან ერთად წავედით ზუგდიდში.
სოფელში ძალიან კარგი სახლი დავტოვეთ და ზუგდიდში აღმოვჩნდით გაუსაძლის პირობებში.
მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვიყავი, მქონდა თვითმკვლელობის მცდელობაც, მაგრამ გადავრჩი. როგორც კი გამოვკეთდი და ძალა მოვიკრიბე, წავედი სახლიდან ქუთაისში და იმის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებს აღარ გავკარებივარ, აღარც დედმამიშვილებს, არც დედას და არავის. როცა მჭირდებოდა, მაშინ არავინ დამიდგა გვერდში, არც დედაჩემი.
ჩემი შვილი ისე გახდა 7 წლის, რომ ნათესავებთან კავშირი არ მქონია. მართალია, შემდეგ აღვადგინე ურთიერთობა, მაგრამ ისე მექცეოდნენ, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე და ამიტომ აღარ მინდა არავისთან ურთიერთობა“, – ჰყვება ვიბლიანი “ღია სივრცის წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან ინტერვიუში.
დედაზე ნატა ვიბლიანი განაწყენებული საუბრობს.
მისი თქმით, დედამ ის სათანადოდ ვერ დაიცვა. თუმცა, აქვე იმასაც ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მისი დედა თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თანასოფლელების მხრიდან.
მამის ფაქტორი
რაც შეეხება მამას, მას ნატა თვალცრემლიანი იხსენებს და ამბობს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ჯოჯოხეთი.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ დღეს სიმართლისთვის ბრძოლა სწორედ მამის ხსოვნის პატივსაცემად დაიწყო.
ნატა ჰყვება, რომ 7 წლის იყო, როცა მამა ხელში ჩააკვდა. იარაღი ჰქონდა მოხვედრილი გულში – თავი მოიკლა თუ გაუვარდა, არავინ იცის, რადგან ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
ქალის თქმით, ის არ გამორიცხავს თვითმკვლელობას, რადგან მამამისს თემი ებრძოდა.
ნატას მონაყოლით, პრობლემა იმაში იყო, რომ მისი მამა არ იყო ვიბლიანების ბიოლოგიური შთამომავალი, ის აყვანილი შვილი იყო.
ბაბუის გარდაცვალების შემდეგ კი, გვარს არ უნდოდა ვიბლიანების დიდძალი მიწები აყვანილ შვილს დარჩენოდა, ამიტომაც ნატას მამას ავიწროვებდნენ. მისი სიკვდილის შემდეგ კი, მის ცოლსა და შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს და საერთოდაც მთელი ოჯახი სოფლიდან გააძევეს.
რას ითხოვს ნატა ვიბლიანი
ვიბლიანი ამბობს, რომ საჯაროდ საუბარი შურისძიებისთვის არ დაუწყია. მისი მიზანი სამართლიანობის აღდგენაა.
„როცა ძალა მოვიკრიბე, როცა რაღაც ცოდნაც დავაგროვე, გავბედე და ვთქვი, იმ ხალხის დასასჯელად კი არა, სამართლიანობის აღსადგენად“.
მის ინტერესებს ადვოკატი მარიამ ბარსონიძე იცავს. მან 15 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართა და საქმეში ადვოკატის ორდერი წარადგინა.
დაცვის პირველი მოთხოვნა ვიბლიანის დროული და სრულყოფილი გამოკითხვა იყო. შემდეგ ადვოკატი მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ეს სტატუსი ვიბლიანსა და მის ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის უფლებას მისცემს.
„დეტალურად უნდა მოხდეს იმ საზარელი ფაქტების აღწერა, რის შესახებაც ნატა ვიბლიანი ჰყვება.
ამის შემდეგ მას აუცილებლად უნდა მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი და მას, როგორც დაზარალებულს და მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატს, გვექნება სრული უფლება, რომ საქმის მასალებს გავეცნოთ სრულყოფილად“.
ადვოკატის თქმით, ეს მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის. მისმა შედეგმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა ქალებზეც, რომლებიც ბავშვობაში განცდილ ძალადობაზე დღემდე დუმან.
დღეს ნატა გერმანიაში ცხოვრობს, დიდი შვილი ჰყავს და შვილიშვილიც. ნათესავებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღადგინა. თუმცა, ვიბლიანის თქმით, ოჯახი კვლავ ისე ექცეოდა, თითქოს მომხდარზე პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა.
შეიძლება თუ არა სამართლის პოვნა 35 წლის შემდეგ
ინტერვიუებში ნატა ამბობს, რომ ამ 35 წლის განმავლობაში, არ ყოფილა დღე, როდესაც მის თავს გადამხდარ ამბავზე არ უფიქრია:
„როცა ძალა მოვიკრიბე, როცა რაღაც ცოდნაც დავაგროვე, გავბედე და ვთქვი, იმ ხალხის დასასჯელად კი არა, სამართლიანობის აღსადგენად”.
