გაჟონილი დოკუმენტები: როგორ გეგმავდა კრემლთან დაკავშირებული ქსელი სომხეთისა და ევროპის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებს
რუსული საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა: ჰიბრიდული თავდასხმა სომხეთზე
სომხურმა ფაქტეჩეკერმა პლატფორმამ Fip.am-მა მოიპოვა კლასიფიცირებული დოკუმენტების დიდი პაკეტი, რომელიც, გამოცემის ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული სტრუქტურების მიერ სომხეთის, უკრაინის, მოლდოვისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ კოორდინირებულ საინფორმაციო ოპერაციებს აღწერს.
დოკუმენტებში ნახსენებია საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, მოლდოვა და უკრაინა, თუმცა Fip.am აცხადებს, რომ ეს სია სრული არ არის.
გაჟონილი მასალები, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმის შედეგად გახდა ხელმისაწვდომი. საქაღალდე შეიცავს მიმოწერას, ანგარიშებს, ეკრანის ანაბეჭდებსა და სხვა შიდა დოკუმენტებს სააგენტოდან, რომელსაც გამოცემა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილესთან, სერგეი კირიენკოსთან აკავშირებს.
- სომხეთში გამოავლინეს ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელიც პრორუსი კანდიდატის, სამველ კარაპეტიანის მხარდაჭერის ილუზიას ქმნის
- სომხეთის პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დიდი თანხები დახარჯეს Meta-ს რეკლამაზე
სომხეთის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიები
დოკუმენტების მიხედვით, სააგენტო მუშაობდა პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთში პოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავებას და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დისკრედიტაციას.
მასალებში აღწერილია როგორც უკვე განხორციელებული ოპერაციები, ისე მომავალი კამპანიების გეგმები.
Fip.am-ის ცნობით, გამოყენებული მეთოდები მოიცავდა:
- ყალბი და დუბლიკატი ვებსაიტების შექმნას;
- დეზინფორმაციის გავრცელებას;
- ქუჩის საპროტესტო აქციების ორგანიზებას;
- ადგილობრივი ოპერაციების დაფინანსებას;
- ექსპერტებისა და ინფლუენსერების დაქირავებას სასურველი გზავნილების გასავრცელებლად.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი ოპერაცია “ცრუ დროშის“ პრინციპით ხორციელდებოდა, ისე, რომ მათი წყარო სხვა ქვეყნებისთვის დაებრალებინათ.
ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთის წინააღმდეგ გარკვეული კამპანიები ისე იყო დაგეგმილი, თითქოს ისინი თურქეთიდან კოორდინირდებოდა.
ფინანსები და საერთაშორისო ქსელები
გაჟონილი დოკუმენტები მიუთითებს, რომ საინფორმაციო ოპერაციებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გამოიყო.
მასალებში საუბარია ისრაელსა და ეგვიპტეში ე.წ. “კვლევითი ცენტრების“ დაფინანსებაზე.
ერთ-ერთი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ისრაელში მსგავსი ცენტრის ფუნქციონირება თვეში 1.5 მილიონ რუბლად იყო შეფასებული ოპერაციული საჭიროებებისთვის, დამატებით 3 მილიონი რუბლი კი კონტენტის გავრცელებისა და ინფლუენსერების მომსახურებისთვის იყო გათვალისწინებული.
ეგვიპტეში მოქმედი “ანტიგლობალიზმის ინსტიტუტის“ ოპერაციები თვეში დაახლოებით 5 მილიონ რუბლად იყო შეფასებული.
“მარსელის ოპერაცია“ და ფაშინიანის შესახებ ყალბი ინფორმაცია
დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ.”მარსელის ოპერაციას“, რომელიც 2025 წელს განხორციელდა.
იმ პერიოდში ფრანგულენოვანმა ვებსაიტმა infofrancaisedujour.fr გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ნიკოლ ფაშინიანმა მარსელში 3.1 მილიონ ევროდ “ძვირადღირებული სასახლე“ შეიძინა.
ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სომხურ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
მოგვიანებით Fip.am-მა დაადგინა, რომ ფრანგული დომენის მქონე საიტი რეალურად აშშ-დან იმართებოდა და სტატია დაუდასტურებელ ვარაუდებს ეფუძნებოდა. მოგვიანებით ვებსაიტმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
გაჟონილ მიმოწერაში ერთ-ერთი მონაწილე სოფია ზახაროვას ატყობინებდა, რომ “სომხეთში წარმატებას მიაღწიეს“ და რომ “კორუფციული სკანდალის ისტორია“ ადგილობრივმა მედიამ და დიასპორის წარმომადგენლებმა აიტაცეს.
დოკუმენტების მიხედვით, ოპერაციაში 17 ადამიანი მონაწილეობდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მასალამ დაახლოებით 10.6 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო მისი უარყოფის მასალებმა – დაახლოებით 1.1 მილიონი.
ფსევდონიმები და შიდა კოორდინაცია
Fip.am-ის ინფორმაციით, ოპერაციების მონაწილეები მიმოწერაში ფსევდონიმებს იყენებდნენ.
სერგეი კირიენკო მოხსენიებული იყო ინიციალებით — SVK.
დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს სოფია ზახაროვა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მიმოწერაში “კრისტინ კილერის“ სახელით ჩანს.
გამოცემის მიხედვით, თანამშრომლები ზახაროვას მიმართ ანგარიშვალდებულნი იყვნენ და ზოგიერთ ფინანსურ საკითხს უშუალოდ კირიენკოსთან ათანხმებდნენ.
AI, SEO და “პან-სომხური მედია პლატფორმა“
დოკუმენტების ნაწილი ეხება სამომავლო პროექტებს, რომლებიც საინფორმაციო სივრცეზე გრძელვადიან გავლენას ისახავდა მიზნად.
მათ შორისაა:
- “სომხეთის თვითშემავსებელი ცოდნის ბაზის“ შექმნა, რაც 50,000-ზე მეტი “ვიკიპედიის კლონის“ წარმოებას გულისხმობდა;
- SEO-ოპტიმიზაციის გამოყენება საძიებო სისტემებში კონკრეტული მასალების გასაძლიერებლად;
- ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები, მათ შორის ChatGPT, პოლიტიკური ფიგურების შესახებ კითხვებზე კრემლისთვის სასარგებლო ინფორმაციას გაავრცელებდნენ;
- “პან-სომხური მედია პლატფორმის“ შექმნა აშშ-ში, ლიბანში, ირანში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში სომხურ დიასპორაზე გავლენის მოსახდენად.
დოკუმენტების მიხედვით, პროექტების მიზანი იყო რუსეთისადმი მოკავშირეობრივი დამოკიდებულების გაძლიერება, დასავლეთისგან მომდინარე “საფრთხის“ ხაზგასმა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის წინააღმდეგ მოქმედება.
Fip.am-ის შეფასება
დოკუმენტების ანალიზის შემდეგ Fip.am-მა განაცხადა, რომ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული დეზინფორმაციული კამპანიები და ჰიბრიდული ოპერაციები “ერთიანი სტრატეგიის ნაწილია“, რომელსაც კოორდინაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმირებული მოქალაქეების კავშირის“ წარმომადგენელმა დანიელ იოანიანსიანმა გაჟონილ მასალებს “ინფორმაციული ბომბი“ უწოდა.
მისი თქმით, მსგავსი ეჭვები მანამდეც არსებობდა, თუმცა ახლა გამოჩნდა დოკუმენტური მტკიცებულებები.
იოანიანსიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უნდა დაიბაროს და ოფიციალური განმარტება მოითხოვოს.