იძულებითი ბოდიში კამერის წინ - ზეწოლის ახალი მექანიზმი აზერბაიჯანში
საჯარო ბოდიშის ვიდეოები აზერბაიჯანში

თავდაპირველად ადამიანი სოციალურ ქსელში ჩივის: სახლის ხარისხზე, ჩინოვნიკების ქმედებებზე, უსამართლობაზე ან კორუფციაზე. ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება, თუმცა სულ რაღაც ერთ ან რამდენიმე დღეში ჩნდება მეორე ვიდერგოლი, სადაც იგივე ადამიანი ოფიციალური ტონით აცხადებს, რომ შეცდა, არავისთან პრეტენზია არ აქვს, ნათქვამის გამო წუხს და მადლობელია ხელისუფლების.
აზერბაიჯანში მსგავსი სამადლობელო თუ საჯარო ბოდიშის ვიდეოები დიდი ხანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობის ნაწილად იქცა. ისინი იშვიათად ჰგავს ნებაყოფლობით განმარტებას – უფრო ძალაუფლების დემონსტრირება და სხვების გაფრთხილებაა. ამასთან, დარტყმის ქვეშ მხოლოდ პოლიტიკოსები, აქტივისტები ან ჟურნალისტები კი არა, რიგითი მოქალაქეებიც ხვდებიან.
„Meydan TV“ არკვევდა, როგორ მუშაობს საჯარო ბოდიშის ვიდეოების მექანიზმი და რატომ შეიძლება მათი სამიზნე პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი გახდეს.
Meydan TV-ს მასალა.
_____________________________________________________
ჯერ საჩივარი და კრიტიკა, შემდეგ კი ბოდიში
ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა ჯაბრაილის რაიონის მცხოვრებს გადახდა. ეს ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაბრუნდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენისა და იქ ყოფილი იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების პროგრამა დაიწყო.
ამ პროცესის ფარგლებში მამაკაცმა ახალი საცხოვრებელი მიიღო. თუმცა, გადასახლების შემდეგ მან ჩაწერა ვიდეო, სადაც სახლის ხარისხზე ჩიოდა. მომდევნო დღესვე ქსელში სხვა ვიდეო გამოჩნდა — ამჯერად ის აცხადებდა, რომ არავისთან პრეტენზია არ ჰქონდა და თავისი საქციელის გამო წუხდა.
მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2022 წელსაც. მაშინ სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე გზა გადაკეტეს საავტომობილო ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. სატვირთოებზე მათ დააწერეს, რომ პროდუქტი გაუფუჭდათ, თავად კი გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ. მომდევნო დღესვე გამოქვეყნდა მათი საჯარო ბოდიშის ვიდეოები. აქციის შემდეგ ორივე მძღოლს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იმავე წელს გავრცელდა სანან ახმედოვის “საბოდიშო” ვიდეოც – ის ყარაბაღის ბრძოლებში დაღუპული საბუხი ახმედოვის ძმაა. მანამდე სანან ახმედოვმა განაცხადა, რომ ძმას კომანდოსთა ბრიგადაში მისაღებად თითქოს 6 ათასი მანათის ოდენობის ქრთამი გამოსძალეს. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ის ვიდეორგოლში გამოჩნდა, სადაც უკვე ბოდიშს იხდიდა.
რისთვის არის საჭირო საჯარო ბოდიშის ვიდეოები?
იურისტი ემინ აბასოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადამიანის იძულებას, მოიხადოს ბოდიში. პირიქით, მისი თქმით, სწორედ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები არიან ვალდებულნი, დაიცვან მოქალაქეები მსგავსი მოპყრობისგან.
„სახელმწიფო საბოდიშო ვიდეოებს იყენებს ადამიანების დასამცირებლად, მათი რეპუტაციისა და მათდამი ნდობის შესალახად, მათ დასასჯელად მუქარისა და ზეწოლის გზით. ეს ასევე არის გზავნილი სხვებისთვის: არ გაიმეოროთ ის ქცევა, რომელსაც სახელმწიფო მიუღებლად მიიჩნევს“, — ამბობს აბასოვი.
