ევროკომისიის პრესსპიკერი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერებაც
ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი POLITICO-სთან აცხადებს, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას და მზადაა შესაბამისი რეაგირებისთვის. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერებაც.
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება
“ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას და მზადაა შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. ივნისში საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე წევრ ქვეყნებთან სიღრმისეული დისკუსია გაიმართა. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციური დროებით შეჩერება.
შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის, ასევე საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში.
ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება.
ვიზალიბერალიზაციის ამ კრიტერიუმების შესრულების შესახებ ევროკომისია ყოველწლიურ მიმოხილვას აკეთებს. ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ასევე არის გაწევრიანების პროცესის ძირითადი პრინციპი და შეფასდება მომავალ გაფართოების ანგარიშში.” – აღნიშნულია პრესსპიკერის პასუხში.
17 სექტემბერს ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის სრულ კონსენსუსს არ საჭიროებს და 15 ქვეყნის თანხმობაც საკმარისია.