პოლონეთი და უკრაინა უკრაინის მეამბოხე არმიის როლზე კამათობენ
კონფლიქტი პოლონეთსა და უკრაინას შორის

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ საპატიო სახელწოდება მიანიჭა. პოლონელებისთვის UPA, უკრაინის მეამბოხე არმია, კვლავ ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მთავარი პასუხისმგებელია.
ნავროცკის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ზელენსკიმ და უკრაინის სხვა ოფიციალურმა პირებმა პოლონური ჯილდოები დააბრუნეს და ვარშავა მოსკოვის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულეს. თუმცა პოლონეთშიც ხაზს უსვამენ, რომ ამ კონფლიქტით მხოლოდ კრემლი სარგებლობს.
პოლონეთსა და უკრაინას შორის UPA-ს გარშემო დავა ათწლეულებია გრძელდება, თუმცა ამჟამინდელი გამწვავება მხოლოდ ისტორიის მორიგი კონფლიქტი არ არის. როგორც ისტორიული მეხსიერებისა და სამხედრო ისტორიის სპეციალისტი კონსტანტინ პახალიუკი აღნიშნავს, ეს არის „პოლიტიკური ჩიხის შედეგი“, რომელშიც ორივე მხარე ომის მეხუთე წელს აღმოჩნდა. ისტორიკოსთან ერთად „ნოვაია ევროპა“ კონფლიქტის მიზეზებს იკვლევს.
“ნოვაია გაზეტა ევროპას” სტატია
რა მოხდა?
პოლონეთსა და უკრაინას შორის ისტორიული კონფლიქტი გამწვავდა. ამ კონფლიქტის საფუძველია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოვლენა, კერძოდ, უკრაინის მეამბოხე არმიის (UPA) როლი, რომლის შესახებაც ორ ქვეყანას მრავალწლიანი დავა აქვს.
26 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრს მიენიჭა საპატიო სახელწოდება – „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირები“.
ამის შემდეგ კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პრეზიდენტობამდე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება „დიდი მწუხარებით“ მიიღო და მას „არაგონივრული“ და „გაუთვლელი“ უწოდა.
19 ივნისს ნავროცკიმ ზელენსკის ჩამოართვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი, რომელიც ზელენსკიმ 2023 წელს, პრეზიდენტ ანდჟეი დუდასგან მიიღო.
„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, განადიდოს UPA, არა მხოლოდ აღმაშფოთებელია, არამედ გაუგებარიც და ღრმა იმედგაცრუებას იწვევს. ეს დარტყმაა არა მხოლოდ ისტორიული მეხსიერებისთვის, არამედ იმ ნდობისთვისაც, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა. ეს დარტყმაა შერიგების საფუძვლებისთვის და რწმენისთვის, რომ სიმართლე შეიძლება იყოს ჩვენი ხალხების საერთო ენა“, – განაცხადა ნავროცკიმ.
თუმცა გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც უნდა დაამტკიცოს.
დაპირისპირება უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ღონისძიება 25-26 ივნისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღებას თავად ზელენსკიც გეგმავს.
რა არის ვოლინის ტრაგედია?
ვოლინის ხოცვა-ჟლეტის სახელითაა ცნობილი 1943-1945 წლებში უკრაინის ამბოხებულთა არმიის მიერ პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები.
პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს უფროსი ანალიტიკოსის, სლავომირ სიერადცკის თქმით, UPA-ს მიზანი იყო დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს შექმნა და ადგილობრივი უკრაინელები ხშირად უერთდებოდნენ მის დანაყოფებს. მოვლენები ხდებოდა ვოლინში (ახლანდელი დასავლეთ უკრაინა) და მეზობელ სავოევოდებში, რომლებიც მაშინ მესამე რაიხის მიერ იყო ოკუპირებული და დასახლებული პოლონელებით, უკრაინელებით და სხვა ეთნიკური ჯგუფებით.
პოლონელი ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ UPA-ს თავდასხმების შედეგად 40 000-დან 100 000-მდე პოლონელი დაიღუპა – ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. ისინი სასტიკად მოკლეს და სოფლები გადაწვეს. თუმცა, ზოგიერთი უკრაინელი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ციფრები გაზვიადებულია და პოლონელთა მხარეს მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება 30 000-35 000-ს აღწევდეს.
სიერადცკი ხაზს უსვამს, რომ დანაშაულები ცალმხრივი არ იყო: პოლონურმა მიწისქვეშეთმა საპასუხო ქმედებები განახორციელა, რასაც დაახლოებით 2000-3000 უკრაინელი ემსხვერპლა. თუმცა, მსხვერპლის მასშტაბები შეუდარებელია.
ვოლინის ხოცვა-ჟლეტის ათასობით მსხვერპლი დღემდე სათანადოდ არ არის დაკრძალული. 1994 წელს მხარეებმა მემორიალური ადგილების დაცვის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც რამდენიმე ექსჰუმაცია ჩატარდა. თუმცა 2017 წელს უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონელი მსხვერპლების ექსჰუმაციაზე მორატორიუმი დააწესა. ეს გადაწყვეტილება პოლონელი აქტივისტების მიერ ჰრუშოვიცეში UPA-ს ძეგლის დემონტაჟს მოჰყვა.
2024 წელს, მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა ექსჰუმაციის სამუშაოების განახლებას დათანხმდა, ხოლო 2025 წლის იანვარში მხარეებმა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა პოლონეთში აცხადებენ, რომ პროცესი ზედმეტად ნელა მიმდინარეობს და უკრაინული მხარის მიერ შექმნილ ადმინისტრაციულ დაბრკოლებებს აწყდება.

რატომ არის უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი პოლონეთისთვის?
„პოლონური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“ უკრაინის მეამბოხე არმია (UPA) მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მთავარი პასუხისმგებელია, აღნიშნა ნავროცკიმ თავის განცხადებაში.
2016 წელს პოლონეთის სეიმმა უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (OUN) და უკრაინის მეამბოხე არმიის (UPA) მიერ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა. ამ გადაწყვეტილებით 11 ივლისი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
„ვოლინში, აღმოსავლეთ გალიციაში, ლუბლინისა და პოდკარპატიეს რეგიონებში UPA-მ სულ მცირე 100 000 პოლონელი მოქალაქე მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლონელები, ებრაელები ან სხვა უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ“, – განაცხადა ნავროცკიმ.
პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის მეამბოხე არმია მხოლოდ პარტიზანული ფორმირება არ ყოფილა. ის უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (OUN) შემადგენლობაში მოქმედი ორგანიზებული შეიარაღებული სტრუქტურა იყო. ინსტიტუტის პოზიციით, UPA-ს მთავარი მიზანი პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკური განადგურება, ანუ წინასწარ დაგეგმილი გენოციდი იყო, ხოლო საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.
„პოლონეთში ბევრი ადამიანია, რომელთა წინაპრებიც ვოლინის ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს და მათ ეს არ ავიწყდებათ. ეს მტკივნეული თემაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლონელების ისტორიულ მეხსიერებაში. ათწლეულების განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, თუმცა პოლონელები და უკრაინელები ყოველთვის ახერხებდნენ დიალოგისა და მსჯელობისთვის სივრცის პოვნას“, – განუცხადა „ნოვაია ევროპას“ ისტორიული მეხსიერებისა და სამხედრო ისტორიის სპეციალისტმა კონსტანტინ პახალიუკმა.
რას ფიქრობენ უკრაინაში უკრაინის მეამბოხეების არმია
უკრაინელებისთვის UPA დამოუკიდებლობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოა, ხოლო მისი სასტიკი ქმედებები ომისა და ოკუპაციის მძიმე კონტექსტით აიხსნება, აღნიშნავს პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს უფროსი ანალიტიკოსი სლავომირ სიერადცკი.
უკრაინაში UPA-ს პირველ რიგში საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აფასებენ. კატაჟინა სემაანის, პოლონეთის რადიოს ჟურნალისტის თქმით, უკრაინის მეამბოხე არმია პარტიზანებისგან შედგებოდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ, NKVD-ს უწევდნენ წინააღმდეგობას და წლების განმავლობაში დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს იდეის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
„2014 წლის რუსული აგრესიისა და 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბევრი უკრაინელისთვის UPA რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. თანამედროვე უკრაინელი სამხედროებისთვის ეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიციის ნაწილია“, – ამბობს ის.