ამ გაგებით, ასეთი რგოლები მხოლოდ ინდივიდუალური სასჯელის სახით არ მუშაობს. მათი საჯაროობა კერძო შემთხვევას მთელი საზოგადოების გაფრთხილებად აქცევს. ადამიანი, რომელიც გუშინ პრობლემაზე საუბრობდა, მომდევნო დღეს კამერის წინ უკვე სხვა სტატუსით ჩნდება — მონანიებული, გატეხილი ან საკუთარ სიტყვებზე უარის თქმის იძულებული.
წამების ქვეშ აღიარებიდან სოციალური ქსელების ვიდეოებამდე
ისტორიულად, აღიარება დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ითვლებოდა. ადამიანებს ხშირად წამების ფასად აიძულებდნენ აღიარებას. თანამედროვე სამართლებრივ სისტემებს ეს პრაქტიკა წარსულში უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ ავტორიტარულმა რეჟიმებმა ის ახალ პირობებს მოარგეს: წამების კამერის ნაცვლად — ვიდეოკამერა, სასამართლო ოქმის ნაცვლად კი — ტელევიზიისა თუ სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ვიდეო.
მიზანი კი უცვლელი დარჩა — მორჩილების მიღწევა და ძალის დემონსტრირება.
იძულებითი აღიარებები ძველი სასამართლო სისტემების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი იყო როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. საუკუნეების განმავლობაში, ნებისმიერი საშუალებით მოპოვებული აღიარება ხშირად განაჩენის გამოტანისა და დასჯის მთავარ პირობად მიიჩნეოდა. დღეს მსგავსი პრაქტიკა ფორმალურად ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და ადამიანის ღირსების დაცვის პრინციპებს. თუმცა ავტორიტარულ სისტემებში ის აგრძელებს არსებობას — უკვე განახლებული, მედიაფორმის მქონე სახით.
მსგავსი აღიარებები და მონანიებები ყველაზე ხშირად გამოიყენება ჟურნალისტების, უფლებადამცველების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. თუმცა აზერბაიჯანული მაგალითი აჩვენებს, რომ პოტენციური სამიზნეების წრე შეიძლება ბევრად ფართო იყოს.
კიდევ სად იყენებენ იძულებით აღიარებებს?
საჯარო აღიარებებისა და ბოდიშის ვიდეოების პრაქტიკა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის არ არის დამახასიათებელი. ის გამოიყენება იმ ქვეყნებშიც, სადაც სახელმწიფო ცდილობს გააკონტროლოს არა მხოლოდ პოლიტიკური ველი, არამედ უკმაყოფილების საჯარო გამოხატვაც.
ირანში, რუსეთში, ჩინეთში, ბელარუსსა და სხვა ავტორიტარულ თუ რეპრესიულ სისტემებში ასეთ ვიდეოებს ხშირად იყენებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაც ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება. ესენი შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, აქტივისტები, უფლებადამცველები ან ოპოზიციის წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ირანში 2009-დან 2019 წლამდე პერიოდში იძულებითი აღიარების მინიმუმ 355 ვიდეორგოლი აჩვენეს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა უკავშირდება ირანელ ჟურნალისტ რუჰოლა ზამს, რომელიც ირანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. მისი დაკავებიდან მალევე, სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ვიდეო, სადაც ის თვალებახვეული, ავტომობილში მჯდომი ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ შეცდა, როდესაც ირანის გარდა სხვა ქვეყნების მთავრობებს ენდობოდა. მოგვიანებით ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯეს.
