მოსახლეობის ხარჯები განათლებაზე კი შემცირდა" />

UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა

მოსახლეობის ხარჯები განათლებაზე კი შემცირდა

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში 2015 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. კვლევის მონაცემები გაეროს ბავშვთა ფონდმა 12 ივნისს გამოაქვეყნა.

თუ 2015 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16.4 პროცენტს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6 პროცენტამდე გაიზარდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა უკეთესია.

•  საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახში სადილი ნასესხები ფულით კეთდება 

•  რატომ ებრძვიან ქართველი პოლიტიკოსები ბანკებს?

უკიდურესი სიღარიბის ზღვრად საქართველოში მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში საშუალოდ 35 აშშ დოლარს (82.8 ლარს) შეესაბამება.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 21.7 პროცენტი, ბავშვების 27.6 პროცენტი და პენსიონერების 17.6 პროცენტი.

“მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” მიხედვით სიღარიბე ყველაზე მეტად ბავშვებს შეეხოთ. მიღებული მონაცემებით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

უმუშევრობა

უმუშევრობის დონე საქართველოში ბოლო 2 წელში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ის კვლავინდებურად მაღალია. უმუშევრობის დონე 2015 წელს 12 პროცენტი იყო, 2016 წელს კი 11.8 პროცენტია.

დასაქმებულ მოქალაქედ მოსახლეობის 60 პროცენტი მიიჩნევს თავს. მათი დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია და ძირითადად სოფლის მეურნეობაშია კონცენტრირებული. საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში. მათი თითქმის მესამედი (დაახლოებით 30%) დაუსაქმებელია.

ურბანულ დასახლებებში მცხოვრები შინამეურნეობების შემოსავალი უფრო მაღალია ვიდრე სოფელში მცხოვრები შინამეურნეობებისა. ამასთან ოჯახები ურბანულ დასახლებებში უფრო მეტს ხარჯავენ გრძელვადიანი მოხმარების არასაკვებ პროდუქტებზე, სახლის გარეთ კვებასა და განათლებაზე, ხოლო სოფელში – სახლში კვებასა და ჯანდაცვაზე.

2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგების მიხედვით, ბოლო ორი წლის მანძილზე შინამეურნეობების რეალური შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2015 წელს საქართველოში შინამეურნეობების ნომინალური საშუალო თვიური შემოსავალი 608.9 ლარს შეადგენდა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 771.9 ლარამდე გაიზარდა.

ფასების ზრდა

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა ეკონომიკური ზრდის შენელებულმა ტემპმა, ინფლაციის ზრდამ და სამომხმარებლო ფასების ზრდამ განაპირობა.

2016-2017 წლებში ლარის ძლიერი გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ფასებმა მნიშვნელოვნად 4-37 პროცენტით მოიმატა საკვებ პროდუქტებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე. მოსახლეობას ნაკლები შემოსავლით, მეტის დახარჯვა უწევდა (საშუალო ხარჯები 821.8 ლარი იყო, ხოლო საშუალო შემოსავალი 608.9 ლარი).

“დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობების ბიუჯეტში საკვებზე გაწეული ხარჯების წილი უფრო მაღალია. ეს ნიშნავს, რომ 2015 წელს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მეტი შინამეურნეობა გაღარიბდა”, – აღნიშნულია კვლევაში.

ბოლო 2 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ზრდის პარალელურად მოსახლეობის ხარჯები შემცირდა განათლებასა და გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე.

საზოგადოების უღარიბეს ნაწილში მკვეთრად გაიზარდა საბანკო და სალომბარდო სესხების აღების დონე. 1500-მა ოჯახმა შემოსავლის ერთერთ წყაროდ სესხის აღება დაასახელა. სესხს საქართველოში ძირითადად იღებენ ბანკიდან და ლომბარდიდან (80.3%), მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან (8.7%), ნათესავებისგან ან მეგობრებისგან (6.1%).

ბავშვთა განვითარება

სავალდებულო განათლების საფეხურზე ბავშვთა სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია. ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.

ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან კი 6-ს არ აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე.

საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 ათასი ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.

“ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად, უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადმა.

ჯანდაცვა

2015 წელთან შედარებით 2017 წელს ოჯახებმა ჯანდაცვაზე 16.4 პროცენტით მეტი დახარჯეს. ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტიდან 69 პროცენტი მხოლოდ მედიკამენტებზე დაიხარჯა, რაც დიდწილად მედიკამენტებზე ფასების ზრდამ განაპირობა.

თუმცა დადებითად იმუშავა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ. 2017 წელს უფრო ნაკლებ ოჯახს შეხვდა ბარიერები ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომაში.


ასევე წაიკითხეთ