რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშეშვების გამო სარჩელი შეიტანა
ვიქტორ შენდეროვიჩმა სარჩელი შეიტანა
რუსმა ანტიპუტინისტმა ჟურნალისტმა და მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშეშვების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ შენდეროვიჩი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
“თვე-ნახევრის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემიშვა მიზეზების ახსნის გარეშე, ორი სპექტაკლი ჩამიშალა, თბილისსა და ბათუმში. გადავწყვიტე პატივსაცემ ქართულ სახელმწიფოს მივცე შანსი გამოასწოროს ეს შეცდომა – და შევიტანე სარჩელი”– წერს შენდეროვიჩი.
რუსი ანტიპუტინისტი მწერალი და ჟურნალისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში 2 ივნისს არ შემოუშვეს. შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან ისრაელის პასპორტით მოემგზავრებოდა და ის უკან ყოველგვარი ახსნის გარეშე დააბრუნეს.
2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო ვიქტორ შენდეროვიჩის გამოსვლა – “ერთი შენდეროვიჩის თეატრი.” მწერალი უნდა ჩასულიყო ბათუმშიც და მონაწილეობა მიეღო კონცერტში სახელწოდებით “მესიჯები და დიალოგები”.
მისი უფლებადამცველის თქმით, ადმინისტრაციული სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ 17 ივლისს შეიტანეს.
ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთში ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იმ მწვავედ აკრიტიკებს კრემლის ქმედებებს და ომს ეწინააღმდეგება. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდეროვიჩი “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე – მიზეზების ახსნის გარეშე.
უკანასკნელი ასეთი შემთხვევა უკავშირდება რუს უფლებადამცველს და პუტინის კრიტიკოსს, დარიანა გრიაზნოვას. ის საქართველოში სტამბოლიდან ბრუნდებოდა, თუმცა საზღვარზე არ გამოატარეს. გრიაზნოვა მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან, მათ შორის ევროპულ სასამართლოებშიც იცავს.
მანამდე, 14 დეკემბერს, “დოჟდის” ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკოს საზღვრიდან გააბრუნეს.
14 თებერვალს ფონდ “არა ძალადობას” დამფუძნებელი რუსი აქტივისტი და უფლებადამცველი ანა რივინა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში “უცხოელ აგენტად” არის გამოცხადებული, საქართველოში არ შემოუშვეს.
გასული წლის 5 სექტემბერს კრემლის კიდევ ერთი კრიტიკოსი, რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოდან უკან გააბრუნეს.
20 ივლისს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის სომხეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველომ არ შემოუშვა საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.
კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუს მწერალს და დისიდენტს, დმიტრი ბიკოვს ეხება, რომელიც რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ შემოუშვეს საქართველოში. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, მესაზღვრეებმა საბუთები ჩამოართვეს და 4 საათის განმავლობაში ბათუმის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.