დასავლური ქვეყნებიდან მომდინარე კამპანია, ოკუპაცია და დეზინფორმაცია — რა წერია სუს-ის ანგარიშში
სუს-ის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საქართველოს პარლამენტს 2025 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში საინფორმაციო გარემოსა და ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების გავლენაა. ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ დასახელებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია.
● სუს-მა ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩანაწერში მთავარ საფრთხედ დაასახელა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია. უწყების შეფასებით, ამ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გამოიყენება თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და ქმნის ანექსიის შესაძლო სცენარს. ასევე აღინიშნება ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და განათლების სისტემის გავლენის იარაღად გამოყენება.
“2025 წელს დაფიქსირდა “ბორდერიზაციის“ ათობით შემთხვევა – გამყოფი ხაზების გასწვრივ ღობეების, მავთულხლართებისა და კამერების დამონტაჟება. წლის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში 34 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ხოლო აფხაზეთში – კიდევ 40. წლის ბოლოსთვის 15 ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩებოდა, ნაწილი კი ხანგრძლივი ვადით.” – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკანონო დაკავებები კვლავ გამოიყენება როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ფონზე.
● დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლების ტენდენციებმა აჩვენა დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან მომდინარე საინფორმაციო კამპანიების არსებობა, რომლებიც, სუს-ის შეფასებით, შესაძლოა შეიცავდეს “ორმაგ სტანდარტებს“ და გარკვეულ ჯგუფებში ნიჰილიზმს აღვივებდეს დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ეს ნაწილი ანგარიშში ჩასმულია როგორც უფრო ფართო გლობალური საინფორმაციო დაპირისპირების კონტექსტი.
“დადგინდა, რომ უცხო სახელმწიფოსთან აფილირებული და სპეციალურ სამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციების ზედამხედველობით და დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებში ხდებოდა საექსპერტო და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენელთა ჩართვა. ღონისძიებების საკითხთა თემატიკიდან იკვეთებოდა, რომ საქართველოდან ხსენებული კონტინგენტის შერჩევა მიზნად ისახავდა მათ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ “დამუშავებას” და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას”. – ნათქვმია სუს-ის ანგარიშში
● ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე საინფორმაციო ნაკადებში იკვეთებოდა “დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული“ შინაარსის კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას და ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების მქონე სახელმწიფოს, იმიჯის დაზიანებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი პროცესები ხელს უწყობდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებასა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდას.
● ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამიზნე აუდიტორიებსაც. უწყების შეფასებით, საინფორმაციო კამპანიების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე ახალგაზრდები იყვნენ, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთ ჯგუფებზე მიმართული ნარატივები შეიძლება გავლენას ახდენდეს სოციალური დაძაბულობის გაძლიერებაზე.
● სუს-ის ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ შემთხვევებში პოლიტიკური შინაარსის მქონე ნარატივების უკან იკვეთებოდა როგორც შიდა, ისე გარე აქტორების მონაწილეობა. დოკუმენტის თანახმად, ეს პროცესები არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენდა გავლენას, არამედ ხელს უწყობდა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო მცდელობებსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებას.
● სუს-ი ასევე აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია ორგანიზაციები, მათი ხელმძღვანელები და ცალკეული პირები, რომლებსაც, უწყების მტკიცებით, უცხოეთში მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებთან და სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირები. ანგარიშის მიხედვით, ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში ადგილი ჰქონდა რეგიონებში შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაძლიერების მცდელობებსაც.
● დოკუმენტი ცალკე გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის ფაქტორსაც. სუს-ის შეფასებით, ტექნოლოგიური პროგრესი, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ზრდის მასშტაბური დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების შესაძლებლობას, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობის, ასევე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების გაღვივების რისკს. უწყება აცხადებს, რომ ამ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებს და საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს.