სომხეთ-საქართველოს დუეტი პერსპექტიულია ევროკავშირისთვისაც. კომენტარები
კობახიძის ვიზიტი ერევანში
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა. სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ „საქართველო უპირობოდ აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას“. მსგავსი განცხადება სომხეთის პრემიერმინისტრმაც გააკეთა. გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მან და კობახიძემ განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა.
სომეხი პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი ამ დისკუსიების მიღმა ხედავს „მცდელობას, შემუშავდეს მკაფიო წესები რეგიონში და განახორციელოს სასაზღვრო პროცესები ამ წესების ფარგლებში“. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანია „აზერბაიჯანის ამ წესების ფარგლებში მოქცევის“ შესაძლებლობის თვალსაზრისით.
ქართველ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს აინტერესებს, რამდენად სწორია სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სტრატეგიულად მიჩნევა. მისი აზრით, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ასეთ დონეზე საუბარი არ არის საჭირო.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების განცხადებები, ასევე ერევნისა და თბილისელი ანალიტიკოსების კომენტარები.
- ჰერჩინსკი: 9 ნაბიჯის შესრულება გადამწყვეტია EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად
- ირაკლი კობახიძე – საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი. მოკლედ მისი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი დეტალები
სომხურ-ქართული სტრატეგიული კავშირების შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა გაიხსენა, რომ 2024 წლის იანვარში სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მისი თქმით, ეს არის „ამბიციური პერსპექტივა“ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს. ამ შეხვედრაზე მან და ირაკლი კობახიძემ განიხილეს „დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელებისთვის შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისა და ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მისი აზრით, საქართველოს ევროინტეგრაცია „პირდაპირ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ სომხეთთან ორმხრივ ურთიერთობებზეც“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დეკლარაციის ხელმოწერით ორივე ქვეყანამ ორმხრივი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანა:
„მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. ეს განცხადება ეფუძნება ჩვენს საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს და გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ“.
თბილისი მზადაა მხარი დაუჭიროს ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იმედოვნებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ის ირწმუნება, რომ თბილისი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
“ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ საქართველო არა მხოლოდ დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, არამედ აქტიურად ცდილობს წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და მადლობა გადაუხადა ქართველ პარტნიორებს.
იგი ასევე შეეხო რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის თემას და გაიხსენა სომხეთის მთავრობის პროექტი „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს უნდა გახდეს „სომხეთისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი სამომავლო თემა“.
კომენტარი ერევნიდან
პოლიტოლოგი რობერტ გევონდიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქცევა სომხეთის ხელისუფლების პოზიციის მსგავსია.
„ორივე ფრთხილ და მაქსიმალურად ინერტულ პოლიტიკას ატარებს. სომხეთის ხელისუფლება ცდილობს წინ წაიწიოს ძალიან მცირე ნაბიჯებით, თავიდან აიცილოს არა მხოლოდ არასაჭირო, არამედ გამართლებული რისკებიც. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიფრთხილე არის საქართველოს შემთხვევაშიც“, – განუცხადა მან JAMnews-ს.
ანალიტიკოსი თვლის, რომ თბილისი ასევე ფრთხილი იყო ერევანთან ურთიერთობაში, რადგან მრავალი წლის განმავლობაში სომხეთი არ იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თავს რუსულ ფორპოსტად წარმოაჩენდა. უფრო მეტიც, გევონდიანის თქმით, ეს სიფრთხილე ახლაც „ინერციული“ რჩება. ამავდროულად, ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველო დაინტერესებულია სომხეთის გააქტიურებით და ეკონომიკურ ცენტრად ქვცევით, რადგან ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც:
თუ სომხეთის ხელისუფლება გააგრძელებს აღებულ კურსს [დასავლეთისკენ] და გადადგამს რამდენიმე გაბედულ ნაბიჯს, რეალურ ნაბიჯს და არა განცხადებებს, მაშინ საქართველოს ექნება მეტი ნდობა, რომ სომხეთი მზად არის თავისი როლი შეასრულოს.
მისი აზრით, ახალ მსოფლიო დღის წესრიგში ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, რომელი ძალები იქნებიან უფრო გავლენიანი, რომელი ქვეყნები დაინტერესდებიან საქართველოსა და სომხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობით. მაგრამ, ამ დროისთვის, სომხურ-ქართული თანამშრომლობა მომგებიანია როგორც მათთვის, ასევე კოლექტიური დასავლეთისთვის.
თუ საქართველო მოახერხებს ევროკავშირის წევრი გახდეს, მაშინ სომხეთი ამით მხოლოდ სარგებელს მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ რა განვითარება იქნება გეოპოლიტიკური ბალანსის კუთხით.
იგი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეზობლობა უკვე ნიშნავს უფრო მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვას, რათა იყო კონკურენტუნარიანი. და ეს დადებითად აისახება, სომხეთის არამხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ სხვა სფეროებზეც.
პოლიტოლოგის თქმით, „სომხეთ-საქართველოს დუეტი ბევრად უფრო საინტერესო და პერსპექტიულია ევროკავშირისთვის“, ვიდრე სომხეთი, როგორც ცალკე პარტნიორი.
ევროკავშირი ხელს უწყობს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებას.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესში თბილისის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას, გევონდიანმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია „მხოლოდ პლატფორმის უზრუნველყოფა“ მოლაპარაკებებისთვის.
იმ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელიც არსებობს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს აქვს გარკვეული პოზიცია, მაგრამ ის არ აძლევს საშუალებას, გახდეს მთავარი მოთამაშე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში.
ის არარეალურად მიიჩნევს ნარატივებს „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“ პროექტის პერსპექტივების შესახებ. მას მიაჩნია, რომ ეს პროექტი ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირების საფუძველი იქნება, ამიტომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს გზაჯვარედინად.