კონსტანტინ პახალიუკის თქმით, უკრაინული მხარისთვის დღევანდელ სამხედრო ვითარებაში მნიშვნელოვანია გმირული ნარატივის შექმნა. მისი შეფასებით, UPA მნიშვნელოვანია როგორც იმ უკრაინელების მეხსიერება, რომლებიც გარე მტრისა და ორი ოკუპანტის, ჰიტლერისა და სტალინის, წინააღმდეგ იბრძოდნენ.
„უკრაინა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ქვეყანაში, სხვადასხვა შეფასებით, 22-დან 29 მილიონამდე ადამიანი დარჩა, ხოლო ზუსტი მონაცემების დადგენა ომისა და მოსახლეობის აღწერის არარსებობის გამო შეუძლებელია. ამ პირობებში უკრაინელებს სენტიმენტებისთვის ნაკლებად სცალიათ. თუმცა ვერ ვიტყვი, ნამდვილად უწყობს თუ არა UPA-ს განდიდება ხელს საზოგადოების კონსოლიდაციას“, – ამბობს ისტორიკოსი.
რატომ გამწვავდა კონფლიქტი ახლა ახალი ენერგიით?
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, თუმცა ომი უკვე მეხუთე წელია გრძელდება და რუსეთის არმიის დამარცხების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს, ამბობს კონსტანტინ პახალიუკი „ნოვაია ევროპასთან“ საუბარში. მისი თქმით, არჩევანი ან კომპრომისზე გადის, რაც ბევრისთვის მიუღებელია, ან ომის გაგრძელებაზე გაურკვეველი შედეგით.
პახალიუკის შეფასებით, ომის გარშემო პოლიტიკური ჩიხი უკვე ჩამოყალიბდა. უკრაინას დემოკრატიული სამყაროსგან გაცილებით ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო მიმდინარე დაპირისპირება ისტორიული დავა კი არა, სწორედ ამ პოლიტიკური ჩიხის შედეგია.
„წლების განმავლობაში პოლონელები მზად იყვნენ გარკვეულ საკითხებზე თვალი დაეხუჭათ, მაგრამ ომის მეხუთე წელს გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ: რატომ უნდა დავხუჭოთ თვალი იმას, რაც არ მოგვწონს და რაც პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის აგრესიასთან ბრძოლას? ამავე კითხვას სვამს ლუკაშ ადამსკიც: შეუძლია თუ არა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გაამართლოს მის დროს ჩადენილი დანაშაულები? ეს სერიოზული საკითხია. თუმცა არ უნდა გავაზვიადოთ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოების მასშტაბები“, – ამბობს ისტორიკოსი.
როგორი იყო ზელენსკის და უკრაინელი ჩინოვნიკების რეაქცია?
საპასუხოდ, 20 ივნისს ზელენსკიმ თეთრი არწივის ორდენი ვარშავას დაუბრუნა. მისი თქმით, უკრაინაში მიაჩნდათ, რომ 2023 წელს მინიჭებული ჯილდო უკრაინელ ხალხსა და არმიას ეკუთვნოდა.
„ჩვენ გვჯეროდა, რომ თეთრი არწივის ორდენი უკრაინელ ხალხსა და ჩვენს არმიას მიენიჭა. სწორედ ასე იყო ნათქვამი მაშინ. უკრაინა მადლიერია პოლონელი ხალხის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ“, – დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მისი თქმით, უკრაინა კვლავ ღია რჩება პოლონეთთან თანამშრომლობის ყველა ფორმატისთვის, რათა თავიდან აიცილოს „ჩვენი ხალხების წარსულის რთული და მტკივნეული გვერდების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია და პატივი მიაგოს მე-20 საუკუნის ყველა უდანაშაულო მსხვერპლს.
მოგვიანებით ზელენსკიმ ნავროცკი ვიქტორ ორბანს შეადარა და განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკა „ცუდად დასრულდება“.
ზელენსკის შემდეგ პოლონური ჯილდოები დააბრუნეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ.
იუშჩენკოს პრესმდივნის, ირინა ვანიკოვას თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინა-პოლონეთის ერთიანობას ასუსტებს, მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. პოროშენკომაც განაცხადა, რომ „ესკალაციით მხოლოდ ერთი დედაქალაქი სარგებლობს – მოსკოვი“.
„პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას არასწორად და უსამართლოდ მივიჩნევ უკრაინელი ხალხის მიმართ. შემთხვევითი არ არის, რომ მას უკვე მიულოცა მედვედევმა. კრემლი ყოველთვის მიესალმება ყველაფერს, რაც უკრაინისა და პოლონეთის ერთიანობას ასუსტებს“, – დაწერა მან.
კუჩმამ კი განაცხადა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის მეგობრობა და მოკავშირეობრივი ურთიერთობები შენარჩუნდება.
„დღეს მწუხარებასა და შეშფოთებას ვგრძნობ. ერთია, როდესაც მტერი გესხმის თავს. სულ სხვაა, როდესაც მტრობა მეგობრებს აშორებს. კიდევ უფრო საშიშია, როდესაც მეგობრებს საერთო საფრთხე ემუქრებათ“.
პოლონური ჯილდოები ასევე დააბრუნეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ, უკრაინის ელჩმა პოლონეთში ვასილ ბოდნარმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა.
სიბიჰას შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება „სტრატეგიული შეცდომაა“, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი სარგებლობს. ბუდანოვმა განაცხადა, რომ ისტორიის როგორც გმირული, ისე ტრაგიკული გვერდები სიღრმისეული გააზრების საგანი უნდა იყოს და არა „უხეში პოლიტიკური სპეკულაციების“.
„უკრაინა არცერთ ერს არ კარნახობს, როგორ ასწავლოს საკუთარი ისტორია. ამიტომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თავად განვსაზღვროთ ჩვენი ეროვნული მეხსიერება და ღირსება“, – თქვა მან.
ბოდნარმაც განაცხადა, რომ მსგავსი დაპირისპირებებიდან საბოლოოდ „ყოველთვის მოსკოვი იგებს“.ოსაზრება, რომ ასეთი კამათები „ყოველთვის მოსკოვის გამარჯვებით მთავრდება“.
რას ამბობენ პოლონელი პოლიტიკოსები?
პოლონელი პოლიტიკოსები, ისევე როგორც უკრაინელი ოფიციალური პირები, აცხადებენ, რომ ამ დაპირისპირებით მხოლოდ ვლადიმირ პუტინი სარგებლობს. ნავროცკის თქმით, უკრაინას „უნდა ახსოვდეს, რომ კრემლის ინტერესებს არაფერი ემსახურება ისე, როგორც პოლონელებსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტი“. მისი შეფასებით, ისტორიულ მეხსიერებასთან დაკავშირებული დავები ასუსტებს ერებს და „აძლიერებს მათ, ვინც ევროპის გაყოფასა და დაპყრობას ცდილობს“.
ნავროცკიმ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა როგორც 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ისე მის შემდეგ. მისი თქმით, პოლონეთმა გახსნა საზღვრები, შეიფარა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი, გაუწია ფინანსური დახმარება და გაწვრთნა უკრაინელი სამხედროები.
„ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი ახლა UPA-ს სახელით მსახურობს. ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა მან.

ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არ ცვლის პოლონეთის სტრატეგიულ პოლიტიკას უსაფრთხოების სფეროში. მისი თქმით, პოლონეთი კვლავ მიიჩნევს რუსეთს აგრესორად, ხოლო ვლადიმირ პუტინს – ომის დამნაშავედ, და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის შეფასებით, „ისტორიისა და ორდენების ომიდან გამარჯვებული მხოლოდ მოსკოვი შეიძლება გამოვიდეს“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ნავროცკის პოლიტიკური ოპონენტია, მხარეებს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს ახარებს და მოკავშირეებს შოკში აგდებს“.
„ფრონტის ხაზი სხვა მიმართულებით გადის“, – დაწერა ტუსკმა.
თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლონეთში „ღრმა ტკივილს, შეშფოთებასა და პროტესტს“ იწვევს. მისი თქმით, პოლონეთი ომის პირველივე საათებიდან უკრაინის მხარეს იდგა, რადგან „თავისუფალი უკრაინა პოლონეთისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების გარანტიაცაა“.
