დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 108 წელი გავიდა. საქართველო მისალოც წერილებს იღებს
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პარალელურად, თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებიდან მილოცვებს იღებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 108 წლისთავზე გზავნილები გაავრცელეს სახელმწიფო ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა.
მილოცვები გაეგზავნა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე უშუალოდ ქართველ ხალხს.
აშშ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესში და მზად არის გააძლიეროს პარტნიორობა, რომელიც “საქართველოს უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს“ ემსახურება.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველო “მეგობარ ქვეყანად და სტრატეგიულ პარტნიორად“ მოიხსენია. ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მან ასევე გაიხსენა აპრილში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი და აღნიშნა, რომ რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.
სომხეთი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება ერევნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ფაშინიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატზე და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
თურქეთი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს “მეგობარი და მეზობელი საქართველოს“ სახელით მიულოცა. ერდოღანის განცხადებით, თბილისსა და ანკარას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს ემსახურება.
ჩინეთი
ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა “კარგად ვითარდება“, განსაკუთრებით “სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.
ცალკე მილოცვა გაავრცელა ჩინეთის პრეზიდენტმაც. სი ძინპინმა საქართველოს “კარგი მეგობარი და პარტნიორი“ უწოდა და განაცხადა, რომ პეკინი მზად არის ორმხრივი ურთიერთობები “ახალ სიმაღლეზე“ აიყვანოს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს წარმატება, წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა.
კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანიმ კი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურა და აღნიშნა, რომ დოჰა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებას ელოდება.
ევროპის ქვეყნები
ბელგიის მეფემ ფილიპმა ქართველ ხალხს ეროვნული დღის აღნიშვნა მიულოცა და “ქართული ოცნების” პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა 26 მაისი ქართველი ერის “ურყევი ძალისა და გამძლეობის“ სიმბოლოდ შეაფასა.
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და პრემიერ-მინისტრმა ჯურო მაცუტმა თბილისსა და ბელგრადს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერმა საქართველოს მადლობა გადაუხადა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ დენის ბეჩიროვიჩმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველი ხალხის “სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლოდ“ შეაფასა.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ ამაყობს ორ ერს შორის არსებული”„ხანგრძლივი მეგობრობით“ და ქართველ ხალხს მომავალი წლისთვის საუკეთესო სურვილები გადასცა.
ევროკავშირი და NATO
ევროკავშირის წარმომადგენლობამ და წევრი ქვეყნების საელჩოებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უცვლელად აგრძელებს. განცხადებაში ხაზგასმულია დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაც.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა კი განაცხადა, რომ ალიანსი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავს ქართველი ხალხის “თავისუფლებასა და მედეგობას“.
გერმანია, ლატვია და პოლონეთი
გერმანიის საელჩომ 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის “ახალ თავად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ბერლინი კვლავ მხარს უჭერს თავისუფალ და ევროპულ საქართველოს.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია “დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი და ევროპული საქართველოს მომხრეა“.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლატვია ერთგული რჩება საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საუკეთესო სურვილები გადასცა.
ისრაელი
ისრაელის ელჩმა საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიამ 26 მაისი საქართველოს თავისუფლებისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ შეაფასა. ელჩის განცხადებით, საქართველო და ისრაელი ერთმანეთთან ისტორიული კავშირებით, დემოკრატიული პრინციპებითა და მეგობრობით არიან დაკავშირებული.
რომის პაპი
რომის პაპმა ლეო XIV-მ ქართველ ხალხს მშვიდობა და ერთიანობა უსურვა. პაპის გზავნილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სოციალური სოლიდარობის, მშვიდობისმყოფელობისა და ქველმოქმედების მნიშვნელობას.