ვალები მეც ჩამომეწერება? "შავი სიიდან" სამუდამოდ წავიშლები? ყველაფერი ვალების "განულების" ახალ პროგრამაზე
19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და თქვა, რომ ე.წ საბანკო „შავ სიაში“ მყოფ 600 ათას ადამიანს სესხები ჩამოეწერება.
პროექტის მიხედვით, ჯამურად 1,5 მილიარდი ლარის ღირებულების სესხი ჩამოიწერება.
პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე გასტანს. პროექტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.
JAMnews-ი დეტალურად აღწერს რა პროგრამაა ეს, ვის შეეხება, რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და როგორ აფასებენ მას ოპონენტები.
რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მოვხვდე?
1) სესხი ჩამოეწერება მხოლოდ ფიზიკურ პირებს;
2) სესხის ძირი 2000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს;
3) ვალი ჩამოეწერება მხოლოდ იმას, ვისაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ გადაუხდია;
• 28 ნოემბერს საქართველო პრეზიდენტს აირჩევს. ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ამ არჩევნების შესახებ
• რატომ ებრძვიან ქართველი პოლიტიკოსები ბანკებს?
4) აღნიშნული პროგრამა არ ეხება უზრუნველყოფილ სესხებს, ანუ ლომბარდებსა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებზე ეს აქცია არ გავრცელდება;
5) პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი სესხის გამცემი ორგანიზაცია საკუთარი უმოქმედო ვალების პორტფელის გაყიდვაზე დათანხმდება. მაგალითისთვის, თუ თქვენ ხართ საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი ონლაინსესხების კომპანიის – Vivus.ge-ის კლიენტი, მაშინ ე.წ. სესხების განულების პროგრამა ჯერჯერობით არ გეხებათ, რადგან ამ კომპანიამ და ფონდმა „ქართუმ“ სესხების შეძენაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
6) ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეებს ყველა გადაუხდელი სესხი გაუნულდება, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ შეიძლება გქონდეთ ოთხი 500 ლარიანი გადაუხდელი სესხი (თანაც სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციაში) – ოთხივე გაგინულდებათ.
“შავი სიიდან” სამუდამოდ წავიშლები და სუფთა საბანკო ისტორია მექნება?
არა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ბაზიდან ჩანაწერი 5 წლის განმავლობაში არ წაიშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებსა და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებს ამ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ.
• საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახში სადილი ნასესხები ფულით კეთდება
• UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა
• არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება – ივანიშვილი ამომრჩეველს კიდევ ერთ შანსს სთხოვს
მაგალითისთვის, თუკი ამ პროგრამით ისარგებლეთ, ახალი სესხის აღება, სავარაუდოდ, მაინც გაგიჭირდებათ, ვინაიდან ბანკს ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარსულში მისი გადაუხდელი ვალდებულებები ფონდი „ქართუს“ მიერ იქნა დაფარული.
ბანკი ავტომატურად აღარ ჩამომაჭრის ფულს ანგარიშიდან?
არა. ამ პროგრამის ყველაზე სწრაფი და პოზიტიური შედეგი სწორედ ის იქნება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც “შავ სიაში” იყვნენ გადაუხდელი ვალების გამო, კვლავ თავისუფლად შეეძლებათ საბანკო ანგარიშებითა და ბარათებით სარგებლობა.
მარტივად რომ ავხსნათ – დავალიანების მქონე პირები ბარათზე თანხას ვერ დებდნენ, რადგან ბანკი ავტომატურად აჭრიდა ფულს და დავალიანების პროცენტს ფარავდა. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს უჭირდათ დასაქმება ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც ხელფასს მხოლოდ ბარათზე რიცხავენ – გამოდიოდა, რომ მთელი მათი ხელფასი ბანკის ვალის დასაფარად უნდა წასულიყო.
ახლა ასე აღარ იქნება. ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ ფულის ანგარიშზე განთავსება ისე, რომ ბანკი ავტომატურ რეჟიმში ფულს აღარ მოაჭრის.
ვის მივმართო, თუკი მეტი დეტალის გაგება მინდა?
3 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრო სპეციალურ ვებ-გვერდს აამოქმედებს. ამ ვებ-გვერდზე შესაძლებელი იქნება საკუთარი საკრედიტო მდგომარეობის გადამოწმება. აქ გაიგებთ პროგრამის შესახებ ყველა დეტალს, მათ შორის იმას, გეკუთვნით თუ არა ამ პროგრამით სარგებლობა.
