"აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებით" - ეზრა ზეია ვიზიტს აჯამებს
უზრა ზეია ვიზიტს აჯამებს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, ეზრა ზეიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა, რომელშიც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ ქმედებებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მანამდე, ზეიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერ კობახიძესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
რა თქვა უზრა ზეიამ
პირველი არის, რომ აშშ უაღრესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგი წარმომადგენელი ავრცელებს, რითაც საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხის ქვეშ აყენებს და აზიანებს ჩვენს პარტნიორობასა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.
ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ქართველ ხალხს აზიანებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და სხვა მრავალ სფეროს ეხმარებიან. სწორედ ამის შედეგად, ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი გაყინა, რომელიც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგი იყო.
სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული მზარდი ძალადობა და დაშინება ანალოგიურად საგანგაშოა. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს, წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მეტოქეების ინტერესებს ემსახურება.
ჩემი მეორე გზავნილი ისაა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რუსეთი მეთექვსმეტე წელია, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებსა და ვალდებულებებს არღვევს.
დღეს მე მამაც ქართველ ქალებს შევხვდი, რომლებიც პუტინის აგრესიის გამო იძულებით გადაადგილებულები არიან და მათი ტანჯვისა და გამძლეობის ამბები მოვისმინე. აშშ-ს პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება: ჩვენ განვაგრძობთ ასი ათასობით დევნილი ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების მხარდაჭერას.
ჩემი მესამე და საბოლოო გზავნილი არის, რომ 32 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერია და, მათ შორის, მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, შეკრებისა და გამოხატვის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.
მინდა, ძალიან გარკვევით ვთქვა: აშშ ერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს და მხარს არ უჭერს, თუმცაღა პარტნიორებისგან მოველით, რომ გულწრფელ და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფენ – ეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, თავიანთი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ძალადობის ან დაშინების საფრთხის გარეშე აირჩიონ. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერი მსგავსი ქმედება უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
საბოლოოდ, ძლიერი და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო საერთაშორისო სადამკვირვებლო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია, საქართველო გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიული პროცესის დაურღვევლობის უზრუნველყოფაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
დასასრულს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამერიკელებს და ქართველებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც, ვფიქრობ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საზიარო სიყვარულს ეფუძნება.
მრავალი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით აშშ-ში სასწავლებლად ყოველწლიურად ასობით ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს ვგზავნით და ექვსი ათასზე მეტი ქართველი არის ჩვენი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებული, რომლებიც თავიანთი ჯგუფებისა და ეროვნულ დონეზეც დინამიკური ლიდერები არიან.
ვიზიტის ფარგლებში პატივი მქონდა, შევხვედროდი FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამორჩეულ ქართველ კურსდამთავრებულებს და ასევე შევხვდი ამერიკელ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და საქართველოს წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს უწყობენ.
ჩვენი ხალხთაშორის ბმები ძალიან მჭიდრო და გაუტეხელია და ეს ჩემი ვიზიტისას დავინახე. მართალია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აბსოლუტურად მტკიცეა.”