კოსინიაკ-კამიშის შეფასებით, უკრაინის ზოგიერთი მოქალაქისთვის UPA შეიძლება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო იყოს, თუმცა პოლონელებისთვის ის „არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნეიტრალური სიმბოლო, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმბოლო“.
როგორ რეაგირებს მოსკოვი დავაზე?
პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს უფროსი ანალიტიკოსის, სლავომირ სიერადცკის თქმით, მოსკოვი აქტიურად იყენებს პოლონეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ დაპირისპირებას. რუსული პროპაგანდა აჭარბებს პოლონეთის ტერიტორიული პრეტენზიებისა და გადაუჭრელი ისტორიული დავების მნიშვნელობას, პოლონეთს უკრაინის სისუსტით მოსარგებლე სახელმწიფოდ წარმოაჩენს, ხოლო უკრაინას – უმადურ მოკავშირედ.
მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინის მიერ დაბრუნებულ ორდენებს „ჩაბარებული“ უწოდა და პოლონეთს ურჩია, ისინი არ შეენახა, არამედ კანადაში გაეგზავნა, „სხვა ნაცისტ კოლაბორაციონისტებთან“.
„ზელენსკის შემდეგ ისინი სიამოვნებით ატარებენ ამ ორდენებს. ვინმემ იცის, გერინგს ეს პრინციპული ჯილდო ჩამოართვეს თუ თავად თქვა მასზე უარი?“ – განაცხადა ზახაროვამ.
რატომ ვერ მიაღწიეს უკრაინამ და პოლონეთმა კონსენსუსს ჯერ კიდევ?
როგორც პოლონელი ისტორიკოსი ლუკაშ ადამსკი აღნიშნავს, ეს კონფლიქტი მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებასა და ეროვნულ გმირებს აღარ ეხება. „ნოვაია ევროპასთან“ საუბარში კონსტანტინ პახალიუკიც იმავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და სვამს მთავარ კითხვას: შეიძლება თუ არა ადამიანის უკვდავყოფა, თუ ის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, მაგრამ ამავე დროს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებიც აქვს ჩადენილი?
„ამ კითხვის გაფართოებაც შეიძლება: დასაშვებია თუ არა ბოგდან ხმელნიცკის ძეგლების აღმართვა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ებრაელებისთვის ის, ფაქტობრივად, XVII საუკუნის ჰიტლერი იყო? დასაშვებია თუ არა თეთრი მოძრაობის ხსოვნის აღნიშვნა, რომელსაც მრავალი პოგრომი უკავშირდება? უნდა დარჩეს თუ არა ლენინის ძეგლები და მავზოლეუმი, თუ გავითვალისწინებთ წითელ ტერორს, რომელიც გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე თეთრი ტერორი? იგივე კითხვა შეიძლება დაისვას ისრაელთან დაკავშირებითაც: დასაშვებია თუ არა იმ შეიარაღებული ჯგუფების გმირობის აღნიშვნა, რომლებიც ბრიტანელების წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს აწყობდნენ? როგორ შეიძლება ისრაელის სახელმწიფოს შექმნის გმირული ნარატივის შეთავსება ნაკბასთან?“ – მსჯელობს ისტორიკოსი.
პახალიუკის თქმით, გმირობის აღიარება ავტომატურად არ ნიშნავს ჩადენილი დანაშაულების გამართლებას. თუმცა თავად დანაშაულების არსებობა აჩენს კითხვას, რამდენად მისაღებია მსგავსი ისტორიული ფიგურებისა თუ მოძრაობების ოფიციალური გმირიზაცია.
მისი შეფასებით, პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული დაპირისპირება დღეს უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, ვიდრე ისტორიული. წარსულის მძიმე მოვლენები პერიოდულად კვლავ იჩენს თავს და ამაში „არაფერია უჩვეულო“.
„ამ კონფლიქტიდან არც პოლონეთი და არც უკრაინა არაფერს იგებს“, – ამბობს ექსპერტი. მისი აზრით, საბოლოოდ ეს დავა „მეტ-ნაკლებად ნორმალურად“ დასრულდება.
exchange