საპატრიარქო "ოცნების" მხარეს - როგორ დევნის ეკლესია პროტესტების მხარდამჭერ დოროთე ყურაშვილს
დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუჩერდა
დოროთე ყურაშვილი 15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუჩერა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
საპატრიარქოს #105 ბრძანებაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტმა, „გაფრთხილებების მიუხედავად, არაერთგზის დაარღვია საეკლესიო კანონიკური ეთიკა“ და რომ გადაწყვეტილება ეფუძნება მოციქულთა 55-ე კანონს, რომლის მიხედვითაც კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთას ექვემდებარება.
ფორმალურად, საქმე ეკლესიურ დისციპლინასა და კანონიკურ წესრიგს ეხება. თუმცა, დოროთე ყურაშვილის შემთხვევა ძნელად თავსდება მხოლოდ საეკლესიო ჩარჩოში.
ეს ამბავი ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევისა და განსხვავებული აზრის გამო ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური დევნის თვალსაჩინო მაგალითია.
მღვდელი, რომელიც პროტესტზე დადგა
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი იმ მცირერიცხოვან სასულიერო პირებს შორის იყო, ვინც ღიად და საჯაროდ დაუჭირა მხარი პროევროპულ, ანტისამთავრობო პროტესტს საქართველოში.
ის აქციების პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა დემონსტრანტებთან ერთად. როდესაც კანონი გაამკაცრეს და საჯარო უწყებებთან შეკრებები შეზღუდეს, მისი იდეა იყო ჩაეტარებინა საჯარო პარაკლისებს პარლამენტის წინ – “პარაკლისზე მოსულ ადამიანებს ხომ არ დააკავებენ”, იყო მისი ლოგიკა.

დოროთე ყურაშვილი თამამად გამოდის მედიაში ანტისამთავრობო განცხადებებით და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული და ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას „უფსკრულისკენ მიაქანებს“.
ყურაშვილმა საჯაროდ დაგმო ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც ბევრ სასულიერო პირს არ გაუკეთებია. აქციების დროს დაკავებულ პირებს იგი სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს – ეს არის პოზიცია, რომელიც მკვეთრად განსხვავდება როგორც ხელისუფლების, ისე ეკლესიის ოფიციალური რიტორიკისგან.
დოროთე ყურაშვილი ასევე ფიგურირებდა პარლამენტთან მიმდინარე შიმშილობის შეწყვეტის პროცესში – მისი თხოვნითა და კურთხევით მოშიმშილეებმა აქცია დაასრულეს. მათი მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ეხებოდა.
დევნა, რომელიც წინ უსწრებდა გადაწყვეტილებას
მღვდელმსახურების უფლების შეჩერებამდე რამდენიმე კვირით ადრე არქიმანდრიტი დააქვეითეს. 29 ოქტომბრიდან ის თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს.
ეპარქიულმა კომისიამ მაშინ განაცხადა, რომ ყურაშვილის ქმედებებში იკვეთებოდა „დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები“, მათ შორის – „ცილისმწამებლური და მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებები“.
16 დეკემბერს გამართულ საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელზეც არქიმანდრიტი არ გამოცხადდა, მას „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.
საპატრიარქოს პოზიცია დღესაც უცვლელია: გადაწყვეტილება, რომელიც ყურაშვილთან დაკავშირებით მიიღეს, არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.
თუმცა, თავად მოვლენათა ქრონოლოგია სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს.
„ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკვდება“
მღვდელმსახურების შეჩერების შემდეგ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა მწვავე განცხადებები გააკეთა.
„კომისიის გარეშე რატომ გადაწყვიტეს ეს, ჩემთვის ამოუხსნელია, მაგრამ არა მოულოდნელი. ეკლესია კვდება, ქვეყანა გვიკვდება და მღვდელი დუმს,“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, გადაწყვეტილება არაფერში შეუშლის ხელს. მისი თქმით, ის გააგრძელებს საუბარს უკვე არა როგორც მღვდელი, არამედ როგორც მოქალაქე. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ ხელ-ფეხი გაუხსნას ხელისუფლებას და მას თავისუფლების აღკვეთითა დაემუქროს.
