"ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად ვითარდება" - ღარიბაშვილი სი ძინფინგს შეხვდა
ღარიბაშვილი სი ძინფინგს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდა, სადაც საქართველოს პრემიერმა ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს.
“ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.
ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ”. – თქვა ღარიბაშვილმა.
სი ძინფინგის სიტყვებით, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის შემდეგ პრემიერმინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინფინგის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
“უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი.
საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში”. – აღნიშნა სი იფინმა.
● “შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები საფრთხეა ქვეყნისთვის” – რა თქვა პრემიერმა პარლამენტში
● “მათი ქმედებები და პოზიციები ჩვენი ღირებულებებისგან შორსაა” – ევროპელმა სოციალისტების პარტიამ ოცნება გარიცხა
● “რეკომენდაციები მიუთითებს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას” – ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 17 ივლისს დაიწყო.
ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრს აეროპორტში ჩინეთის განათლების მინისტრი, ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი და საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია დახვდნენ.
არჩილ კალანდიას თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და “სტიმულსა და ბიძგს მისცემს” ორმხრივი და “მრავალმხრივი” ურთიერთობების გაღრმავებას. ქალაქი ჩენტუდან ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, პეკინში გაგრძელდება.