ახალი წესები უცხოელებისთვის: ხელისუფლება ბინადრობის, ქორწინების, სწავლებისა და გაძევების პირობებს ცვლის
ახალი წესები უცხოელებისთვის
“ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის კანონს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და აცხადებს, რომ ინიციატივა, არალეგალურ მიგრაციასთან უფრო ეფექტიან ბრძოლას ისახავს მიზნად.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები განსაზღვრავს დამატებით სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმისთვის, ასევე საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და უცხოელის გაძევებისთვის. ამავე პაკეტში შედის უცხოელის მიმალვის საფრთხის შეფასების ახალი კრიტერიუმები და ფიქციური ქორწინების გამოვლენის მექანიზმები.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა 23 ივნისს პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილებების ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელიც განმარტავს, რომ ახალი წესები პასუხობს “თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს“ და უნდა შექმნას უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემა.
ახალი მოთხოვნები უცხოელი სტუდენტებისთვის
ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელი სტუდენტების მიღების წესს ეხება. ახალი რეგულაციით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვისთვის უცხოელ სტუდენტებს შეიძლება მოეთხოვოთ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენა ან/და ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული უცხო ენის ან სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.
ხელისუფლების განმარტებით, ამ გზით უნდა გამოირიცხოს შემთხვევები, როცა სტუდენტი უცხოენოვან პროგრამაზე ირიცხება შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის გარეშე.
კანონპროექტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეკისრებათ ვალდებულება, უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვა, სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, მობილობა და სწავლის დასრულება ერთიან საინფორმაციო სისტემაში ასახონ. ამ მონაცემებზე წვდომა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ.
ამასთან, სასწავლებლებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევის შემთხვევაში. სანქციად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ისე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა.
საკანონმდებლო პაკეტი ცვლის სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ წესებსაც. ახალი მიდგომით, ასეთი ნებართვა სრულწლოვან პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ის ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს.
ამავე ცვლილებებით განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის გაუქმების საფუძვლებიც. მათ შორისაა შემთხვევები, როდესაც უცხოელი სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, არღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან კანონით განსაზღვრული ვადით ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.
იცვლება ქორწინების საფუძველზე ბინადრობის მიღების წესი
კანონპროექტი ეხება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემასაც.
ცვლილებებით განისაზღვრება ბინადრობის ახალი კატეგორია – საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა, რომელიც უცხოელს მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღებამდე მიეცემა.
ამ ნებართვის გაცემამდე სახელმწიფო ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს. ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ქორწინება რეალური.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება, თუ მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვება.
უცხოელის გაძევება სასჯელის ფორმად განიხილება
კანონპროექტი ამკაცრებს მიდგომას უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზეც. სასჯელის სახედ გათვალისწინებული იქნება საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ორიდან ათ წლამდე ვადით.
ამასთან, შესაძლებელი იქნება სხვა სანქციების გამოყენებაც – ჯარიმა, ერთიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კანონით დადგენილი პირობების დაცვით, ჩანაცვლდეს საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.
ამასთან, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება.
კანონპროექტი ცვლილებებს სასამართლო სამართალწარმოების ნაწილშიც ითვალისწინებს. კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმეთა განხილვის უფრო შემჭიდროებული ვადები, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაძლებელი გახდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაც.