I კვარტალში საქართველოდან ექსპორტმა 1.72 მილიარდი დოლარი შეადგინა — ნავთობპროდუქტების ექსპორტი 700%-ით გაიზარდა
საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტმა 1.72 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.4%-იანი ზრდაა. საერთო ექსპორტში წამყვან პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს, თუმცა მათი მოცულობა 365 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 27%-იანი კლების მაჩვენებელია. ამავე პერიოდში მეორე ადგილზე გადმოვიდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 208 მილიონი დოლარის ექსპორტით, რაც თითქმის შვიდჯერ მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, წლის პირველ სამ თვეში ადგილობრივმა ექსპორტმა, ანუ საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ, რეექსპორტის გარეშე, 1.12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 75%-ია.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით მკვეთრია. 2025 წლის პირველ კვარტალში ამ კატეგორიაში ექსპორტი მხოლოდ 26 მილიონ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2026 წელს ეს მაჩვენებელი 208 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 698%-იანი ზრდაა. კიდევ უფრო მაღალია ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ნაწილში, სადაც ნავთობპროდუქტებზე 3,714%-იანი მატება ფიქსირდება.
სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან დაახლოებით 200 მილიონი დოლარი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, ხოლო რეექსპორტის წილი მხოლოდ 8 მილიონ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ნედლ ნავთობს პრაქტიკულად არ მოიპოვებს. 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული ნედლი ნავთობი სრულად რუსეთიდან იყო იმპორტირებული, მისი ღირებულება კი 118 მილიონ დოლარს აღწევდა.
არსებული მონაცემები მიანიშნებს, რომ იმპორტირებული ნედლი ნავთობი, სავარაუდოდ, ადგილობრივად გადამუშავდება და შემდეგ ექსპორტზე გადის. 2025 წლიდან ფუნქციონირებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც საქმიანობა რუსული ნავთობის გადამუშავებით დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ნედლეულის წყაროების დივერსიფიკაციაზე, მათ შორის თურქმენული და ყაზახური ნავთობის მიმართულებით.
ექსპორტის გეოგრაფიაში ნავთობპროდუქტების მთავარი მიმართულება ტოგოა – დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანა, რომელიც 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსთვის ამ კატეგორიაში უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- ტოგო – 55.3 მლნ აშშ დოლარის 71 280;
- თურქეთი – 48.1 მლნ აშშ დოლარის 100 803 ტონა;
- ჩინეთი – 22.8 მლნ აშშ დოლარის 29 238 ტონა;
- მალტა – 17.1 მლნ აშშ დოლარის 32 861 ტონა;
- მაროკო – 16.7 მლნ აშშ დოლარის 30 170 ტონა;
- სინგაპური – 11.8 მლნ აშშ დოლარის 37 932 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 11.8 მლნ აშშ დოლარის 34 816 ტონა;
- ლიბია -11.4 მლნ აშშ დოლარის 9 499 ტონა;
- კვიპროსი – 3.5 მლნ აშშ დოლარის 13 164 ტონა;
- უზბეკეთი – 580.9 ათასი აშშ დოლარის 302.4 ტონა.
ყულევის ტერმინალი და შესაძლო სანქციები
ევროკავშირმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის პორტი შესაძლო სანქციების სიიდან 2026 წლის 10 მარტს ამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც თბილისმა და პორტის ოპერატორმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ ბრიუსელს სანქციების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები წარუდგინეს.
ამის შესახებ ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს 5 მარტით დათარიღებულ წერილში აცნობებს.
საწყის ეტაპზე ევროკავშირი განიხილავდა ყულევის ტერმინალის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შეტანას. ბრიუსელში შეშფოთებას იწვევდა პორტის როლი რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში და “ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლა. თუმცა, ო’სალივანის წერილის თანახმად, ეს პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა კონკრეტული ვალდებულებები აიღეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანია SOCAR-ი, რომელიც ყულევის ტერმინალს მართავს, დათანხმდა საქმიანობის განხორციელებას ევროკავშირის სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრისა და ევროკავშირის იმპორტის აკრძალვების გათვალისწინებით.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამ ვალდებულებებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, საბოლოოდ არ შეეყვანა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტში.