საქართველოს მთავრობა უცხოელი სტუდენტებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს
გაზიარება
გაზიარება
ახალი რეგულაციები უცხოელი სტუდენტებისთვის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციასთან დაკავშირებული მორიგი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. ცვლილებები უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის რეგულაციებს, სასწავლო ბინადრობის ნებართვებს, საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის ქორწინების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებსა და სხვა მიგრაციულ საკითხებს შეეხება.
ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დარეგისტრირდა და გადაწყდა, რომ მას დაჩქარებული წესით 23 ივნისის სასესიო კვირაში განიხილავენ.
● ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.
● მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა.
● საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
● საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება.
● სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.
● ასევე განისაზღვრება უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის (ბინადრობის ნებართვის გაუქმების) საფუძვლები, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს ან ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით.
ოფიციალური მონაცემებით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 44 400 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ეს წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-იანი ზრდაა. ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს ინდოეთის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომელთა რაოდენობა 16 ათასს აღემატება.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი ჯგუფები არიან:
ინდოეთი — 16 715 სტუდენტი
ისრაელი — 2 173
იორდანია — 2 165
სუდანი — 1 546
დიდი ბრიტანეთი — 1 134
ლიბანი — 876
ნიგერია — 594
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: საქართველოში უცხოელი სტუდენტების დაახლოებით 91% სამედიცინო პროგრამებზე სწავლობს, ძირითადად კერძო უნივერსიტეტებში.