აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების შევიწროებასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია “ფორმულას” სახდეპში განუცხადეს, რომ ახალ კანონებში შეტანილ ცვლილებებს ივანიშვილის მთავრობა, მისი კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს, რითაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, “დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.” – განუცხადეს ფორმულას აშშ-ის სახდეპში.
24 ივნისს “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნო და 7 თვით პატიმრობა შეუფარდა. მას 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.
23 ივნისს, “ქართული ოცნების” სასამართლომ ოპოზიციის სამ ლიდერს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს (ლელო – ძლიერი საქართველო), ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (კოალიცია ცვლილებებისთვის) პატიმრობა შეუფარდა.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში უკვე სხედან ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია (კოალიცია ცვლილებებისთვის) და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ყველა მათგანს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.