გზის განმეორებით გადაკეტვისთვის ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
ზურაბ მენთეშაშვილს პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ მენთეშაშვილს გზის განმეორებით გადაკეტვის საქმეზე 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მენთეშაშვილი უკვე შვიდი თვეა პატიმრობაში იმყოფება და არსებული ვადის გათვალისწინებით, საპატიმროს დაახლოებით ორ თვეში დატოვებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში გზის გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მენთეშაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მენთეშაშვილი 2025 წლის 31 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციამ ადგილზე შეაჩერა და დააკავა.
მომდევნო დღეს, 1 ნოემბერს, შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტვის ფაქტზე მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი ამბობს, რომ ზურაბ მენთეშაშვილის საქმე სრულიად ახალი ფურცელია იმ სისტემაშიც კი, რომელსაც აქამდეც უსამართლოდ არაერთი ადამიანი გაუსამართლებია.
თამარ ონიანი: “ის არის პირველი პატიმარი, რომელსაც უფლებრივი შინაარსით შეკრების თავისუფლების გამო ედავებიან იმ ფორმალური საფუძვლით, რომელიც თავად შეკრების თავისუფლების ხელყოფისთვის შეიქმნა;
შეიქმნა იმ მოდელით, რასაც იურიდიული ლიტერატურა პერსონიფიცირებულ კანონმდებლობად იცნობს, როდესაც მათ მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ.
2025 წლის 13 ოქტომბერს დაინიციირდა ეს ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისადმი (174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებისთვის). თავის მხრივ, ასკ ნორმები მიმთითებელია, და, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე ამისამართებს, რაც, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ცალკე დიდი გამოწვევაა (იხ. ვენეციის კომისიის შეფასებები ასეთი მიმთითებელი ნორმების კრიტიკაზე).
ცვლილებები დაჩქარებულად მიიღეს.
სწორედ ამ მუხლის საფუძველზე გასამართლდა ზურაბ მენთეშაშვილი.
თუმცა, რა შეეძლო მოსამართლეს (გამამართლებელი განაჩენის მიღმა)?
1. თავიდანვე არ გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება; და მიემართა კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის;
რადგან პირველი სცენარი არ მომხდარა, კიდევ რაიმე შეეძლო ისეთი, რაც ბრალდებულის მდგომარეობას ამ ეტაპზე მაინც შეამსუბუქებდა?
2. შეეძლო სასჯელი ყოფილიყო 7 თვე, რაც აღკვეთი ღონისძიების სახით უკვე მოხდილი ჰქონდა პირს.
ასე არ მოხდა, მას 9 თვე შეეფარდა. და ეს დამატებითი 2 თვე სხვა არაფერია, თუ არა, თავად სასამართლო სისტემის მხრიდან შეკრების თავისუფლებაზე მეტი წნეხის შექმნის თანამონაწილეობა.
სოლიდარობა ზურაბ მენთეშაშვილს!
პირველ პატიმარს საქართველოში, რომელიც 9 თვე იმის გამო უნდა იყოს ციხეში, რომ დემონსტრაციაზე წავიდა და იქ სრულად არაძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა.”

გურო იმნაძე, იურისტი: “მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ზურა მენთეშაშვილი 9 თვით გაუშვა ციხეში გზაზე დგომის გამო. რა ფორმალურ-სამართლებრივი სახელიც არ უნდა მოუფიქროს ამას ხელისუფლებამ, როგორი ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თუ სისხლის სამართლის კოდექსში, ამით ქმედების შინაარსი არ იცვლება.
ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ნინო გალუსტაშვილი და მისნაირები აუცილებლად ეცდებიან, თავი იმართლონ არგუმენტით, რომ კანონი იყო ასეთი და არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, მაგრამ მეორე კურსელმა იურისტმაც იცის, რომ მოსამართლეს უფლება (და ირიბად – ვალდებულებაც) აქვს, რომ საქმის განხილვისას არ გამოიყენოს ის კანონი, რომლის კონსტიტუციურობაშიც დარწმუნებული არ არის.
რაკი გალუსტაშვილი ამ კანონის საფუძველზე 9 თვით უშვებს ადამიანს ციხეში, ის არამხოლოდ ემორჩილება ამ უსამართლო კანონს, არამედ მოსწონს და იზიარებს კიდეც მის შინაარსს.”