Amnesty International და HRW: სააკაშვილისთვის საჭირო მკურნალობაზე უარი შესაძლოა წამებას უტოლდებოდეს
Amnesty International და HRW სააკაშვილზე
უფლებადამცველი ორგანიზაციები Amnesty International-ი და Human Rights Watch საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის საფუძველზე გაათავისუფლონ.
როგორც ორგანიზაციების მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უპასუხია მათ მიერ 2023 წლის 10 თებერვალს გაგზავნილი წერილისთვის, რომელშიც სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოხატული იყო შეშფოთება.
როგორც ისინი ამბობენ, საქართველოს მთავრობა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს შესაბამის მკურნალობაზე უარს ეუბნება და სიკვდილის, სამუდამო უნარშეზღუდვის ან გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეს უქმნის.
“საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა, შესაძლოა, წამებას, ან დაუნდობელ, არაადამიანურ, ან დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდეს და მის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებდეს. პატიმრობაში სიკვდილი, რომელიც მკურნალობაში განზრახ უარის თქმის შედეგია, უტოლდება სიცოცხლის თვითნებურ წართმევას, რაც ადამიანის საერთაშორისო უფლებების სერიოზული დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მისი სამედიცინო მიზეზით გათავისუფლების ჩათვლით”. – თქვა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფიცრის დირექტორის მოადგილემ.
● დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი განიხილა
● “დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია” – EPP-ის რეზოლუცია
● რუსული სამთავრობო მედია: საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა – ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის, ანუ პაციენტთან ბოლო ვიზიტის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულია –
გამოხატულია მძიმე სარკოპენია, პაციენტს დაკლებული აქვს კიდევ 5,7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე, გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
კლინიკა “ვივამედში” ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას აუცილებლად გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა თავადაც არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათი თქმით, პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება “ლაკმუსის ტესტი” საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.