კომენტარი: "ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს კონფლიქტის მოგვარება, მათ უნდათ, გარეცხონ და გაასუფთაონ რუსეთის სახე
პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი
კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა “რეზიუმეში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 2008 წელს არ დაწყებულა კონფლიქტი და “არ დამთავრებულა”. როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, “როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდს იღებ”, აშკარად ჩანს, რომ ეს არის შურისძიება პოლიტიკურ პარტიაზე – “ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ამას არაფერი საერთო არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილი მთლიანად „მოაჯდა“ რუსულ ნარატივს და მისი მთავარი ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.
ბიძინა ივანიშვილმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა.
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება ბოდიშთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, იმდენად დაკარგული აქვს კონტროლი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, როგორც 2020 წლის არჩევნების წინ „გარეჯი საქართველოა“ ტოტალურად გაავრცელეს და შემდეგ ერთ დღეში დაავიწყდათ.
რამდენჯერ იყო ამის შემდეგ შეხვედრები საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან, არასდროს დღის წესრიგში აღარ ყოფილა, არც უხსენებიათ.
თავისი სიმძიმით, თავისი წინდაუხედაობით, თავისი ცინიზმითაც კი, რა თქმა უნდა, ეს უფრო მაღალია, რადგან ადამიანების სიცოცხლეს ეხება და რაც მთავარია, ანგრევს სამშვიდობო პროცესს იმიტომ, რომ 2008 წელს არ დაწყებულა კონფლიქტი და არ დამთავრებულა და როცა მხოლოდ ერთ ეპიზოდს იღებ, აშკარად ჩანს, რომ ეს არის შურისძიება პოლიტიკურ პარტიაზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არაფერი საერთო არ აქვს კონფლიქტის მოგვარებასთან.
ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს კონფლიქტის მოგვარება. ისინი ფიქრობენ, სადაც კი შეიძლება დაარტყან, დამარხონ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად ოპოზიცია, ამიტომ ეს არის საშინელი ილუსტრაცია იმისა, რამდენად არ ადარდებთ კონფლიქტები.
ამ პროცესში აშკარად ჩანს, რომ მათ უნდათ, გარეცხონ და გაასუფთაონ რუსეთის სახე. მე არ მესმის გორელების, როგორ შეიძლება ამის შემდეგ გორელმა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“. ის ფაქტი, რომ ივანიშვილი გორში ამას ამბობს და გორელები ჩუმად არიან, ცოტა გასაკვირია.
მეორე საკითხია, დავუშვათ ილაპარაკა ბოდიშზე, გორელებზე რატომ არ ილაპარაკა? გორში ჩავიდა ადგილობრივების ხმების მოსაპოვებლად, ამ დროს ისინი, რომლებსაც სახლები დაეწვათ, უსმენენ, უყურებენ და ივანიშვილი ახსენებს ცხინვალს და არ ახსენებს გორს.
ამიტომ, ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, რომ აქ რუსეთს არ გაუვლია, რომ რუსეთი იყო კეთილშობილების განსახიერება, ჩვენ, ქართველებმა დავიწყეთ ომი და რუსეთი იძულებული გახდა, შემოსულიყო და გადაერჩინა საბრალო ოსები.
ივანიშვილი მთლიანად „მოაჯდა“ რუსულ ნარატივს – თურმე, ჩვენი მეგობრები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებაში უნდა დაგვხმარებოდნენ, მტრები აღმოჩნდნენ. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.”