კომენტარი: რაც არ უნდა სოციალურ სამართლიანობაზე ისაუბროს ოცნებამ, ის მაინც ფერარიზე და ლამბორჯინზე დახამებული ელიტური ორგანიზაციაა
დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარი
პოლიტოლოგი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ვიდეომიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად გაზრდილი ფასები სწორედ კარტელებისა და ოცნების ერთობლივი დამსახურებაა და არა უბრალოდ ეკონომიკური დინამიკის ირიბი შედეგი.
მისივე თქმით, რაც არ უნდა სოციალურ სამართლიანობაზე ისაუბროს ოცნებამ, ის მაინც ფერარიზე და ლამბორჯინზე დახამებული ელიტური ორგანიზაციაა.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები რიგ შემთხვევებში ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება და ამ განსხვავების შესაძლო მიზეზად ქსელური მარკეტების საქმიანობაში მაღალი ფასნამატი და კონკურენციის დარღვევის რისკი დაასახელა, რის გამოც სამართალდამცავ უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: “საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასები მართლად კრიტიკულად მაღალია და ბევრ შემთხვევაში განვითარებული ევროპული ქვეყნების ფასებსაც აღემატება.
პრობლემა მართლაც რეალურია და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს!
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს:
• ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად იწვევს ინფლაციურ ზეწოლას,
• ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები, რაც ფასებს, შემოსავლებსა და მთლიან ეკონომიკას პრაქტიკულად უკონტროლოს ხდის.
• ის რომ პატარა ბაზარია და აქ შემოსული საქონლის საბითუმო ფასი უფრო მაღალია ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყანაში.
• მაღალი დღგ და ა.შ.
თუმცა მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რაც თავად სამთავრობო კლიპშიც იყო ნახსენები: წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტელური შეთანხმებები.
როგორც იმპორტის, ისე რეალიზაციის ნაწილში (ქსელური სუპერმარკეტების დონეზე) რეალური კონკურენცია ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს.
ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს პროდუქტებს, არამედ საყოფაცხოვრებო ქიმია, წამლები, ნავთობპროდუქტები და სხვა. ყველაფერი რაც ჩვენი ცხოვრების დონეს განსაზღვრავს!
რას ცდილობს ახლა ხელისუფლება? მართლაც აწუხებს თუ არა მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემა ფასების ზრდასთან დაკავშირებით?
დარწმუნებული ვარ არა.
ის კომპანიები, ვინც დღეს აკონტროლებენ ძირითად იმპორტს და სარეალიზაციო ობიექტებს, უკვე წლებია მჭიდროდ არიან დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, და ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად გაზრდილი ფასები სწორედ კარტელებისა და ოცნების ერთობლივი დამსახურებაა და არა უბრალოდ ეკონომიკური დინამიკის ირიბი შედეგი.
რა მოხდება შემდეგ?
როგორც უკვე ვნახეთ ნავთობპროდუქტებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე, ხელისუფლება ისევ დროებით გარიგებებს დადებს ბაზრის ძირითად მოთამაშეებთან.
ვიხილავთ ბიზნესთან შეხვედრებს და კონკურენციის სააგენტოს მოულოდნელ „გამოღვიძებას“.
შესაძლოა რამდენიმე სიმბოლური ჯარიმაც იყოს, შერჩევითი და არასისტემური.
ეს პირველ და სწრაფ შედეგს ნამდვილად გამოიწვევს.
ფასები გარკვეულ პროდუქტებზე დროებით მართლაც შემცირდება.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოქმედება არის არასისტემური და კვლავ მანიპულაციური, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასები კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ან „ფასდაკლებული“ პროდუქცია გაქრება დახლებიდან, ან კიდე უარესი, ჩანაცვლდება უხარისხო და დაბალფასიანი საქონლით როგორც ეს იაფი თურქული წამლების შემთხვევაში მოხდა.
რა არის რეალურად გასაკეთებელი:
• რეალურად დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური ორგანოს ფუნქციონირება
• ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა;
• ბაზრის რეგულირებისა და კონკურენციის მხარდაჭერის დემოკრატიული ინსტიტუტები;
• გაძლიერებული სამოქალაქო ზედამხედველობა;
• დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსგან ან დიდი კომპანიებისგან უსამართლოდ დაჩაგრული კონკურენტების ან მომხმარებლების ცავას;
• ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და საბანკო სექტორში ორი ბანკის დომინანტური როლის შესუსტება;
• საგადასახადო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და ევროპულ მოდელზე გადასვლა (დღგ-ს შემცირება, მოგების გადასახადის გაზრდა, სოციალური დაზღვევის გაძლიერება და სოც დახმარების სისტემის ეტაპობრივი შემცირება,).
• ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირება და განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა.
ევროინტეგრაცია ეკონომიკაში გულისხმობს ისეთი პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს იცავს და ეწინააღმდეგება კარტელურ შეთანხმებებსა და მაფიოზური ტიპის ბიზნესსტრუქტურების არსებობას ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური ორგანოს შექმნა საქართველო–ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების სავალდებულო წინაპირობა იყო. თუმცა ოცნებამ ის ისეთივე ფიქციად აქცია, როგორც ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ახლა სულაც გააუქმა.
„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის პირობებში ეს სისტემური რეფორმები არ და ვერ განხორციელდება.
რაც არ უნდა სოციალურ სამართლიანობაზე ისაუბროს ოცნებამ, ის მაინც ფერარიზე და ლამბორჯინზე დახამებული ელიტური ორგანიზაციაა.”