ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
გაზიარება
გაზიარება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი
საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგან მოწოდება მიიღო, გადახედოს შეკრების თავისუფლებასთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას. გადაწყვეტილება 9-11 ივნისს გამართული შეხვედრების სერიის შემდეგ გამოქვეყნდა.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ეფუძნებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების როლი და შეშფოთება იმ საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ, რომლებიც, მათი შეფასებით, დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაში შეიძლება მოვიდეს.
● მინისტრთა კომიტეტის განცხადებით, განხილული საქმეები უკავშირდება შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. შეფასების მიხედვით, პრობლემები წარმოიშვა ეროვნული სასამართლოების მხრიდან მტკიცებულებების არასათანადო შესწავლისა და ადმინისტრაციული სასჯელების დასაბუთებისთვის საკმარისი არგუმენტების არარსებობის გამო.
● დოკუმენტში ასევე საუბარია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაზე, რაც ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის თვითნებურ გამოყენებას უკავშირდება.
● კომიტეტი აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, დემოკრატიული სისტემის საფუძველს წარმოადგენს.
● ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საფუძვლიანად გადახედოს მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკას და ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
● კომიტეტის განცხადებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული არაპროპორციული და უკანონო ადმინისტრაციული დაკავებები, მსჯავრდებები, მათ შორის სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენები, ასევე გადაჭარბებული ჯარიმების გამოყენება. დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო პროცესების საერთო სამართლიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობაც.
● ამასთან, დოკუმენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაერთოს არსებით კონსულტაციებში როგორც დაინტერესებულ მხარეები, ისე ევროპის საბჭოს შესაბამისი ექსპერტული ორგანოები.
● მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას ასევე სთხოვა, წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკის შესახებ, რომელიც დემონსტრაციების კონტექსტში ადმინისტრაციულ დაკავებებს, პატიმრობებსა და მსჯავრდებებს უკავშირდება.
● კომიტეტი მოითხოვს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარდგენასაც.
გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას. მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ისე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგში.
დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ისეთი გარემო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად დააკვირდნენ შეკრებებს და მონაწილეებს საჭირო იურიდიული დახმარება გაუწიონ.