კიდევ ერთი გახმაურებული მაგალითია ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტი რომან პროტასევიჩი. 2021 წელს, Telegram-არხ „NEXTA“-ში ბელარუსის ხელისუფლების მაკრიტიკებელი პუბლიკაციების შემდეგ, მინსკში „Ryanair“-ის თვითმფრინავის იძულებითი დასმის შედეგად ის ქვეყანაში დააბრუნეს. მოგვიანებით სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა 90-წუთიანი ვიდეო, სადაც პროტასევიჩი თვალცრემლიანი აქებს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.
თუმცა საჯარო ბოდიშის პრაქტიკა მხოლოდ იმ ქვეყნებში როდი შეიმჩნევა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ყველაზე მკაცრ მაგალითებად მოჰყავთ. სხვადასხვა ფორმით ის გვხვდება ცენტრალურ აზიაშიც — მათ შორის ყაზახეთსა და ყირგიზეთში. იქ საჯარო ბოდიშის ვიდეოები ასევე შეიძლება იქცეს ზეწოლის, საჯარო დამცირების ან იმის დემონსტრირების საშუალებად, თუ ვინ აკონტროლებს დასაშვები გამოხატვის საზღვრებს.
როგორ არის საქმე ყაზახეთში?
ყაზახეთში „დამნაშავეთა“ საჯარო ბოდიში დიდი ხანია საზოგადოებრივი პრაქტიკის ნაწილად იქცა. ხანდახან საქმე ეხება საყოფაცხოვრებო სიტუაციებს — მაგალითად, როდესაც ადამიანი ბოდიშს იხდის უხამსი ქცევის ან ავარიის გამო. მაგრამ სხვა შემთხვევებში ბოდიში არა ნებაყოფლობით მონანიებას, არამედ იმის ჩვენებას ჰგავს, თუ „ვინ არის სახლში უფროსი“. ამ გაგებით, ყაზახური სურათი დიდწილად ჰგავს აზერბაიჯანულს.
საკმაოდ ხშირად ასეთი ბოდიშები უკავშირდება სენსიტიურ საზოგადოებრივ თემებს — მაგალითად, ენის საკითხს. ასე, თავის დროზე საჯარო ბოდიშის მოხდა მოუწია ბიზნესმენ რავილ მუხორიაპოვს. მან განაცხადა, რომ ყაზახურ ენაზე პასუხის გაცემა, როდესაც კითხვა რუსულად იყო დასმული, „კულტურის არქონის“ ნიშანია. კრიტიკისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების მიერ პოლიციაში შეტანილი განცხადების შემდეგ, სამართალდამცავებმა შუღლის შესაძლო გაღვივების ფაქტზე შემოწმება დაიწყეს. მალევე მუხორიაპოვმა საჯარო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. მოგვიანებით საქმე შეწყდა, რადგან პოლიციამ დანაშაულის შემადგენლობა ვერ იპოვა.
სხვა თვალსაჩინო მაგალითია არტისტი ნურტას ადამბაი. ორი წლის წინ მან საჯარო ბოდიში მოიხადა ერთბაშად რამდენიმე პოლიტიკოსის წინაშე, მათ შორის ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის, ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს, ასევე მაჟილისის დეპუტატ რინატ ზაიტოვის წინაშე. თავის პუბლიკაციებში ის ადრინდელ კრიტიკას „სისულელით“ ხსნიდა და ადრესატებს საქმიანობისთვის მადლობას უხდიდა.
სულ ახლახან ბოდიში მოიხადა ჟურნალისტმა ბოტაგოზ ომაროვამაც. მარტის ბოლოს ის შინაპატიმრობაში მოათავსეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს წინასწარი შეცნობით ყალბი ინფორმაციის გავრცელების ეჭვით. მაისში მის Telegram-არხზე გამოჩნდა ოფიციალური უარყოფის წერილი: ომაროვამ აღიარა, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაცია კომპანია „VD Stroy Engineering“-ის მხრიდან „Ремстрой-1“-ის მუშების მიმართ არსებული სავარაუდო ვალების შესახებ „სინამდვილეს არ შეესაბამებოდა“. მან ასევე ბოდიში მოიხადა აუდიტორიისა და მათ წინაშე, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა. იმავე დღეს ასტანის პოლიციამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე მხარეთა შერიგების გამო შეწყდა, ხოლო შინაპატიმრობა გაუქმდა.
