რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი კან კვარჩია და კიდევ ექვსი ოპოზიციური აქტივისტი. ეს საქმეები მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის ახალ, უფრო დაძაბულ ფაზაზე მიუთითებს.
კვარჩიასა და მის თანამოაზრეებს ბრალად ედებათ სამი რუსეთის მოქალაქის – პოლიტიკური სტრატეგების – ცემა და ძარცვა. ინციდენტი 2025 წლის ნოემბერში, აფხაზეთში მუნიციპალური არჩევნების წინ მოხდა და მალევე იქცა ფართო პოლიტიკური სკანდალის საგნად.
რუსი სტრატეგები, როგორც ირკვევა, ორგანიზაციის “გუნდი აფხაზეთი – გუნდის პრეზიდენტი“ სახელით პროსამთავრობო კანდიდატებისთვის მუშაობდნენ. მათი საქმიანობა, ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებით, უკანონო იყო.
კენჭისყრამდე სამი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლები მოულოდნელად შეიჭრნენ მათ ოფისში, დააკავეს ისინი “დანაშაულის ჩადენისას“ და გადასცეს აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა, ოფიციალურმა სტრუქტურამ სისხლის სამართლის დევნის ნაცვლად რუსი მოქალაქეები უსაფრთხოების მოტივით უბრალოდ გააძევა სოხუმიდან.
სახლში დაბრუნების შემდეგ სტრატეგებმა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. შედეგად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომელსაც, რუსული მხარის მტკიცებით, პარლამენტარი კან კვარჩია ხელმძღვანელობდა.
მოგვიანებით ანალოგიური საქმეები აღიძრა თავად აფხაზეთშიც: როგორც ოპოზიციის წევრების, ისე პოლიტიკური სტრატეგების წინააღმდეგ, რაც საქმეს კიდევ უფრო კომპლექსურ და ორმხრივ სამართლებრივ დავად აქცევს.
რუსეთის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად დაკავებული შვიდივე ოპოზიციონერი ამჟამად აფხაზეთში იმყოფება. 12 თებერვალს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, ოპოზიციის სამი წევრი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა და ხინა დუმავა ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სოხუმის პროკურატურაში. იმავე დღეს მათ ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს. მანამდე კიდევ ორი ბრალდებული, ეშსოუ კაკალია და ასლან კმუზოვი, დაკითხვის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მათ წინააღმდეგ აღძრული ბრალდებები შეთითხნილია.
ამ ფონზე, Telegram-არხი Abkhazia Center მოსკოვის პოლიტიკას აფხაზეთის მიმართ მწვავედ აკრიტიკებს. არხის შეფასებით, რუსეთის მიდგომა რეგიონში არ განსხვავდება მისი ქმედებებისგან სხვა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
“არანაირი ინდივიდუალური მიდგომა. ისინი ყოველთვის ეყრდნობიან მცირე პოპულარობის მქონე ლიდერებს, დაბალი რეიტინგის პარტიებს და სასურველია კორუფციაში ჩაფლულ პოლიტიკოსებს. დანარჩენებს კი რუსოფობებად და უცხოური ფონდების აგენტებად ნათლავენ. ხოლო თუ წინააღმდეგობა ძლიერდება, პასუხიც მკაცრდება – სისხლის სამართლის საქმეები, სანქციები…“ – წერს არხი.
Abkhazia Center პროგნოზირებს, რომ თუ მსგავსი “უხეში მეთოდები“ გაძლიერდება, მოსკოვი საბოლოოდ აღმოჩნდება ვითარებაში, სადაც “სოხუმში უბრალოდ აღარავინ ეყოლება დამლაპარაკებელი“.