როგორ ზეიმობს რუსული პროპაგანდა ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის წართმევას
ემიგრანტების ხმების გაუქმება
“ქართული ოცნება” საზღვარგარეთ ხმის მიცემას აუქმებს და მიგრანტებს ეუბნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოდან შეეძლებათ.
17 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამით ხელისუფლება არჩევნებს “გარე ჩარევისგან” იცავს. უცხოეთში მყოფი ქართველები “უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიდან” – თქვა მან.
“მორიგი შუა თითი” დასავლეთს
მმართველი პარტიის დაანონსებულმა რეფორმებმა რუსი და პრორუსი პროპაგანდისტების დიდი ქება დაიმსახურა.
მათი მთავარი ქათინაური ასეთია – “ოცნებამ” მოლდოვას მაგალითზე ჭკუა ისწავლა და არ დაუშვებს, რომ კენჭისყრის ბედი პრო-ევროპელი ემიგრანტების ხმებმა გადაწყვიტოს.
“ქართველებმა მორიგი შუა თითი გაუგზავნეს ბრიუსელსა და ვაშინგტონს! ყოჩაღ!” – დაწერა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა, “მორდორის ლომმა”.
“ქართველები უბრალოდ ყოჩაღები არიან” – წერს ტელეგრამ- არხი ზე რადა და განმარტავს, რომ მოლდოვის რესპუბლიკაში ემიგრანტებმა ხმა ევოინტეგრაციას მისცეს, საქართველოს ხელისუფლებამ კი “ ეს გაკვეთილი სწრაფად აითვისა”.

“2024 წელს მოლდოველმა რელოკანტებმა გადაწყვიტეს მოლდოვაში ხალხმა როგორ უნდა იცხოვროს.” – ამბობს ანონიმური არხი, “ბოროტი ჟურნალისტი ”.
“იმის გათვალისწინებს, რომ მოლდოვაში სანდუ მხოლოდ ევროპული უბნებიდან აირჩიეს, ეს მართლაც ჭკვიანური აზრია.” – წერს კიდევ ერთი პროპაგანდისტი.
რა მოხდა მოლდოვაში?
პროპაგანდისტები და, მათი მტკიცებით, “ქართული ოცნებაც”, დაზაფრა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც პრეზიდენტი მაია სანდუ პრორუს ალექანდრ სტოიანოგლოს დაუპირისპირდა.
20 ოქტომბერს, პირველი ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მეორეში კი მაია სანდუმ ხმათა 55,3% მიიღო.
სულ 3 ნოემბერს გამართულ მეორე ტურში ხმა დაახლოებით 1,7 მილიონმა ადამიანმა მისცა. მათი დაახლოებით 19% (სადღაც 330,000 მოლდოველი) მონაწილეობდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ეს იყო დიასპორის ყველაზე მაღალი აქტიურობა მოლდოვას ისტორიაში.
დიასპორის სრულმა უმრავლესობამ, დაახლოებით 270,000 ამომრჩეველმა მხარი სანდუს დაუჭირა.
ამ ხმებმა არჩევნების ბედი გადაწყვიტა. მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიცემული ხმებით სტოიანოგლომ იმარჯვა (51% – 49%-ის წინააღმდეგ).
არჩევნებთან ერთად, მოლდოვაში რეფერენდუმიც გაიმართა. მოსახლეობას ჰკითხეს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის აუცილებლობა. მხარდამჭერებმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს.
“თეთრი ხელთათმანების” გარეშე
მოლდოვის შემხედვარე, “ქართულმა ოცნებამ” სწორი დასკვნები გამოიტანა. სხვა ქვეყნებიც უნდა დაფიქრდნენ უცხოეთში ხმის მიცემის გაუქმებაზე,” – წერს რუსი სამხედრო პროპაგანდისტი ბორის როჟინი.
იგი ამტკიცებს, რომ მიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევით, ხელისუფლება თავს იცავს ევროკავშირის მიერ “თავსმოხვეული” შედეგებისგან.
სხვა “კოლეგების” მსგავსად, როჟინი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნებს აყალბებენ, თუმცა ამის არავითარი მტკიცებულება არ მოჰყავს.
პრორუსული არხისთვის, “ღია უკრაინისთვის” კიდევ ერთ სასახარულო ამბავი ისაა, რომ “ოცნება” აუქმებს ევროკავშირის რეკომენდაციით შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროსაც.
“საქართველოში დაშტერების ევროპული ტექნოლოგიები ვერ დამკვიდრდა.” – წერს ის.
“საქართველოს სუვერენიტეტისთვის ეს ცალსახა პლიუსია,” – ამტკიცებს პოპულარული ბლოგერი ტატიანი პოპი.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არ სურს მიბაძოს მოლდოვას და უკრაინას. მოლდოვაში დიასპორის ხმებია გადამწყვეტი, უკრაინაში კი ანტიკორუფციული დამკვირვებელი გარედან იმართება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, “ქართული ოცნება” რუს პროპაგანდისტებს გულში ჩაუვარდათ.
ქება გაძლიერდა ე.წ. “აგენტების კანონის” მიღებისა და ევროინტეგრაციის გაყინვის შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ქათინაური, რომელსაც ხელისუფლება იღებს, “სუვერენეტიტის” და “ეროვნული ინტერესების” დაცვაა. ეს ზუსტად იგივე არგუმენტებია, რითაც ამართლებს საკუთარ ქმედებებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმი.
ასეა ახლაც.
“საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული,” – წერს არხი “გაჟღერებული ფიქრები”.
ავტორის მტკიცებით, ემიგრანტების არჩევნების გარეშე დატოვება ხისტი ნაბიჯია. თუმცა “ოცნებას” “მუდმივი საგარეო ზეწოლისა და ქვეყნის შიგნით ვითარების არევის მცდელობების პირობებში, თეთრი ხელთათმანებისთვის აღარ სცხელა”.
1,5 მილიონი ქართველი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ქართულმა ოცნებამ” საზღვარგარეთ 67 უბანი გახსნა და იქ ხმათა მხოლოდ 13.49% მიიღო.
2020-ში “ოცნებამ” ემიგრაციიდან ხმების 29% წამოიღო, 2016-ში – 39,6%.
ოქტომბრის არჩევნებში ხმა 34296-მა ადამიანმა მისცა, არადა რეგისტრირებული იყო 95910 ამომრჩეველი.
“ქართულმა ოცნებამ” მაშინ ემიგრანტების დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ბევრ ქვეყანაში უბნებისა და უბნებზე რეგისტრატორების სიმწირის გამო ბევრმა არჩენებში მონაწილეობა უბრალოდ ვერ მოახერხა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სულ უცხოეთში 1,5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.
longread