ბოლნისში აქტივისტ ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება დაიწყო
გაზიარება
გაზიარება
ბოლნისში აქტივისტ ნურადინ ნაბიევს თავს დაესხნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ბოლნისელი აქტივისტის, ნურადინ ნაბიევის ცემის ფაქტზე. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი 15 აპრილს, სოფელ ფარიზში, ჩაის სახლში მოხდა, სადაც ნაბიევს, მისი თქმით, ცხრა ადამიანი ერთდროულად დაესხა თავს.
აქტივისტი მომხდარს მის საჯარო საქმიანობასა და კრიტიკულ პოზიციებს უკავშირებს. ის თავდასხმის ორგანიზებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტარ ზაურ დარგალსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, თავდამსხმელთა ნაწილი, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის სტრუქტურებთან იყოს დაკავშირებული, ნაწილი კი ირანის ხელისუფლების მხარდამჭერი.
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ნაბიევმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც საუბრობდა მედიკამენტების დეფიციტსა და მაღალი ფასების პრობლემაზე. მისი განცხადებით, მასზე ზეწოლა მანამდეც განხორციელდა: რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას შემდეგ, რაც ნაბიევმა ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ კრიტიკული კომენტარი გამოაქვეყნა.
ნაბიევი, რომელიც ამჟამად ბოლნისის საავადმყოფოში მკურნალობს, იხსენებს, რომ თავდამსხმელები ჩაის სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ის მუშაობდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საკუთარი ვინაობა დაადასტურა, ჯგუფმა ერთდროულად დაიწყო ფიზიკური ძალადობა. ექიმების ცნობით, მას თავის არეში აქვს ტრავმა, ტუჩზე კი რამდენიმე ნაკერი დაადეს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებს შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.
ნურადინ ნაბიევი ბოლნისში ცნობილია როგორც აქტიური სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რეგულარულად აშუქებს ადგილობრივ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ის ოპოზიციური პარტიის, “ლელოს“, პროპორციული სიითაც იყრიდა კენჭს.