საქართველოში 8,5 წელი მიუსაჯეს პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ რუს აქტივისტებს. მათ ნარკოდანაშაულში სდებენ ბრალს
ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო 8 წელი და 6 თვე პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ რეალურად ხელისუფლება მათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროტესტებში ჩართვის გამო სჯის.
თავის ემოციურ საბოლოო სიტყვაში ანასტასია ზინოვკინამ გამოაცხადა, რომ იწყებს შიმშილობას. მისი მოთხოვნაა არა მხოლოდ არტემ გრიბულის, არამედ კიდევ ერთი რუსი აქტივისტის — ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის გათავისუფლება.
„ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ ადამიანურად გასამართლებაც კი, კანონის შესაბამისად, ეზარებათ. ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ ვართ მძევლები. ჩვენ ვართ მძევლები, რომლებიც ცოცხლად არიან დამარხული. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ჩვენ ტყვეები ვართ.
ათასი შუამდგომლობა გავაგზავნე და ვთქვი სასამართლოშიც. თავიდან მპასუხობდნენ და უარს მეუბნებოდნენ, საფუძვლის გარეშე, მერე საერთოდ შეწყვიტეს პასუხის გაცემა, უბრალოდ დადუმდნენ. ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც აღარც ფარისევლობენ. ჩვენ დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. დაგვხოცავენ, თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ, ჩვენზე ლაპარაკობთ და გვეხმარებით. ცოცხლები ვართ, სანამ თქვენ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს ცხოვრებას“, – თქვა საბოლოო სიტყვაში ანასტასია ზინოვკინამ.
რამდენიმე თვის განმავლობაში ზინოვკინა ამტკიცებდა, რომ დაკავებისას პოლიციელები მასზე ძალადობდნენ და სექსუალურადაც ავიწროებდნენ, თუმცა გამოძიება ამ ბრალდებებს არ შეხებია.
12 სექტემბერს, დასკვნით სიტყვაში, მან კვლავ გაიხსენა დაკავებისას ნათქვამი მუქარა — „იყვირებ ტკივილისგან და ექიმიც არ მოვა“ — და აღნიშნა, რომ ეს სიტყვები უკვე რეალობად იქცა.
აქტივიზმი რუსეთში და უცნაური ბედისწერა
31 წლის ანასტასია ზინოვკინას ბიოგრაფიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის ხელისუფლების სამიზნე ხდება. მისი ისტორია რუსეთში ათ წლიანი პროტესტების ისტორიაა: “ოკუპაი აბაი”, სახელმწიფო სათათბიროს პიკეტები, პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, დაპატიმრებები და ეფ-ეს-ბეს ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში. 2012 წლიდან ის რუსეთში გამართული ყველა საპროტესტო აქციის მონაწილეა.
საქართველოში ანასტასია 2022 წლის ბოლოს ჩამოვიდა, რადგან, მისი თქმით, სამშობლოში ყოფნა პოლიტიკური მოსაზრებებით უკვე გაუსაძლისი იყო.

არტიომი საინტერნეტო ტექნოლოგიების სპეციალისტია – ის ომში გაწვევას ჯერ განერიდა სომხეთში, სადაც 2023 წელს ანასტასიამ ჩააკითხა და საქართველოში ერთად წამოვიდნენ.
ანასტასია ზინოვკინას თქმით, მათი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა — ისინი ბრაზილიაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ და შინაურ კატებთან ერთად უნდა გაფრენილიყვნენ. რადგან სომხეთში ცხოველების საბუთების გაკეთება გაჭიანურდა, მეგობარმა ურჩიათ, თბილისში ეცადათ. „ასე აღმოვჩნდით თბილისში. 2025 წლის 13 ივნისისთვის თბილისიდან ბრაზილიაში ბილეთები ნაყიდი მქონდა,“ — ჰყვებოდა ანასტასია სასამართლოზე.

ამ დროს, 2024 წლის ბოლოს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელთაც ორივე რუსი აქტივისტი მოხალისეობრივად შეუერთდა — ისინი ცხელ ყავას და ჩაის არიგებდნენ და დაშავებულებს პირველადი დახმარებას უწევდნენ.
17 დეკემბერს ისინი ერთად დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ჩხრეკისას მათგან მძიმე ნარკოტიკი, 16 გრამი ალფა-PVP ამოიღეს, რაც კანონის მიხედვით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ორივე ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. მათ დაკავებას თან ახლდა მრაცალრიცხოვანი პროცედურული დარღვევები, ასევე პოლიციის მხრიდან მუქარა და ძალადობა. საქმეში პოლიციის მიერ მათი დაკავების და ნარკოტიკების აღმოჩენის ვიდეოჩანაწერიც არ არსებობს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ წყვილი ანონიმურ ინფორმატორზე დაყრდნობით დააკავეს. კანონის თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაგეგმილ ჩხრეკას აუცილებლად უნდა ახლდეს ნეიტრალური მტკიცებულება. ეს შეიძლება იყოს ჩხრეკისას გადაღებული ვიდეო, ან უნდა არსებობდეს ნეიტრალური მოწმე (მაგალითად, უცნობი გამვლელი). ამ საქმეში (ისევე, როგორც ნარკოტიკების დანარჩენ 4 საქმეშიც) ასეთი მტკიცებულება და ასეთი მოწმე არ არსებობს.

ზინოვკინასა და გრიბულის საქმე არ არის ერთადერთი: იმავე დღეებში, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებიღ კიდევ ოთხი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე ანტონ ჩეჩინი.
საგულისხმოა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეები თითქმის იდენტურია, თუმცა რუსეთის მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენები განსხვავდება საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოტანილი განაჩენებისგან – ნიკა კაცია, თედო აბრამოვი და გიორგი ახობაძე ამავე ბრალდებით სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. რუსეთის მოქალქეებს ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს კი 8 წელი მიუსაჯა, ხოლო ანტონ ჩეჩინს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და მას რუსეთში ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკას ადარებენ.
● სამოქალაქო და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრად შეიძლება ჩაითვალოს 60-ზე მეტი ადამიანი.
● 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.