ბაჩიაშვილის უცნაური დაკავება. შამანები, ზვიგენები და სხვა დეტალები ოლიგარქის ცხოვრებიდან
ბაჩიაშვილის დაკავება
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან, წითელ ხიდთან, დააკავეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საქართველო მას წითელი ცირკულარით ეძებდა – ბაჩიაშვილს ბრალად ედება 42 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისება. თუმცა, მისი საერთაშორისო ადვოკატები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა და საქართველოში ის იძულებით დააბრუნეს.
დაკავება მწვანე საზღვართან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ბაჩიაშვილი დააკავეს 26 მაისს, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის მდებარე ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთში ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად. სუს-ის ინფორმაციით, მის ადგილმდებარეობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღეს. არ ზუსტდება, რომელი ქვეყნის საზღვართან გადაადგილდებოდა ბაჩიაშვილი – აზერბაიჯანის თუ სომხეთის.
ბაჩიაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველოს და რუსეთის).
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა მას 40 მილიონამდე აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. 2023 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიასვილს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. 2025 წლის 2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან მალულად გაიქცა. როგორც სუს-ი თავის განცხადებაში აღნიშნავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
ამის შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი კატარში და/ან არაბთა გაერთიანებული საამიროებში იყო.
პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე – საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.
როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი წითელ ხიდთან?
ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურისტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ის საქართველოში იძულებით დააბრუნეს. ადვოკატები მიუთითებენ წამების, არასათანადო მოპყრობისა და უსამართლო სასამართლო პროცესის რეალურ საფრთხეებზე.
ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავება არათუ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. იურისტი რობერტ ამსტერდამი საქართველოს ხელისუფლებას სდებს ბრალს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებაში და აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური დევნის სამიზნეა.
თეორიები ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ
რატომ და როგორ აღმოჩნდა ძებნილი ბაჩიაშვილი მწვანე საზღვართან?
მედიაში ვრცელდება ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დახურული შეთანხმება გააფორმა – ბაჩიაშვილის ექსტრადიციის სანაცვლოდ თბილისმა მხარი დაუჭირა მათ კანდიდატს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნის (UNWTO) პოსტზე. ამ ვარაუდს წინ უძღოდა სკანდალი – რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა UNWTO-ს მოქმედი ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის ხელახალ მხარდაჭერაზე. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისივე თანაგუნდელი პოლოლიკაშვილი საამიროებს რაღაცაში “გაუცვალა”.
ინტერვიუ Guardian-თან: ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ, შამანები, და სხვა
დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს – მისი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული, სავარაუდოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან, ჩეჩნეთიდან მოქმედი დაჯგუფების მეშვეობით.
“ათ წელზე მეტი ხანს ის ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა, კარჩაკეტილ მილიარდერთან და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, რომელიც საქართველოს დე ფაქტო ლიდერად არის მიჩნეული”, – წერია სტატიაში. Guardian ასევე წერს, რომ გასული წლის დეკემბერში ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა “რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის”.
როგორც გამოცემა წერს, უსაფრთხოების მიზეზების გამო ბაჩიაშვილმა სთხოვათ მისი ადგილსამყოფელი ანონიმური დარჩენილიყო. მისი მონათხრობი თუნდაც ისეთი ადამიანის, რომელსაც წყენა აქვს და იძებნება, გვაძლევს წარმოდგენას იმ ადამიანის მენტალიტეტზე, რომელსაც აბრალებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნა. “ის შესწირავს ქვეყანასა და მის ინტერესებს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის”, – ამბობს ბაჩიაშვილი ივანიშვილზე.
ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა და „პანამის დოკუმენტები“
სტატიაში მოთხრობილია როგორ გახდა გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის მარჯვენა ხელი. კერძოდ ის თუ როგორ დაიწყო უძრავი ქონების გარიგებებზე მუშაობა მოსკოვში, ივანიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში ბაჩიაშვილმა, დედამისის დახმარებით, რომელიც ივანიშვილის დედის თვალის ექიმი იყო. სწორედ ბაჩიაშვილის დახმარებით პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, ივანიშვილმა რუსეთში აქტივები გაყიდა.
2016 წელს “პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნებამ აჩვენა, რომ ივანიშვილი მალავდა, რომ ფლობდა კომპანიას, რომელსაც მართავდა უკვე დახურული პანამური ფირმა Mossack Fonseca. ამ კომპანიის საქმიანობა ბუნდოვანი იყო. თუმცა როგორც ბაჩიაშვილი ბრიტანულ გამოცემას ეუბნება, სწორედ ეს კომპანია მართავდა ივანიშვილის 1.3 მილიარდ დოლარად შეფასებულ ხელოვნების ნიმუშების პორტფელს, რომელიც ნიუ იორკსა და ლონდონში ინახებოდა. Lynden Management Ltd-ის ზედამხედველობა სწორედ ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობა იყო.
“2022 წელს სანქციების შიშის გამო, მან ხელოვნების ნიმუშები საქართველოში დააბრუნა. იმისთვის, რომ აეცილებინა საიმპორტო მოსაკრებელი, ქონების გადასახადი და ამ ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული მოგების გადასახადი, მან მიიღო “ოფშორების კანონი”. ანუ დაახლოებით 400 მლნ დოლარი ამოიღო საქართველოს ჯიბიდან”, – ამბობს ბაჩიაშვილი.
ივანიშვილის ადვოკატი Guardian-ს საუბრისას ბაჩიაშვილის ბრალდებებს ტყუილს უწოდეს და ამატებს, რომ ოფშორული ზონების გამოყენება დანაშაული არ არის.
„სულთანის და მისი მსახურების დამოკიდებულება“
როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თანამდებობიდან წასული ივანიშვილის და მისი პრემიერების ურთიერთობა “გაბრაზებული ბოსის და იდიოტი თანამშრომლის” მსგავსი იყო.
“ივანიშვილის რეზიდენციაში მგონი ყველაზე ხშირი სტუმარი ვიყავი”, – ამბობს ის და ამატებს, რომ ხედავდა როგორ მიდიოდნენ პრემიერები, მოსამართლეები, გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი. “ზოგჯერ ის უყვიროდათ, ზოგჯერ კი უსარგებლოებს ეძახდათ. სულთანის და მისი მსახურების დამოკიდებულების მსგავსი იყო”, – ამბობს ბაჩიაშვილი.
ივანიშვილის ადვოკატი ამ განცხადებებს მილიარდერის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობას უწოდებს.
საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ასევე ცნობილია ეგზოტიკური ცხოველების კოლექციით, მათ შორის ჰყავს ზებრები, ფარშევანგები. როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მას ასევე ჰყავს დელფინები და ზვიგენები. გამოცემა ივანიშვილის ხეებით გატაცებაზეც ამახვილებს ყურადღებას. “ის უნდა ფლობდეს რამეს, რომ შეიყვაროს – ასეთია მისი მსოფლხედვა,” – ამბობს ბაჩიაშვილი.
მისივე თქმით, ივანიშვილი შეპყრობილია მოკვდაობის საკითხით და იტარებს ყველა ექსპერიმენტულ პროცედურას – ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციას და ყველა ამ გიჟურ ვუდუს რიტუალს. მისი ვუდუს ოსტატი იულია კრუშანოვა მასთან ცხოვრობს.
როგორც Guardian წერს, კრუშანოვა თავს ანტიეჯინგ მედიცინის სპეციალისტს უწოდებს და არსებობს ცნობები, რომ ქორწინებაშია რუსეთის სადაზვერვო ოფიცერთან. შამანზე, რომელიც ივანიშვილთან ცხოვრობს სიცრუეს უწოდებს ადვოკატი.
“ბაჩიაშვილის ეს განცხადების არის აბსურდი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არანაირი ექიმი მასთან არ ცხოვრობს და არც რაიმე ექსპერიმენტი მიმდინარეობს”. თავად კრუშანოვამ ბრიტანულ გამოცემას კომენტარი არ მისცა.
„საქართველოს ომში ჩართვაზე“ საუბრები და გაფუჭებული ურთიერთობა
Guardian-ს ბაჩიაშვილი უყვება თუ როგორ დაიწყო ივანიშვილმა “საქართველოს ომში ჩართვაზე” საუბარი, რასაც შემდეგ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიც იმეორებდნენ.
“მეუბნებოდა, რომ Credit Suisse-ის მთელი ის საგა სინამდვილეში Credit Suisse-ის კი არ იყო, არამედ გარე ძალები მაგალითად ამერიკელები ცდილობდნენ მისთვის ფული წამართვან, რათა სანაცვლოდ საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა მოეთხოვათ.
“ზოგჯერ 30-40 წუთს მელაპარაკებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკაში ვიყავი. აზრებს მიზიარებდა ამ საკითხზე. ამბობდა, რომ ისეთი ტიპის ადამიანია, რომ თუნდაც იარაღი დაადონ თავზე ასეთ რამეს არ დაემორჩილება. ვფიქრობდი, რატომ მელაპარაკება ეს კაცი ყოველდღე 40 წუთის განმავლობაში ამ თემაზე. მერე მივხვდი, რომ ეგონა ჩვენი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა. ზოგჯერ იტყოდა ხოლმე: შენს მეგობრებს უთხარი რომ ამ აზრზე ვარ”, – ამბობს ბაჩიაშვილი და ამატებს, რომ 2022 წლამდე ივანიშვილს ჰქონდა ილუზია ჩდრილოვანი მმართველოს პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდებოდა, თუმცა შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროკავშირი ასეთი მმართველობითი სისტემით საქართველოს არ მიიღებდა. ამიტომ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ რუსეთისგან სვლა მისთვის გამოსავალი იყო. ივანიშვილის ადვოკატი ამ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი ჰყვება, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუფუჭდა, როცა ღიად დაიწყო უკრაინის მხარდაჭერა. როგორც ამბობს, Instagram-ზე გამოქვეყნებული მხარდამჭერი პოსტების გამო ივანიშვილმა დაურეკა კიდეც: “პირველი შემთხვევა იყო, როცა გაგიჟებული იყო. ყვიროდა და იმუქრებოდა. ძირითადი გზავნილი იყო, რომ “გირჩევნია გაჩუმდე და შენი ადგილი იცოდე. ივანიშვილის ადვოკატი მსგავს საუბარს უარყოფს.
სტატიაში ასევე აღწერილია როგორ დაიწყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ჯერ გარიგება ივანიშვი-ბაჩიაშვილს შორის შემდეგ კი დაპირისპირება და სამართლებრივი დევნა.
დაკავება და საფრთხეები
ბაჩიაშვილი Guardian-ს ეუბნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ ივანიშვილი ციხეში დამტვრევით დაემუქრა. ამას ივანიშვილის ადვოკატი ყვითელი პრესის დონის განცხადებას უწოდებს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გაქცევა მარტივი არ იყო: “ყველაფერს ტოვებ და არ იცი წარმატებული იქნება თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში სიკვდილი მელოდა”.
როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, საქართველოში ბრალის წაყენების შემდეგ ჩამოართვეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პასპორტები, თუმცა რუსულ პასპორტს ვადა გაუვიდა, რამაც მას რუსეთში ამ პასპორტის ჩუმად განახლების შესაძლებლობა მისცა. სწორედ ეს პასპორტი გამოიყენა სომხეთის საზღვარზე, სომხეთიდან კი ის კატარში გაფრინდა, ხოლო კატარიდან სად გაემგზავრა, უცნობია.
ბაჩიაშვილის თქმით, არა მხოლოდ სიკვდილის საფრთხე უდგას, არამედ პირდაპირ გააფრთხილეს, რომ ბრძანება გაცემულია, თუმცა არ სჯერა, რომ ეს ივანიშვილისგან მოდის.
“ვშიშობ, ეს შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ თუ ისინი მოახერხებენ, რომ მკვლელობა მას გადააბრალონ, მაშინ მცირე შანსი იქნება აშშ-თან ნორმალური დიალოგი წარმართოს ან უფრო მეტად წამოეგება ანკესზე”. ბაჩიაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ივანიშვილს დასავლეთის ჯაშუში ჰგონია და ამიტომ შეაქცია ზურგი. “ივანიშვილისთვის ძალაუფლებას ჩაბღაუჭება ეგზისტენციურია და ამისთვის იბრძვის”.