„მართალი კაცი ციხეში თავისუფალია, ბოროტი კაცი პარლამენტშიც საპყრობილეშია,“ – თქვა მან „რადიო თავისუფლებასთან“.
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი ასევე აცხადებს, რომ აპირებს კონსტანტინოპოლის ეკლესიას მიმართოს და დახმარება სთხოვოს საქართველოში მართლმადიდებლობის გადასარჩენად.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ცდილობდა ეკლესიის შიგნიდან ესაუბრა არსებულ პრობლემებზე და იცავდა იერარქიულ ჩარჩოებს, თუმცა ახლა იძულებულია პოზიცია ეკლესიის გარედან დააფიქსიროს. ყურაშვილი აცხადებს, რომ მისი სარწმუნოებრივი სწავლება უცვლელი დარჩება, თუმცა პასუხისმგებლობას აკისრებს იმ სასულიერო პირებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ეკლესიას აზიანებენ.
მათ შორის ის აკრიტიკებს მოსაყდრეობის ინსტიტუტს, რომელსაც არაკანონიკურად მიიჩნევს, და მოითხოვს ეკლესიის მართვის სტრუქტურულ ცვლილებებს.
პოლიტიკური გამოხმაურება
არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმეს პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან გამართულ აქციაზე პირადად მივიდა მის მხარდასაჭერად.
ზურაბიშვილის განცხადებით, „რეჟიმი და სუსტი საპატრიარქო ერთდროულად და ერთი მიმართულებით მოქმედებენ“, თუმცა ვერ ახერხებენ თავისუფალი ადამიანების „დაჩოქებას“.
„ეს მათზე მეტყველებს და მათზე ექნება გავლენა მომავალში, ვიდრე მამა დოროთეზე,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სასულიერო პირების და თეოლოგების განცხადებები
ექსპერტი რელიგიის საკითხებში ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი არა მხოლოდ ვერ დაიცვა პოლიტიკური ზეწოლისგან, არამედ თავად იქცა მისი დევნის ინსტრუმენტად. მისი შეფასებით, მღვდლების – მათ შორის მამა ილიასა და მამა დოროთეს – დასჯა მიზნად ისახავს ეკლესიაში რუსული მმართველობით უკმაყოფილო სასულიერო პირების დაშინებას და კრიტიკული ხმების ჩახშობას.
მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ დოროთე ყურაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სულიერი თვალსაზრისით მის მართებულობას ადასტურებს და მას ისტორიულ პარალელს ავლებს რუსული ეკლესიის მიერ დევნილ ქართველ სასულიერო პირებთან. მისი თქმით, არქიმანდრიტ დოროთეს მხარდაჭერა არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ყველა სამშობლოსმოყვარე მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
“ტაბულას” მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ლევან სუთიძე, რომელიც რეგილიის თემებს აშუქებს, წერს, რომ მიუხედავად საპატრიარქოს მცდელობისა, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმსახურების შეჩერება პოლიტიკისგან გამიჯნოს, ეს არგუმენტი დამაჯერებლად არ გამოიყურება. მისი შეფასებით, ეკლესია საზოგადოებას სთხოვს დაიჯეროს გადაწყვეტილების ნეიტრალურობა იმ პირობებში, როცა გადაწყვეტილების მიმღები და გამკონტროლებელი ერთ სისტემაშია და ეკლესიის რიტორიკა მმართველი ძალის მესიჯებს ემთხვევა.
სუთიძე მიუთითებს, რომ ეკლესიაში სამართლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებები წმინდა სინოდს არასდროს შეუცვლია. მისი აზრით, ასეთ ვითარებაში დასჯილ სასულიერო პირებს რჩებათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის მიმართვის გზა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდეს ეკლესიაში შერჩევითი სამართლის დასაძლევად.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი სასულიერო პირი კონსტანტინე პაიჭაძე აცხადებს, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერება მის აქტიურ პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება და ეკლესიაში არსებული სისტემური პრობლემების გამოვლენაა.
მისი თქმით, ეკლესიური კანონიკა უსამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკაში დამოუკიდებელი საეკლესიო სასამართლო არ არსებობს, რის გამოც სასჯელი ხშირად ვერ ასრულებს სულიერი „მკურნალობის“ ფუნქციას და სამართლიანობის მიღმა რჩება.
დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუჩერდა