ნიცა, ელვისი და ოლივერი — ეს პატარა კვერნები თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრები არიან. პატარები სხვენში, მარტო, დედის გარეშე იპოვეს და გადარჩენის მიზნით სახლში წაიყვანეს.
თუმცა, კვერნა მტაცებელი ცხოველია ძლიერი კბილებითა და ბუნებრივი ინსტინქტებით. როდესაც კვერნები წამოიზარდნენ, მათი ბუნებაში გაშვება უკვე შეუძლებელი გახდა.
ადამიანთან კონტაქტისა და ბუნებრივი ქცევების შეცვლის გამო ისინი დამოუკიდებლად ვეღარ გადარჩებოდნენ. ამიტომ მოქალაქემ დახმარებისთვის თბილისის ზოოპარკს მიმართა.
როგორც ეგზოტიკური ცხოველების განყოფილების უფროსი, კონსტანტინე ფხაკაძე გვიყვება, კვერნები ზოოპარკში დაახლოებით ერთი თვის წინ მოიყვანეს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ადამიანები ფიქრობენ, რომ მარტო დარჩენილი პატარები ობლები არიან და დახმარება სჭირდებათ, თუმცა ყოველთვის ასე არ არის.
ხშირ შემთხვევაში დედა ახლოს არის — ნადირობს, საკვებს ეძებს ან ნაშიერების სხვა ადგილზე გადაყვანის პროცესშია. კონსტანტინე ფხაკაძე განმარტავს, რომ ასეთ დროს ჩარევა ყველაზე დიდი შეცდომაა. პატარებთან მიახლოებაც კი არ არის გამართლებული, რადგან დედამ შეიძლება ადამიანის სუნი საფრთხედ აღიქვას და ამის გამო ნაშიერებთან აღარ დაბრუნდეს.
თბილისის ზოოპარკს დღეს ახალი ცხოველების მიღების რესურსი პრაქტიკულად აღარ აქვს. ძველი ზოოპარკის ტერიტორია გადატვირთულია, ყველა ძირითადი რესურსი კი ახალი ზოოპარკის მშენებლობას ხმარდება.
ნიცას, ელვისს და ოლივერს თავდაპირველად მხოლოდ ეგზოტარიუმში მოეძებნათ ადგილი. თუმცა ასეთი აქტიური და მოძრავი ცხოველებისთვის ეს პატარა და დახურული ტერიტორია შესაფერისი ვერ იქნებოდა. ამიტომ ზოოპარკის თანამშრომლებმა საკუთარი ძალებითა და რესურსით დროებითი გარე ვოლიერი მოაწყვეს, სადაც კვერნებს უკვე მეტი სივრცე, სუფთა ჰაერი და აქტიური მოძრაობის შესაძლებლობა მიეცათ.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.