დრო გამოძიების მთავარი დაბრკოლებაა. შესაძლო დანაშაულის ადგილები შეცვლილია. ზოგი მოწმე შეიძლება გარდაცვლილი იყოს. მოგონებები კი სასამართლოში განსაკუთრებით მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება.
ამავე დროს, ხანდაზმულობის საკითხი ავტომატურად არ გამორიცხავს სამართლებრივ გაგრძელებას.
2020 წელს კანონმდებლობა შეიცვალა. არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩადენილ რიგ სექსუალურ დანაშაულებზე ხანდაზმულობა აღარ ვრცელდება. თუმცა, ვიბლიანის საქმეში ჯერ დანაშაულის ბოლო შესაძლო ეპიზოდის დრო უნდა დადგინდეს.
ასევე გასარკვევია ქმედებების ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია. მნიშვნელოვანია იმ დროის კანონი და შემდგომი ცვლილებების შესაძლო გავლენაც.
სისხლის სამართლის კანონს, რომელიც პასუხისმგებლობას ამკაცრებს, უკუძალა არ აქვს. ამიტომ საბოლოო შეფასება კონკრეტულ თარიღებსა და გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.
ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი მარი ვარამაშვილი განმარტავს, რომ 2020 წლის ცვლილებას საქმეზე გავლენა ექნება, თუ იმ მომენტისთვის ძველი ხანდაზმულობის ვადა ჯერ გასული არ იყო.
„თუკი 2020 წლისთვის არ იყო გასული კონკრეტული ხანდაზმულობის ვადა, თავდაპირველად 25 წელი და შემდგომ, 2018-ში შეცვლილი კანონით – 30 წელი, ეს ნიშნავს, რომ ნატა ვიბლიანის საქმეს ხანდაზმულობის ვადა აღარ ეხება“.
მოქმედი კანონმდებლობით, გაუპატიურება გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ამას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი განსაზღვრავს.
თუმცა 1990-იან წლებში სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებების შეფასებისას გამოძიებას მაშინდელი კანონმდებლობის შესწავლაც მოუწევს. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე)
ვარამაშვილის თქმით, გამოძიებამ ყველა შესაძლო მოწმე უნდა გამოკითხოს. საჭიროა ძველი საქმის მასალების მოძიებაც. ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
საქართველოს სასამართლოებს უკვე განუხილავთ ათწლეულების წინ ჩადენილი სექსუალური ძალადობის საქმეები. 2022 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 25 წლით ადრე მცირეწლოვან გერზე ძალადობდა.
2024 წელს კი 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც დის მცირეწლოვან შვილებზე ძალადობდა.
ეს მაგალითები ვიბლიანის საქმის შედეგს წინასწარ ვერ განსაზღვრავს. თუმცა აჩვენებს, რომ დრო მტკიცებულებების მოპოვებას ართულებს, მაგრამ გამოძიებას შეუძლებელს ყოველთვის არ ხდის.
უსაფრთხოება, რომელიც ემიგრაციაშიც არ არსებობს
საჯარო საუბრის შემდეგ ვიბლიანის შიში არ დასრულებულა. იგი საქართველოდან შორს ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ თავს იქაც დაუცველად გრძნობს.
14 ივლისს ქალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოთხი დღე სახლიდან ვერ გავიდა. მაღაზიაში წასასვლელადაც სახლის მეპატრონეს ელოდებოდა.
„მე სვანეთის ხუთი გვარი ვამხილე. ხუთი გვარი მემტერება და მომდევს და რომელი გამისწორდება, არ ვიცი. ახლა, მართალია საქართველოში არ ვარ, მაგრამ არც აქ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ“.
ამიტომ საქმის გამოძიება მხოლოდ ძველი მტკიცებულებების მოძიებას არ გულისხმობს. სახელმწიფომ შესაძლო ზეწოლისა და ანგარიშსწორების საფრთხეც უნდა შეაფასოს.
„ქალთა მოძრაობამ“ სამართალდამცავებს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა. ორგანიზაცია ითხოვს ტრავმაზე მგრძნობიარე მიდგომას, ვიბლიანის უსაფრთხოების დაცვასა და მისი ინფორმირებას.
განცხადებაში ხაზგასმულია კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოში ბავშვზე სექსუალური ძალადობის რეალური მასშტაბი უცნობია. სახელმწიფოს კვლავ არ აქვს პრევენციის, გამოვლენისა და გადარჩენილთა დახმარების სრულყოფილი სისტემა.