ხანდახან მსგავსი პრაქტიკა რიგით მოქალაქეებსაც ეხება. 2021 წლის შემოდგომაზე პავლოდარის ოლქში, სოფლის აქიმატის (ადგილობრივი მერიის) თანამშრომლებმა ბოდიშის მოხდა აიძულეს პენსიონერ ქალს, რომელმაც ძლიერი თოვა ვიდეოზე გადაიღო. ქალმა ვიდეო ნათესავებს გაუგზავნა, თუმცა ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მომდევნო დღეს მასთან აქიმატის თანამშრომლები მივიდნენ, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა პრეტენზია ჩინოვნიკებთან, და კამერით გადაიღეს. ამის შემდეგ მისი საბოდიშო ვიდეო WhatsApp-ის ადგილობრივ საინფორმაციო ჯგუფში გამოჩნდა. მოგვიანებით, საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, უკვე რაიონის აქიმმა (გამგებელმა) მოუხადა ბოდიში თავად პენსიონერს ხელქვეითების ქმედებების გამო.
სიტყვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ფონდ „Әділ сөз“-ის ხელმძღვანელმა კარლიგაშ ჯამანკულოვამ იძულებითი ბოდიშების პრაქტიკას „ნდობის ეროზია“ უწოდა. მისი თქმით, ბოდიშის მოხდის იძულება არ არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, არამედ საზოგადოებრივი აზრის მართვის საშუალებაა, თანაც უხეში: ის ძირს უთხრის ნდობას სამართალდამცავი ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.
როგორ არის საქმე ყირგიზეთში?
ყირგიზეთში საჯარო ბოდიშები ასევე რეგულარულ პრაქტიკად იქცა. ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ან ბლოგერებთან საუბარს ხშირად „პროფილაქტიკურ გასაუბრებას“ უწოდებენ. თუმცა პრაქტიკაში ამის მიღმა შესაძლოა იდგეს დაკითხვა, ზეწოლა ან დაშინება — ყოველგვარი სრულფასოვანი საპროცესო სტატუსის, უწყებისა და დაცვის გარანტიების გარეშე.
2025 წლის დეკემბერში ყირგიზი ქალი რუსი ბლოგერის ვიდეოში მოხვდა და მისი ინტერვიუ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მხრიდან შემოწმების მიზეზი გახდა. გოგონა უწყებაში მიიყვანეს, მასთან „განმარტებითი სამუშაო“ ჩაატარეს, რის შემდეგაც მან ჩაწერა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდიდა ყველას, ვისაც მისმა სიტყვებმა შესაძლოა შეურაცხყოფა მიაყენა.
2025 წლის აპრილში მსგავსი ფორმატი გამოიყენეს საბაჟოს თანამშრომლის მიმართ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში საპატრულო პოლიციისგან მიმალვას ცდილობდა და მათ შეურაცხყოფას აყენებდა. ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის (ГКНБ) ჩარევის შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ის თავისი ქმედებების გამო ბოდიშს იხდის. მოგვიანებით საბაჟო სამსახურმა ის უწყების დისკრედიტაციისთვის სამსახურიდან გაათავისუფლა.
იმავე წლის მაისში ბიშკეკელმა აიბეკ ულანოვმა საჯარო ბოდიში მოუხადა ყირგიზეთის ქალებს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის მისამართით. ახალი რეზონანსის შემდეგ ის განმეორებით დააკავეს, შემდეგ კი 100 ათასი სომით დააჯარიმეს.
