ფაშინიანს და ალიევს მშვიდობისთვის "ზაიედის" ადამიანური ძმობის პრემია გადაეცათ
ფაშინიანს და ალიევს ზაიედის პრემია გადაეცათ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აბუ დაბიში ადამიანური ძმობისთვის “ზაიედის” პრემიით დაჯილდოვდნენ – ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. ჯილდო თითოეულ ლიდერს ერთ მილიონ დოლარსაც ანიჭებს.
თუმცა მთავარი კითხვა უცვლელი რჩება: გადაიქცევა თუ არა ეს სიმბოლური აღიარება მდგრად პოლიტიკურ რეალობად სამხრეთ კავკასიაში.

აბუ დაბის ცერემონია: პოლიტიკა სცენაზე
დაჯილდოების ცერემონია 4 თებერვალს გაიმართა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. პრიზი ორივე ლიდერს პირადად გადასცა ქვეყნის პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა.
ფაშინიანი და ალიევი სცენაზე ერთად ავიდნენ. ფორმალურ გარემოში მცირე ჟესტებიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა – ალიევმა ხუმრობით აღნიშნა, “ვინ უნდა გამოვიდეს პირველი?“, ფაშინიანმა სიტყვა მას დაუთმო. სცენა, რომელიც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, დღეს მშვიდობის ნარატივის ნაწილი გახდა.
ალიევმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი სწორედ აბუ დაბიში დაიწყო, ჯერ კიდევ ვაშინგტონის შეთანხმებამდე. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაფორმდა პოლიტიკური ნება, რომელიც მოგვიანებით აშშ-ში ოფიციალურად დადასტურდა.

- ერევანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემების დაკავშირების პოტენციალს განიხილავს
- ოთხი ეთნიკურად სომეხი პატიმარი აზერბაიჯანიდან სომხეთში გადაიყვანეს
ფაშინიანი: “კონფლიქტმა თავისი თავი ამოწურა“
ნიკოლ ფაშინიანმა თავის გამოსვლაში აქცენტი ლიდერებიდან საზოგადოებებზე გადაიტანა:
“ეს ჯილდო გადაეცემა არა მხოლოდ ორ პოლიტიკოსს, არამედ ორ ხალხს — სომეხსა და აზერბაიჯანელს, რომლებმაც გაბედეს და ახალი მომავალი აირჩიეს“.
მისი თქმით, მშვიდობაზე შეთანხმება აუცილებელი იყო, რადგან გაჭიანურებული კონფლიქტი ახალ ტანჯვას მოუტანდა ორივე მხარეს. ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს: ომი უნდა დასრულდეს ან ახლა, ან საერთოდ ვეღარ დასრულდება.
პრემიერის განცხადებით, ცერემონია არ არის მხოლოდ შეთანხმების აღნიშვნა, არამედ იმის დადასტურება, რომ “კონფლიქტმა თავისი თავი ამოწურა“. სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, ასეთი ერთობლივი გამოჩენა უბრალოდ უაზრო იქნებოდა.
ფაშინიანმა “ზაიედის” პრემია მუსლიმურ და ქრისტიანულ სამყაროებს შორის მშვიდობის მხარდაჭერის სიმბოლოდაც წარმოაჩინა, რაც რეგიონულ პროცესს კიდევ უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში წარმოაჩენს.
ალიევი: “ჩვენ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“
ილჰამ ალიევის რიტორიკა უფრო პრაქტიკულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მისი თქმით, 30 წელზე მეტი ხნის დაპირისპირების შემდეგ, ბოლო თვეებში ორი ქვეყანა პირველად ცხოვრობს რეალური მშვიდობის პირობებში.
“ჩვენ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არასდროს გვიცხოვრია ასე“. – თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ერევანი და ბაქო “მდგრადი მშვიდობისკენ“ მოძრაობენ. მან მაგალითად მოიყვანა ტვირთების გადაზიდვაზე შეზღუდვების მოხსნა, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი და მზარდი სავაჭრო ბრუნვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაცია შეიძლება მაგალითად იქცეს სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის, სადაც ომი ათწლეულებია გრძელდება.
ორმხრივი შეხვედრა: ეკონომიკა როგორც მშვიდობის ინსტრუმენტი
დაჯილდოების ცერემონიამდე ფაშინიანისა და ალიევის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ლიდერებმა პირადი მოლაპარაკებები გამართეს.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ვაშინგტონის შეთანხმებების შესრულების პროცესი და ხაზი გაუსვეს “პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების აუცილებლობას“.
განხილულ საკითხებს შორის იყო:
- აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიმდინარე ექსპორტი;
- მესამე ქვეყნებიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით;
- ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება;
- სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ურთიერთვიზიტები;
- ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის TRIPP-ის ინიციატივა.
ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებები უკვე გრძნობენ მშვიდობის “ხელშესახებ სარგებელს“ – ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გახსნის გზით.
ზაიედის პრემია: დიპლომატიური პლატფორმა
“ზაიედის” პრემია ადამიანური ძმობისთვის 2019 წელს დაარსდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის, შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის სახელს ატარებს.
ის შეიქმნა პაპ ფრანცისკესა და ალ-აზჰარის დიდ იმამ აჰმად ალ-ტაიების ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც ხელი მოეწერა ადამიანური ძმობის დოკუმენტს.
პრემია ენიჭება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ფაშინიანისა და ალიევის გარდა, წელს ლაურეატები გახდნენ ავღანელი აქტივისტი ზარქა იეფტალი და პალესტინური ორგანიზაცია “ტაავონი“.

რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ყარაბაღის გარშემო ათწლეულების განმავლობაში იყო სამხრეთ კავკასიის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომებმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რეგიონი კი მუდმივი ესკალაციის ზღვარზე იდგა.
2020 წლის ომმა ძალთა ბალანსი შეცვალა, ხოლო შემდგომმა პროცესებმა ერევანი და ბაქო აიძულა გადაეხედათ ძველი პოლიტიკისთვის. ვაშინგტონის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებები უკვე აღარ ეხება მხოლოდ საზღვრებს, არამედ ეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, ტრანსპორტის გახსნასა და ადამიანურ კონტაქტებს.
“ზაიედის” პრემია ამ კონტექსტში არა უბრალოდ ჯილდოა, არამედ პოლიტიკური სიგნალი – საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა პროცესისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მყიფეა. სამხრეთ კავკასიისთვის მთავარი გამოცდა ახლა იწყება: შეძლებენ თუ არა სომხეთი და აზერბაიჯანი სიმბოლური მშვიდობა გარდაქმნან სტაბილურ, პროგნოზირებად და რეალურ თანაარსებობად.