აფხაზეთი უცხოელებს საარჩევნო პროცესში ჩარევას აუკრძალავს
გაზიარება
გაზიარება
არჩევნები აფხაზეთში
დე ფაქტო აფხაზეთში პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის ხუთწლიანი რეზიდენტობის მოთხოვნა დაწესდება, ხოლო უცხოელების ნებისმიერი ფორმით ჩარევა საარჩევნო პროცესში აიკრძალება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებები ეხება პარლამენტის დეპუტატების არჩევის შესახებ კონსტიტუციურ კანონს და, ხელისუფლების განცხადებით, მიზნად ისახავს საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, კანდიდატებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას და საარჩევნო კამპანიებზე კონტროლის გაძლიერებას.
კანონპროექტის მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ ის მოქალაქე შეიძლება გახდეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და არჩევნებამდე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ კანდიდატს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “ქვეყნის” დატოვება წელიწადში ორ თვეზე მეტი ვადით არ უნდა ჰქონდეს.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს აფხაზური და რუსული ენების ცოდნის სავალდებულო სერტიფიცირებას. გამოცდას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ენობრივი კომისია ჩაატარებს. კანონს ემატება ცალკე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხოურ ჩარევას საარჩევნო პროცესებში.
ინიციატივა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხია იმ სკანდალზე, რომელიც 2025 წლის ნოემბრის მუნიციპალურ არჩევნებს უკავშირდებოდა, როდესაც რუსი პოლიტიკური ტექნოლოგების მონაწილეობაზე გავრცელდა ინფორმაცია.
ახალი წესების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრივ მოძრაობებს აეკრძალებათ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების მომზადებასთან, ჩატარებასთან, კანდიდატების წარდგენასთან, საარჩევნო კამპანიასთან ან რეგისტრაციასთან.
ამავე დროს, არჩევნების დანიშვნის დღიდან მათ აღარ შეეძლებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებისა და სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება.
ინიციატივა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეკუთვნის. შესაბამისი ცვლილებები იგეგმება სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც აკრძალვების დარღვევა დიდი ოდენობის ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანი “მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაა“.