გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები აგვისტოს ომში რუსეთის ქმედებებს გმობენ. აშშ ხელმომწერთა შორის არ არის
აგვისტოს ომი
2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ მსგავსი ტიპის განცხადების ხელმომწერთა შორის არ ფიგურირებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა, თუმცა უწყების წერილი უფრო ინფორმაციული ხასიათისაა.
დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, დეკლარაცია გაეროში სლოვენიის ელჩმა, ონდინა ბლოკარ დრობიჩმა წაიკითხა. მისი თქმით, დეკლარაციას ხელს აწერენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო და სლოვენია, ასევე, საბჭოს მომავალი წევრი, ლატვია.
გარდა ამისა, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ გმობენ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბალიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობებს და ხაზგასმულია, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
“ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, რაც ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას, ასევე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი საქართველოს რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, მათ ენაზე განათლების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას მავთულხლართების აღმართვას. ასევე, რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არასანქცირებული ფრენების, რკინიგზისა და საზღვაო კავშირების დამყარებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ. ვიმეორებთ ჩვენს 17 წლის წინანდელ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენტარი
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა მეგობრების გარეშე დატოვა და რუსეთისა და მისი მოკავშირეების გავლენის ქვეშ მოაქცია.
მისი განმარტებით, 2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად, აშშ გაეროში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია.

თინა ბოკუჩავა: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც უწყება, ოფიციალურად აღარ არსებობს.
გუშინ გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე 2008 წლის ომის დახურული განხილვის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, პირველად 17 წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. ეს არ არის ქართული დიპლომატიის კრახი, ესაა დასტური იმისა, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია.
იმდენად გადაიმტერა ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ღია მხარდაჭერამ 2008 წელს, ქართული ჯარის გმირობასთან ერთად, შეაჩერა პუტინი და შეგვინარჩუნა სახელმწიფო, დღეს ომის საკითხზე განცხადებაზე თავს იკავებს!
რატომ? იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილის „რუს-ქოცური“ რეჟიმი ამერიკას მტრად აცხადებს, ომის დაწყებაში ადანაშაულებს და მოკავშირეებად რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აცხადებს!
ამერიკა მოიძულეს, მაგრამ ქება-დიდებას იმსახურებენ „რუს-ქოცები“ ამავე გაეროში პუტინის წარმომადგენლის მოადგილესთან. ვინმე დიმიტრი პოლანსკი ამაყობს, რომ საქართველოს დღევანდელი (დე ფაქტო) ხელისუფლება სიბრძნით მოქმედებს, რის შედეგადაც საქართველო რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ამიტომ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2012 წლიდან, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის „რუსული ოცნება“, არის „პუტინის ოცნება“, სადაც საქართველო დარჩენილია რუსეთის პირისპირ მარტო, საერთაშორისო იზოლაციაში, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. პუტინთან ურთიერთობის კი მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს: მონობა, მსახურება, მძევლობა და ჩაგვრა.
მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის ქართველი ერი ივანიშვილთან წააგებს? არა! არამც და არამც! ჩვენ გავიმარჯვებთ და დავიბრუნებთ ეროვნულ ღირსებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ივანიშვილმა აყარა! ჩვენ დავიბრუნებთ საქართველოს!”