___________________
რატომ გვეპატიება ძველი ვალები? ხელისუფლების არგუმენტები
ჭარბვალიანობა (რას ნიშნავს ეს?)
მთავარი არგუმენტი, რომელიც ამ პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაასახელა ე.წ „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლაა.
მარტივად რომ ვთქვათ, ჭარბვალიანობა არის ისეთი ვალი, რომლის გადახდაც პრობლემაა. როდესაც ადამიანს აქვს ვალი, რომელსაც ვერ იხდის, ეს აუარესებს მის ფინანსურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, ასეთი ადამიანი აღარ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ვალი, რომელსაც ვერ იხდის. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ ფონსაც ართულებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერი ბახტაძე და ასევე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს ხშირად აკეთებენ განცხადებებს, სადაც ჭარბვალიანობის მთავარ მიზეზად საბანკო სექტორს ასახელებენ. მათი თქმით, ქართული ბანკები უპასუხისმგებლოდ ბევრ სესხს გასცემენ და საპროცენტო განაკვეთებიც რეგიონში ყველაზე მაღალი აქვთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლება საბანკო სექტორში რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს.
კერძოდ, ბანკებს უნდა დაუწესდეთ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და სესხების გაცემის პოლიტიკა გაამკაცრონ.
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, წლის დასაწყისამდე გადაიდო.
სიღარიბე
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისთვის იყო ტრაგიკული, როდესაც გაიგო, რომ UNICEF-ის კვლევის მიხედვით “ქართული ოცნების” მმართველობისას ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
“ამაში ლომის წვლილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ თავის პირველ ვრცელ ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ასევე მიიჩნევს, რომ რუსული ოკუპაციის შემდეგ, სიღარიბე საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ახალი პროექტი ვალების “განულების” შესახებ ქვეყანას ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.
მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება იმ 150 000 სოციალურად დაუცველ მოქალაქესა და რამდენიმე ათეულ ათასს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე გაამახვილა, რომლებიც ამ პროგრამით ისარგებლებენ.
UNICEF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 21.7 პროცენტი, ბავშვების 27.6 პროცენტი და პენსიონერების 17.6 პროცენტი.
როგორც კვლევაშია აღნიშნული ეს მაჩვენებელი 2015-დან 2017 წლამდე ორი პროცენტით გაიზარდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფამის” კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე ფინანსურად ხელი არ მიუწვდება , ხოლო ყოველ მეხუთე ოჯახში სადილი ნასესხები ფულით კეთდება
იგივეს იმეორებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. ის ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ვალებს “გაანულებს” და საბანკო სექტორის ახალი რეგულაციებით სესხის აღებას გაართულებს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სიღარიბის შემცირების გამოიწვევს.
„დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ესე იოლად და „უპრაგონოდ“ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები მოახერხებენ მსგავსი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლიდან იწყება ყველაფერი და შემდგომი პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფონდი „ქართუს“ როლი
ამ გარიგებაში ცენტრალური როლი ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფ ფონდ „ქართუს“ აქვს. სწორედ “ქართუს” დახმარებით აპირებს ხელისუფლება “შავი სიების” “განულებას”.
როგორც ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა, მთავრობამ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო თანხების დაფარვა „ქართუს“ ბიუჯეტიდან მოხდება.
“ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხაზს უსვამენ და აცხადებენ, რომ ფონდის მონაწილეობა საქველმოქმედო მიზნებითაა მოტივირებული.
სახელისუფლებო პოზიციისგან განსხვავებით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის ჩართულობაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავს.
ეკონომისტები ასევე მიუთითებენ, რომ ე.წ. უმოქმედო და უიმედო სესხების წილის მიხედვით, პირველ ადგილზე სწორედ „ქართუ“ ბანკია. ამ ბანკს ჯამში 815 მლნ ლარის სასესხო პორტფელი აქვს, საიდანაც 35.2% „უიმედო“ სესხია. აქედან გამომდინარე, “ქართუ” ამ პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი თავადაა.
“უფრო დიდ შავ სიას მივიღებთ”. ექსპერტების აზრი
ინიციატივას კრიტიკულად უყურებენ საექსპერტო წრეებშიც.