ცალკე ხაზია — ზეწოლა სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ პუბლიკაციების შემდეგ. ასე მაგალითად, ბლოგერმა ალტინაი ჯუმ, პოპულარული გვერდის „babskii_blog“-ის მფლობელმა, 2025 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის კრიზისზე დაწერა. ამის შემდეგ ის ГКНБ-ში დაიბარეს. უწყებიდან გამოსულმა, მან სპეცსამსახური „მეგობრულობისთვის“ შეაქო და თავისი პოსტები წაშალა. მან ეს იმით ახსნა, რომ პუბლიკაციების ქვეშ სხვა ადამიანების კომენტარებზე პასუხისმგებლობა, რატომღაც, შესაძლოა მას დაკისრებოდა.
საჯარო ბოდიშები ჟურნალისტებსაც შეეხო. 2025 წლის მაისის ბოლოს ГКНბ-მ დამოუკიდებელი გამოცემა „კლოოპის“ თანამშრომლების მასობრივი დაკავებები განახორციელა. დაკავებულთა უმეტესობა მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა სპეცსამსახურმა გამოცემის რამდენიმე მოქმედი და ყოფილი თანამშრომლის საბოდიშო ვიდეოები გამოაქვეყნა. კამერის წინ ისინი პატიებას სთხოვდნენ „ყირგიზეთის ხალხს“ იმის გამო, რომ თითქოს „ჩირქს ცხებდნენ პრეზიდენტსა და მის უახლოეს გარემოცვას“, და პირობას დებდნენ, რომ შეწყვეტდნენ თანამშრომლობას „კლოოპ მედიასთან“.
ჟურნალისტიკისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია „სპუტნიკის“ შეფ-რედაქტორ ერკინ ალიმბეკოვსაც. ეს მოხდა 2023 წლის ბოლოს, ბატკენის ოლქში სამშენებლო კონტრაქტორების შესახებ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებიც პრეზიდენტის საქმეთა მმართველთან, კანიბეკ ტუმანბაევთან იყვნენ დაკავშირებულნი. ალიმბეკოვი არ დაუკავებიათ, თუმცა გამოცემა საჯაროდ გააკრიტიკეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხოლო გამოძიებაზე კომენტარი თავად პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა გააკეთა. საბოლოოდ, ალიმბეკოვმა თავად ჩაწერა ვიდეო, სადაც ბოდიში მოიხადა „მიყენებული უხერხულობისთვის“.
მსგავსი პრაქტიკა ადრეც არსებობდა. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყირგიზეთის ხელისუფლება რეგულარულად სთხოვდა ბოდიშის მოხდას ექიმებსა და მოქალაქეებს ნიღბების, ხელთათმანების, ანტისეპტიკების, მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის კრიტიკის გამო. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა უკავშირდება ექიმ ბექტურ აპიშევს: მან მედიკოსებში ხარისხიანი ნიღბების არარსებობაზე ისაუბრა, მალევე კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და თავის სიტყვებს უარყოფს.
მაშინვე ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ ბიშკეკელ ელდიარ ჟოლდოშევს, რომელიც ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლაში უმოქმედობის გამო აკრიტიკებდა. საჯარო ბოდიშის ვიდეოს გადაღებაზე უარის თქმის შემდეგ, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „შუღლის გაღვივების“ მუხლით. მისი გამონათქვამების შესამოწმებლად ლინგვისტები ჩართეს — და 2026 წლისთვის მსგავსი ექსპერტიზები უკვე კრიტიკოსებზე ზეწოლის ჩვეულებრივ ნაწილად იქცა.
სკანდალების სერიისა და ყირგიზეთში სიტყვის თავისუფლების დონის ვარდნის შემდეგ, პრეზიდენტის პრესმდივანმა ასკატ ალაგოზოვმა 2026 წლის მარტში განაცხადა, რომ სამართალდამცავებს ეძლევათ რეკომენდაცია, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ბიზნესმენების მიმართ გამოიყენონ „პრევენციული ზომები“, რომლებიც არ არის დაკავშირებული პატიმრობასთან. პრაქტიკაში, დამამცირებელი ვიდეოები საკუთარ სიტყვებზე უარის თქმით, დანაშაულის აღიარებით ან თვითცილისწამებით, შესაძლოა სწორედ ასეთი „პრევენციული ზომების“ ნაწილი გახდეს.
