კომენტარი: გზაზე კი აღარ არის საუბარი, უკვე ტროტუარზე გავლას უზღუდავენ მარშის მონაწილეებს, ეს სამართლის რომელ ნორმაში ჯდება?
გაზიარება
გაზიარება
ნიკა სიმონიშვილის კომენტარი
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სვიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვები შეაფასა და განაცხადა, რომ უკვე ტროტუარზე გავლას უზღუდავენ მარშის მონაწილეებს და ეს არც ერთ სამართლის ნორმაში არ ჯდება.
“ქართულმა ოცნებამ” პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი ამკრძალავი კანონები 16 ოქტომბერს დაამტკიცა, რომლის მიხედვით აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება – ოცნების ხელისუფლებამ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეიტანა. ხელისუფლებამ ესეც არ იკმარა და უკვე აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადაადგილებასაც უზღუდავს.
იურისტის თქმით, თუ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვას შეეცდებიან, პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს. სიმონიშვილის მტკიცებით, უსაფუძვლოა სამართალდამცველების არგუმენტები იმის შესახებ, რომ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის გადაადგილებისთვის.
ნიკა სიმონიშვილი: “პოლიცია აქციის მონაწილეებს აღარ აძლევს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას და ამიტომ აქციები გახდა უფრო მობილური – დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. ეს პროტესტის იმდენად ეფექტური ფორმა აღმოჩნდა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, არ აწყობდათ თბილისის ქუჩებში ბევრ ადამიანს დაენახა პროტესტის შესახებ, ამიტომ სხვადასხვა ქუჩაზე უქმნიან წინააღმდეგობას აქციის მონაწილეებს.
28 ნოემბერს რას გააკეთებენ, როდესაც ათასობით ადამიანი კვლავ გამოვა ქუჩაში? ისევ შეეცდებიან, რომ ტროტუარზე დააყენონ პოლიციელები და შეკრება შეზღუდონ? ამას ხომ ვერ გააკეთებენ. 28 ნოემბერს ათასობით ადამიანი გამოვა და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ ათასობით ადამიანი აპროტესტებს იმას, რასაც “ქართული ოცნება“ აკეთებს. რეალურად, ტროტუარზე გავლას უზღუდავენ ადამიანებს, რომლებიც მარშში მონაწილეობენ.
გზაზე კი არ არის საუბარი. ეს სამართლის რომელ ნორმაში და ჩარჩოში ჯდება? სამართლის ვერცერთ ნორმას ვერ ასახელებენ, რომლითაც ტროტუარზე გადაადგილება არის შეზღუდული. “ქართული ოცნების“ კანონებშიც კი, ტროტუარზე პროტესტის გამართვა და გადაადგილება შეზღუდული არცერთ შემთხვევაში არ არის.
ის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ცვლილებით მიიღო, ეს არის ისევ და ისევ მისი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგი. რეალურად, დღეს ‘ქართული ოცნების“ მდგომარეობა არის კედელში რომ წყალი ჟონავს, ხან ერთ ადგილს ააფარებ ხელს, ხან მეორეს, მაგრამ ის წყალი აუცილებლად სხვა ადგილას გამოჟონავს. თუნდაც ის, რომ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვას შეეცადონ, ეს პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს.
არგუმენტები, რომ საკმარისი რაოდენობა არ არის, ეს არგუმენტი სამართლებრივად არანაირად ვარგისი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო – ეს არ არის შეკრება შეკრებით, ეს არის გადაადგილებით შეკრება და ამ ფორმით ხდება. თან ხდება მთაწმინდის, სოლოლაკის ქუჩებში, სადაც ვიცით, რომ ძალიან ვიწრო ქუჩებია, მოძრავია და ადამიანების საკმარისობაზე მითითება არავითარ შემთხვევაში არ არის ვალიდური. “ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე კორდონი დააყენეს და ადამიანებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, პროტესტმა ფორმა იცვალა და უფრო მეტად მობილური გახდა.“