"მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო EU-ს წევრი გახდეს" - ბუნდესტაგის დელეგაცია
ბუნდესტაგის დელეგაცია საქართველოში
საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესთაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.
ბუნდესტაგის წევრის ოლაფ შოლცის პარტიიდან, ნილს შმიდის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად 9-პუნქტიან გეგმას მე-10 ე.წ. რუსული კანონის გაწვევა უნდა დაემატოს. მისივე თქმით, მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
რა წერია განცხადებაში
● საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი.
● ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას.
ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.
● საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.
● საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას.
● ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.
● თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.
● როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
● ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს.
განცხადებას ხელს აწერენ: გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები დებორა დიურინგი (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ(Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).
აღსანიშნავია, რომ გერმანიის პარლამენტის წევრებს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩათვლით, არ შეხვდა.
ბუნდესტაგის სხვადასხვა პარტიის დელეგატები ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
“ქართული ოცნებიდან” გერმანელ კოლეგებს არც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. მათთან დიალოგი მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა, რომელიც პაპუაშვილის არ ყოფნას იმერეთში ვიზიტით ამართლებს. მმართველი პარტიის ლიდერები ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიას ესწრებიან.
დელეგაცია თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა და ოფიციალურ ვიზიტს დღეს ასრულებს.