რით განსხვავდება აზერბაიჯანული პრაქტიკა სხვა მაგალითებისგან?
საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი ვიდეოები ყველაზე ხშირად გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მიერ უკვე აღიქმებიან პოლიტიკურ ოპონენტებად: ჟურნალისტების, აქტივისტების, უფლებადამცველების, ოპოზიციონერების მიმართ.
აზერბაიჯანში კი, ცნობილი შემთხვევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ინსტრუმენტი ბევრად უფრო ფართოდ გამოიყენება. დარტყმის ქვეშ შეიძლება მოხვდეს არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწე, არამედ რიგითი მოქალაქეც, რომელიც ცხოვრების პირობებზე აწუწუნდა, სავარაუდო კორუფციაზე ისაუბრა ან სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებით უკმაყოფილება გამოხატა.
როგორ გამოიყურება ასეთი ვიდეოები?
მსგავს რგოლებს ხშირად აქვთ საერთო ნიშნები. ადამიანი საუბრობს მონოტონურად და ოფიციალურად. მისი მეტყველება ჟღერს არა როგორც ცოცხალი თხრობა, არამედ როგორც წინასწარ დაწერილი და ზეპირად დასწავლილი ტექსტი. ფორმულირებები ხშირად ზედმეტად ფრთხილი, ბიუროკრატიული ან არაბუნებრივია ჩვეულებრივი, სპონტანური მეტყველებისთვის.
თვალში საცემია ადამიანის ქცევაც კადრში: დაძაბული პოზა, შებოჭილი მიმიკა, ემოციური თავისუფლების არქონა. ხშირად ასეთი ვიდეოები ოფიციალური იერის მქონე შენობებშია გადაღებული. ადამიანი, როგორც წესი, მარტო იჯდება კამერის წინ, თანამოსაუბრის გარეშე, კითხვების დასმისა თუ გარემოებების განმარტების შესაძლებლობის გარეშე.
შინაარსიც მეორდება. ადამიანი სინანულს გამოთქვამს თავისი საქციელის გამო, უარს ამბობს ადრინდელ სიტყვებზე, აცხადებს, რომ შეცდა და ხანდახან აქებს ხელისუფლების წარმომადგენლებს ან სახელმწიფო სტრუქტურებს. შედეგად, მაყურებელს უჩვენებენ არა განმარტებას, არამედ მორჩილების აქტს.
ამასთან, გარედან იმის დამტკიცება, რომ კონკრეტული ვიდეო პირდაპირი ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა, ყოველთვის შეუძლებელია. თუმცა თავად ფორმატის განმეორებადობა, კრიტიკული განცხადებების შემდეგ ასეთი რგოლების გამოჩენის სიჩქარე და მეტყველების ხასიათი იძულების მყარ განცდას ქმნის.
იურისტი ემინ აბასოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ინსტრუმენტს უკვე მრავალი წელია იყენებს, ამიტომ საზოგადოებას მთლიანობაში არ სჯერა მსგავსი ვიდეოების გულწრფელობის. მისი თქმით, თავად ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომ ასეთი რგოლების მიმართ ნდობა თითქმის არ არსებობს.
რატომ არის ეს სახიფათო?
საჯარო ბოდიშის ვიდეოები ანაცვლებს სამართლებრივ პროცედურებს, მიიჩნევს ემინ აბასოვი. თუ ადამიანმა ცრუ განცხადება გააკეთა, კანონი დაარღვია ან ვინმეს ცილი დასწამა, სამართლებრივ სახელმწიფოში ეს უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მეშვეობით, ადვოკატების მონაწილეობით, მტკიცებულებებისა და დამოუკიდებელი განხილვის საფუძველზე. თუმცა საჯარო მონანიება კამერის წინ კონფლიქტს სამართლებრივი ველიდან აძევებს და მას ძალის დემონსტრირებად აქცევს.
