ნავალნის წერილი სააკაშვილზე და ბოდიში აგვისტოს ომის გამო
ალექსეი ნავალნი სააკაშვილზე
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს და მისი პატიმრობა “საზარელი და უგულოა.” ნავალნიმ ასევე 2008 წელს ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა.
“ჩემდა სამარცხვინოდ, ჯერ კიდევ 2008 წელს დავწერე პოსტი, რომელიც ქართველებს შეურაცხყოფდა. თავში ის ფაქტი მიტრიალებდა, რომ ცხინვალში ჩემს მეგობარს ბომბავდნენ.
ამის გამო ბოდიში მოვიხადე და ახლა კიდევ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამის გამო საქართველოში ჩემს აზრს წონა არ აქვს.” – წერს რუსი პოლიტიკოსი.
2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს ალექსეი ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსეთის არმიის მოქმედებებს და რუსეთის პრეზიდენტის, მედვედევის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას.
ნავალნი რუსეთის არმიას მოუწოდებდა, რაკეტები საქართველოს გენშტაბისთვის დაემიზნებინა. ასევე, მან ქართველები “გრიზუნებად” მოიხსენია, რაც მღრღნელებს ნიშნავს.
რამდენიმე წლის შემდეგ ნავალნიმ ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიშიც მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მისი პრინციპული პოზიცია უცვლელია.
ნავალნი აღნიშნავს, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯი “ქრისტიანული წყალობისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით”.
“სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება, და მთელი საქართველო ცუდადაა იმის გამო, რაც ხდება და ეს არ არის კარგი მათთვისაც, ვისაც ენდომებოდა სააკაშვილის ციხეში გაჩერება სიკვდილამდე.
მე მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს მაგარი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია ყველაფერი განვითარებისთვის. მე მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არ არის ეს?) იქნება მშვიდობიანად და უსაფრთხოდ გადაწყვეტილი.
მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა საზარელი და უგულოა. ეს ურტყამს ევროპულ არჩევანს. ეს ურტყამს განვითარებას, ამცირებს ნორმალური მომავლის შანსებს. ეს აქვეითებს მორალს და ავსებს ქვეყანას ბოროტებით.
გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება განრისხებული და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს აქვთ [რაღაც] შესახსენებელი და სამაგიეროს გადასახდელი.
სწორედ ამაზე მინდა ვთქვა და მოვუწოდო, თუ ვინმე გაიგებს. არ არის საჭირო შურისძიება, თუმცა კი ძალიან გინდათ. ამ შურისძიების გამო დაზარალდება მთელი საქართველო. ეს ჩიხური გადაწყვეტაა, სტრატეგიულად ყველასთვის არახელსაყრელი და სასტიკი.
ჩვეულებისამებრ, ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ თითოეულს სურს სახის შენარჩუნება. ყველას სურს აჩვენოს, რომ ის კი არ გადატეხეს, არამედ მან გადატეხა ყველა. მაგრამ ხელისუფლება უნდა იყოს მეტად მოწყალე, ვიდრე მისი ოპონენტები. ის ხომ ხელისუფლებაა.
სააკაშვილი ძალიან ავადაა და ყველა საუბარი სიმულაციაზე – სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე იწოვს ჯანმრთელობას ნებისმიერი ადამიანისგან დიდი სისწრაფით. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, ყველაზე სწორი იქნებოდა.
ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი აღდგომის. ახლა კარგი დროა რთული, მაგრამ გულისხმიერი ნაბიჯისთვის ქვეყნის კეთილდღეობისა და ერის შერიგების ნაბიჯისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებს, გადადგან ეს ნაბიჯი ქრისტიანული წყალობისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით”, – წერს ნავალნი.
● ვინ და როგორ ეხმარება რუსეთს ევროპარლამენტში – “ნოვაია გაზეტას” კვლევა
● “რატომ არ გესმით ხალხის მოთხოვნა? მათ უნდათ ევროპა და არა რუსეთი” – საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
● მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე: მე პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები
ალექსეი ნავალნის საქმე
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ახლა პატიმრობაშია და სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის. მას 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია “ივ როშე”, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.
დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ორი დღის შემდეგ რუსი ოპოზიციონერი გერმანიაში, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნერვული აგენტია.
პუტინის ყველაზე დიდი ოპონენტი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.
ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ვიცეპრეზიდენტის, ანა ვედუტას მიხედვით, რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაუარესდა და მან 15 დღის განმავლობაში 8 კილოგრამი დაიკლო.
ვედუტას თქმით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ის ციხის რეგულარული საკნიდან, დროებით სადამსჯელო საკანში გადაიყვანეს. ვედუტას განმარტებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ნავალნის კიდევ ერთხელ მოწამვლას და სწორედ ამიტომ ხდება მისი სადამსჯელო საპატიმროში ხშირად გადაყვანა.
25 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 2-წლიანი პატიმრობის მანძილზე სამარტოო საკანში მეთერთმეტედ გადაიყვანეს.
ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვარში რეზოლუცია შეადგინეს, რითაც ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. ამის გარდა რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდასაც ითვალისწინებდა. ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა 2021 წლის აპრილშიც გაიმეორა.
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● სააკაშვილის საქმე: ბროუდერი განმარტავს იმ ზომებს, რასაც მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ მიმართავენ
მიხეილ სააკაშვილის საქმე
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ის სასჯელს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი 2023 წლის 2 აპრილს კლინიკა “ვივამედში” მოინახულა, საგანგაშო დასკვნას გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა 19 თებერვლის (წინა ვიზიტის) შემდეგ მნიშვნელოვნად დამძიმდა – მან ოთხი კილო დაიკლო, აქვს მეოთხე სტატიის კახექსია და მძიმე სარკოპენია. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლოგინიდან წამოდგომისას პაციენტს აღენიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე.
“თუ წონის კლება გაგრძელდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “საწოლს მიჯაჭვული გახდება,” – წერია დასკვნაში.
რაც შეეხება პროგნოზსა და რისკებს, ომბუდსმენის კონსილიუმის ცნობით, “პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში”. ასევე, მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები და ის საწოლს მიჯაჭვული გახდება.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ “ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა“, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი.