სუსი: უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოში "ჰექსოგენი" შემოიტანეს. შესაძლოა, იყოს კავშირი 4 ოქტომბერთან
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
საქართველოში უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც, სუსის განცხადებით, შესაძლოა საერთო ჰქონდეთ “4 ოქტომბერს დაანონსებულ, რადიკალური ოპოზიციის გეგმებთან”.
სუს-ის განცხადებით, საქართველოში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებმაც საქართველოში შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება “ჰექსოგენი”. ეს ნივთიერება უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო გადაცემული და, შესაძლოა, საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყო განკუთვნილი. ნივთიერება ავლაბრის ერთ-ერთ კორპუსში ინახებოდა.
_____________
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმის გადასამოწმებლად, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინელი მოქლაქეების მიერ საქართველოში ფეთქებადი ნივთიერების შემოტანას და “რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის”.
საქმის დეტალები ასეთია:
უკრაინის ორი მოქალაქე 10 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვართან დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მათ ფეთქებადი ნივთიერების შეძენას, შენახვას, ტარებას, გასაღებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანას ედავება.
პროკურატურის ცნობით, სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც შენიღბული სამალავებით 2,4 კგ ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება მოჰქონდა, უკრაინიდან მოდიოდა, გამოიარა რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ტერიტორია და საქართველოში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ შემოვიდა.
„დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სუსის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საბოლოოდ რუსეთის ფედერაციაში უნდა ჩასულიყო და იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“.
თუმცა, როგორც მაღრაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე “ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ერთადერთ საბოლოო ლოკაციად ჩანს თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი”.
უკრაინის დაკავებულ მოქალაქეებს პროკურატურამ ბრალი 12 სექტემბერს წაუყენა. ასევე ითქვა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინია“ ამოღებულია.
დაკავებულებს ბრალდება ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანა რაც სასჯელის სახედ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ასევე ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
_________
4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და საკუთარ ამომრჩევლებს მასშტაბურ მიტინგზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის იდეა მოდის “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელმაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს თვითმმართველობის არჩევნების დღეს მასშტაბურ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს.