30 ევროპარლამენტარი ევროკომისარს მიმართავს და საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით გადამწყვეტ რეაგირებას მოითხოვს
ევროპარლამენტარების წერილი
30-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართა და საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირისგან გადამწყვეტი რეაგირება მოითხოვა. მათი ერთობლივი წერილი ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
კოლსი აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში გადამწყვეტი მომენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის რეგიონში გავლენისთვის გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში შექმნილი საგანგაშო სიტუაციის ფონზე არჩევნებზე უფრო ძლიერი სადამკვირვებლო მისია უნდა მობილიზდეს. ამასთან, ევროპარლამენტარები რუსული კანონის მიღების გამო შეშფოთებულნი არიან და მიიჩნევენ, რომ ის ორგანიზაციების შევიწროებას ისახავს მიზნად.
ევროპარლამენტარების მიმართვა
ევროპარლამენტარები იმ ოთხ პუნქტიან სამოქმედო გეგმაზეც საუბრობენ, რომლებიც საქართველოში არჩევნების არადემოკრატიულად წარმართვის შემთხვევაში უნდა გატარდეს:
- ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: თუ არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის განადგურების ან საარჩევნო პროცესში ჩარევის სანდო მტკიცებულება იარსებებს, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარება შეაჩეროს. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება უცვლელი უნდა დარჩეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
- სანქციები ძირითადი პირების მიმართ: ევროკავშირმა უნდა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი დემოკრატიული პროცესის შელახვაზე. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ქმედებებს, რომლებიც ანადგურებს დემოკრატიას. სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, ვიზის აკრძალვასა და მოგზაურობის შეზღუდვას.
- საქართველოს ევროკავშირში კანდიდატურის ფორმალური მიმოხილვა: თუ არჩევნები სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, EU-მ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ოფიციალურად უნდა გადახედოს. ამ მიმოხილვამ უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები კანდიდატი ქვეყნებისთვის საჭირო დემოკრატიულ პრინციპებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახრებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს.
- სახალხო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა შეშფოთება აქტიურად უნდა მიაწოდოს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხსაც. საჯარო განცხადებები და მაღალი დონის დიპლომატიური ვიზიტები კონცენტრირებული უნდა იყოს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.
“მთავრობის თქმით, ეს კანონი გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით შეიქმნა, თუმცა ფინანსთა სამინისტრო უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობას უკვე აკონტროლებს. შესაბამისად, ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის საშუალებაა. აღნიშნული ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის ტაქტიკას წააგავს, რაც დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს უქმნის.” – ვკითხულობთ წერილში.
20 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბელარუსის სცენარი არ განმეორდება, რომლის არჩევნები ევროკავშირმა არ აღიარა. მან აღნიშნა რომ “ეს ყველაზე ცუდი სცენარია” და იმედია აქამდე საქართველო არ მივა.
პაველ ჰერჩინსკი ასევე იმეორებს ევროკავშირის პრესსპიკერის გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა რეაგირებისთვის. მისივე თქმით, “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, რაც მათ შორის მოიცავს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას.
“ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასე გვსურს მოვლენები განვითარდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, მოგვიწევს, მივმართოთ ზომებს.” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.