„მას უფრო მეტად შეიძლება ეწოდოს ეკონომიკური გზაჯვარედინი, რომელსაც ჯანსაღი კონკურენციისა და გეოპოლიტიკური ბალანსის შემთხვევაში შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც.
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ საქართველო ეთანხმება პროექტის კონცეფციას და მის განხორციელებას:
„საქართველო არის ერთადერთი და უმოკლესი გზა არათურქული ტერიტორიების გავლით UAE-სთვის, ინდოეთისთვის და ჩინეთისთვის. ირანის გავლით ევროპაში ნედლეულის ექსპორტი და საპირისპირო მიმართულებით ტექნოლოგიებისა და მზა პროდუქციის ექსპორტი. შესაბამისად, ეს გზა ძალიან საინტერესო უნდა იყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აღვნიშნე და კოლექტიური დასავლეთისთვის“.
კომენტარი თბილისიდან
კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა JAMnews-ისთვის კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტზე და საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ ეტაპზე.
კობახიძის ერევანში ვიზიტზე, „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“
„პრემიერ კობახიძის ვიზიტი ერევანში უფრო ფორმალობა იყო. ახალი პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, უნდა ეწვიოს ყველა მეგობარ სახელმწიფოს – ბრიუსელს, ბაქოს, ერევანს, ანკარას. ეს აუცილებელი პროცედურაა მეგობარი ქვეყნებისადმი პატივისცემის გამოსახატავად.
სხვა საკითხია, რამდენად ზუსტად იყენებს სიტყვა „სტრატეგიულს“ საქართველოს ხელისუფლება.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, როდესაც სახელმწიფოთა პარტნიორობა განსაზღვრავს ერთმანეთის კეთილდღეობას. ამიტომ, ჩემთვის ნათელია სტრატეგიული ურთიერთობები, მაგალითად, აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანული ნავთობი ხომ საქართველოზე გადის და ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ანუ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული.
მაგრამ სომხეთთან ასეთი ურთიერთობა არ არსებობს. ჩვენ ვინარჩუნებთ ღირსეულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. სომხეთი იყენებს საქართველოს ტერიტორიას, ბუნებრივია, რადგან ეს არის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების შესაბამისად. თუმცა ჩვენ სომხეთზე არ ვართ ისე დამოკიდებული, როგორც სომხეთი საქართველოზე. მაშ, რა შუაშია სტრატეგიული ურთიერთობები? არ მესმის.
სომხეთთან გვაქვს ისტორიული, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები, ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ კლასიკური გაგებით მათ არ შეიძლება ეწოდოს სტრატეგიული“.
ევროინტეგრაციის შესახებ
„როგორც ჩანს, სომხეთს სურს სრული იზოლაცია და რუსეთისგან დისტანცირება. ეს დისტანცირება ანაზღაურდება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებით.
თურქეთსაც აქვს კანდიდატის სტატუსი. თუ სომხეთი, თურქეთთან და საქართველოსთან ერთად, იქნება წევრობის მსურველთა სიაში, მაშინ ევროკავშირი დაინახავს გლობალურ რეგიონულ კონტექსტს. და ეს ძალიან კარგი იქნება სომხეთისთვის. ეს ასევე ხელს შეუწყობს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებას.
ევროკავშირის ინტერესი კავკასიის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სომხეთი აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
რუსეთის როლზე კავკასიაში
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველო დღეს რუსეთთან დაახლოებას ცდილობს, სომხეთი კი მისგან დაშორებას, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა:
„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემებია, რუსეთის გავლენა სომხეთზე მაინც დიდია.
სომხეთი არის დსთ-ს წევრი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრი, აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რუსული სამხედრო ბაზა სომხეთშია განთავსებული და რუსეთი რეალურად სომხეთის ეკონომიკის გარანტია. საქართველოში მსგავსი არაფერია.
ინსტიტუციურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სომხეთი კვლავ რუსეთის ორბიტაზეა, საქართველო კი არა.
საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკურ ასპექტზე შეიძლება ვისაუბროთ. ალბათ ყველაფერი დანარჩენი მალე პოლიტიკურ ასპექტს მოჰყვება. მაგრამ ზოგადად, ჯერ კიდევ დიდი განსხვავებაა საქართველოს ორიენტაციას რუსეთზე და სომხეთის არც თუ ისე სწრაფ დისტანცირებას რუსეთთან.
როგორი შეიძლება იყოს რუსეთის როლი კავკასიაში უახლოეს მომავალში?
„მას შემდეგ, რაც თურქეთი გამოჩნდა კავკასიაში 2020 წელს, როდესაც ის დაეხმარა აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხში, რუსეთის გავლენა რეგიონში აშკარად მცირდება.
აზერბაიჯანიც დაშორდა რუსეთს. აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან სავსებით აშკარაა, რომ ისინი ახორციელებენ ფრთხილ პროაზერბაიჯანულ პოლიტიკას.
საქართველოსთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ამჟამად ატარებს ქართული ოცნების პოლიტიკას და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აზერბაიჯანისა და თურქეთის პოლიტიკისგან განსხვავებით, რომლის ცენტრში სწორედ აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო ინტერესებია.
ჩვენ ვხედავთ, რამდენად ფრთხილად და ოსტატურად დაშორდა აზერბაიჯანი რუსეთს. 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც რუსეთმა თავისი ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს.
რუსეთი სუსტდება კავკასიაშიც და მსოფლიოშიც და სირცხვილია, რომ ამ დროს საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიმპათიას გამოხატავს რუსეთის მიმართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ სცდება უბრალო სიმპათიას“.