ეს პრაქტიკა ერთბაშად რამდენიმე საბაზისო პრინციპს ანადგურებს:
- პირველი: ის ამცირებს ადამიანის ღირსებას. ადამიანს არა უბრალოდ აიძულებენ უარი თქვას თავის სიტყვებზე, არამედ მას საჯარო დასჯის ობიექტად აქცევენ.
- მეორე: ის თრგუნავს გამოხატვის თავისუფლებას. სხვა მოქალაქეებმა, მსგავსი ვიდეოების ხილვისას, შესაძლოა უარი თქვან საკუთარ პრობლემებზე საუბრის სურვილზე, მაშინაც კი, თუ ეს პრობლემები რეალურია.
- მესამე: ის ასუსტებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საჩივარზე პასუხის ნაცვლად, საზოგადოება ხედავს ზეწოლას მომჩივანზე. გამოძიების ნაცვლად — ბოდიშს. დიალოგის ნაცვლად — შიშს.
და ბოლოს, ეს პრაქტიკა ავიწროებს სივრცეს დამოუკიდებელი ინფორმაციისთვის. თუ ადამიანს ესმის, რომ სოციალურ ქსელში საჩივრის გამოქვეყნებას შესაძლოა საჯარო დამცირება მოჰყვეს, ის, სავარაუდოდ, დუმილს ამჯობინებს.
არ არის სამართლიანი სასამართლო, არ არის დამოუკიდებელი მედია — ვინ არის შემდეგი?
„აშკარაა, რომ არადემოკრატიული ქვეყნები, სადაც სამართლის უზენაესობა არ მუშაობს, შეუწყნარებელნი არიან განსხვავებული, ალტერნატიული, კრიტიკული აზრის მიმართ. რადგან ასეთი ხელისუფლება თავის ძალას ლეგიტიმურად — საზოგადოების ხმისგან — არ იღებს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მე არ შემიძლია წარმოვიდგინო უფრო დამანგრეველი პოლიტიკა, ვიდრე მოქალაქეებისთვის ყველა კარის დაკეტვაა“, — ამბობს ემინ აბასოვი.
ოდესღაც დამოუკიდებელ აზერბაიჯანულ მედიას შეეძლო ყველაზე შორეულ სოფლებამდეც კი მიეღწია და მოქალაქეების ხმად ქცეულიყო. საუკეთესო შემთხვევაში, პუბლიკაციების შემდეგ პრობლემები გვარდებოდა. უარეს შემთხვევაში — მაშინაც კი, თუ არაფერი იცვლებოდა, ადამიანებს მაინც ეძლეოდათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ სათქმელი და ყოფილიყვნენ მოსმენილნი.
თუმცა, 2023 წლიდან აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებზე ზეწოლა ფაქტობრივად მიმართული იყო იქითკენ, რომ დაედუმებინათ ისინი, ვინც პროფესიონალურად არის დაკავებული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებითა და გამოქვეყნებით. მაგრამ ამის სრულად მიღწევა შეუძლებელი იყო მანამ, სანამ თითოეულ ადამიანს რჩებოდა შესაძლებლობა, მიეტანა თავისი სიმართლე სოციალური ქსელების მეშვეობით.
როგორც ჩანს, ახლა ხელისუფლება ამ შესაძლებლობის შეზღუდვასაც ცდილობს. თუ ადრე მთავარი სამიზნე ჟურნალისტები, აქტივისტები ან ოპოზიციონერები ხდებოდნენ, ახლა დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც საჯაროდ გამოხატავს უკმაყოფილებას.
მომზადებულია „მედიაქსელის“-ს მხარდაჭერით.
exchange