ეკონომიკის ექსპერტს გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ეკონომიკის გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს და პირიქით, „უპასუხისმგებლობის სინდრომს“ წაახალისებს:
„ჩვენ უფრო დიდ შავ სიას მივიღებთ, ვიდრე დღეს გვაქვს. მოხდება ძალიან მარტივი რაღაც, ადამიანები ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალი ვალის ასაღებად, პატიოსან გადამხდელებს კი ეს ყველაფერი აძლევს სტიმულს, რომ შეწყვიტონ გადახდები და პოლიტიკურ კრიზისს დაელოდონ, რაც ეკონომიკას აზიანებს,” – ამბობს ხუხაშვილი.
ეკონომისტი ზავიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამაში ივანიშვილის ფონდის მონაწილეობა წინასაარჩევნო, პოპულისტური ფანდია და საბოლოოდ ეს ვალი სახელმწიფოს თუ კერძო ბიზნესს დააწვება:
„რეალურად ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თავის ჯიბიდან არცერთ თეთრს არ გადაიხდის ივანიშვილი. ეს მას აქამდე არასოდეს გაუკეთებია, დიდი ალბათობით, დახარჯული ფულის კომპენსირება საბოლოოდ კერძო ბიზნესის ან ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება, ” – ამბობს ხორგუაშვილი.
“ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა”
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღით ადრე იმის გამოცხადება, რომ 600 ათას მოქალაქეს ვალები ეპატიება, კანონის უხეში დარღვევაა , აცხადებენ არასამთავრობო სექტორში.
“ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა უპრეცენდენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვას წარმოადგენს,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სამი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სამართლიანი არჩევნები) აწერს ხელს.
28 ოქტომბერს საქართველომ პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩია. მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის (38,64 პროცენტი) და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ხმები (37,73 პროცენტი) თითქმის თანაბრად გაიყო.
ვალების ჩამოწერის პროგრამას “ცრუ დაპირებას” უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვის კლასიკური მაგალითი და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც მოიცავს
“მთავარი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ ივანიშვილი ისევ ატყუებს ხალხს, როგორც 2012-ში და პირდება, რომ სიღარიბეს დაძლევს. პირიქით, მისი ნაბიჯები და პოლიტიკა აღრმავებს ამ პრობლემას,” – ამბობს ბოკერია.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში – “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მთავრობამ ეს გეგმა მათ მოპარა, რადგან იგივეს გაკეთება მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო. [საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდება].
თუმცა, ამავე დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინიციატივა ბუნდოვანია და ერთადერთი მიზანი, რასაც ეს სიახლე ემსახურება საარჩევნო ხმების მოპოვებაა.
პოლიტოლოგი გია ნოდია თავის ფეისბუკზე წერს, რომ ასეთ ნაბიჯზე ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ არჩევნების პირველი ტური წააგო და ახლა თავის გადარჩენას ცდილობს.
“დავინახოთ პოზიტივი: მივულოცოთ 600 ათას ადამიანს, ვისაც სერიოზული ტვირთი მოსცილდა. მივულოცოთ ქვეყანას, რომ ეს ტვირთი ბიუჯეტს არ დააწვა. მივულოცოთ ეკონომიკას, რომელსაც ჭარბვალიანობის პრობლემის მოხსნა, ალბათ, წაადგება (მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც). გამოვიტანოთ გაკვეთილიც: მილიარდერი ივანიშვილი ხალხის დასახმარებლად ფულს ხარჯავს მაშინ, როცა ხმას არ აძლევენ. სანამ აძლევდა ხალხი ხმას (ან სანამ იმედი ჰქონდა, რომ მისცემდა), არ ხარჯავდა. გავიმეოროთ კიდევ ერთხელ: რომ მიგეცათ ხმა პირველ ტურში, არ ჩამოგაწერდათ ვალებს. რომ არ მიეცით, იმიტომ ჩამოგაჭრათ. ხოდა, გაითვალისწინეთ,” – წერს ნოდია ტავის ფეისბუკ-გვერდზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ „უიმედო“ ვალების ჩამოწერა მეორე ტურს შემთხვევით დაემთხვა და „ჭაბვალიანობის“ წინააღმდეგ ეს პროგრამა წინასწარ იყო დაგეგმილი.