რატომ ებრძვიან ქართველი პოლიტიკოსები ბანკებს?
აპრილის ბოლოს ზედიზედ რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა და ბანაკის პოლიტიკოსმა ქართული ბანკები გააკრიტიკა.
JAMnews-ი შეეცადა გაერკვია, ვის რა პრეტენზია აქვს საბანკო სექტორთან და რამდენად საფუძვლიანია მათი კრიტიკა.
______________________
7 მაისიდან საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
კერძოდ, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, მალე კიდევ ერთი რეგულაცია იგეგმება – კომერციულ ბანკებს ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერი დაუწესდებათ.
„მინდა, განვმარტო, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რას ნიშნავს, – განაცხადა ბახტაძემ ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვის დროს, – ხშირია შემთხვევები და ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რომ ადამიანები სესხს იღებდნენ, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ ამას ემატებოდა ისეთი ხარჯები, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის საკომისიოები, ჯარიმები და საურავები, რომელიც პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ზოგჯერ ახუთმაგებდა კიდეც. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტი მივცეთ. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ რა შეიძლება იყოს, მისი ხარჯი საპროცენტო გამოხატულებაში” – განაცხადა ბახტაძემ.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვნად გაართულებს სესხის აღებას.
“ეს ცვლილება არის ფასების კონტროლი, რაც დეფიციტს გამოიწვევს. ანუ იმათ, ვისაც ფულის სესხება უნდა და მზად იყო გადაეხადა სხვებზე მაღალი ფასი ამაში, საერთოდ ვეღარ აიღებს სესხს. ასევე, კიდევ უფრო გაურკვეველი გახდება სესხის აღების პროცედურა, რაც ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული ადამიანები სესხებს ბუნდოვანი სელექციით მიიღებენ” – მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
“ბანკები ეკონომიკას ამუხრუჭებენ”
ბანკების წინააღმდეგ ახალი ფრონტი ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ აპრილში გახსნა.
მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოში ბანკები ეკონომიკის მამოძრავებლის ფუნქციას არ ასრულებენ, რადგან მათ ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, რაც სასტარტო კაპიტალზე წვდომას ართულებს და მეწარმეობისა და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.
“სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების მუხრუჭი” – აღნიშნა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრის ამ განცხადების კვალდაკვალ, ბანკების კრიტიკით გამოვიდა ჰოლანდიაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ბანკების თემას მან ორი ვიდეო-მიმართვა მიუძღვნა, რომელიც ფეისბუკზე გაავრცელა.
მემარჯვენე იდეებით გამორჩეულმა სააკაშვილმა, რომელიც თავისი პრეზიდენტობის დროს მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ რეგულაციას, თქვა, რომ ბანკები ოჯახებს აღატაკებენ და ქვეყნის ეკონომიკას ანგრევენ, ამიტომ აუცილებელია ამ სექტორში “წესრიგის დამყარება”.
მისი თქმით, უნდა დაწესდეს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი და ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ.
მის გამოსვლაში იყო კონკრეტული ციფრებიც. სააკაშვილმა თქვა, რომ ევროპაში საპროცენტო განაკვეთი 11 პროცენტია, მეზობელ სომხეთში – 7, ხოლო ქართული ბანკები სესხებს 25 პროცენტში გასცემენ.
მართლა ასე ცუდად არის საქმე?
ციფრების გადამოწმება ადვილად შეიძლება:
საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკურ პირზე 21.3%, ხოლო იურიდიულ პირებზე 11.4%-ს შეადგნს. დოლარში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 7.8%, ხოლო იურიდიული პირებისთვის 8.9%-ია.
რომ დავაჯამოთ, სესხის საშუალო წლიური განაკვეთი საქართველოში 11.5%-ია. ეს ციფრია წერია მსოფლიო ბანკის მონაცემებშიც, სადაც ასევე შეგვიძლია გადავამოწმოთ სხვადასხვა ქვეყნების საპროცენტო განაკვეთზე ინფორმაციაც. მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებით, რეგიონის სხვა ქვეყნებში ასეთი საპროცენტო განაკვეთებია: აზერბაიჯანი (16.5%), სომხეთი (14.4%), უკრაინა ( 16.4%) და რუსეთი (16%, 2016 წ). ამ მონაცემის მიხედვით, საქართველოში უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.
განსხვავებული მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში. უნგრეთში სესხის საშუალო წლიური განაკვეთი 2.1%-ს შეადგენს, ესტონეთში 4.2%-ს, ხოლო რუმინეთში ეს მაჩვენებლი 6.4%-ია.
ზოგადად, საპროცენტო განაკვეთის სიდიდეს ბანკებს შორის არსებული კონკურენცია, გასესხებული კაპიტალის დიდი მოცულობა და მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს, რაც ევროპის ქვეყნებში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
საქართველოში დღეისთვის 16 ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა აქტივების ჯამური რაოდენობა 12 მილიარდ დოლარია. მაგალითად, დანიაში, რომელიც დაახლოებით საქართველოს სიდიდის ქვეყანაა, მხოლოდ ხუთი ბანკის ჯამური აქტივი შეადგენს 10 მილიარდ დოლარზე მეტს. ხოლო ერთი გერმანული ბანკის – “დოიჩე-ბანკის” აქტივები 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტია, რაც დაახლოებით 140-ჯერ აღემატება საქართველოს მთელი საბანკო სექტორის ჯამური აქტივებს.
მაშინ რატომ გვესმის სულ ბანკების გინება პოლიტიკოსების მხრიდან?
საპროცენტო განაკვეთზე საუბარი, უკვე არაერთი წელია რაც პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხია და პოპულისტური ლოზუნგებისთვის, ძალიან მიმზიდველ ნიადაგს იძლევა. პოლიტიკოსები ხშირად ირჩევენ ამ თემას და ამომრჩევლებს სასურველი ინტერპრეტაციით სთავაზობენ განმარტებებს. მათ შორის, არ ერიდებიან არასწორი ციფრების გამოყენებასაც.
ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ საკითხში ნაკლები განათლება აქვს და მათი შეცდომაში შეყვანა იოლია.
თანაც, თავდასხმები საბანკო სექტორზე კარგად მუშაობს ამომრჩეველთა ემოციებზე – საქართველოში საბანკო სერვისებს მოსახლეობის უმრავლესობა მოიხმარს, საბანკო კრედიტი ოჯახებს ხშირად მძიმე ტვირთად აწევთ.
ამიტომ, ქართველი პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ ხშირად პირდებიან მოსახლეობას არარეალურად დაბალპროცენტიან სესხებს. ზოგიერთი საერთოდ, ვალების ჩამოწერასაც კი.
მაგალითად, ვიდრე ოპოზიციაში იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს “უფასო ფულს” ან 2-3 პროცენტიან კრედიტებს პირდებოდა.
“ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის. ათიდან ოც წლამდე პერიოდით. მინიმუმ ათი წლით, საშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტეს წილად უფასო, ხოლო სადაც პროცენტი იქნება – მაქსიმუმ 2-3 პროცენტი იქნება განსაზღვრული. თუმცა გეუბნებით, რომ უმეტესი წილი იქნება უფასო ფული,” – აცხადებდა ივანიშვილი.
ქართველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი ყოველ არჩევნებზე ხალხს “საბანკო მძევლობისგან და ტყვეობისგან” გათავისუფლებას პირდება. ის საპროცენტო განაკვეთებზე 6 პროცენტიანი მაქსიმალური ზედა ზღვარის დაწესებას აპირებს და ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ე.წ “ონლაინ სესხების” გამცემ კომპანიებს დახურვით ემუქრება.
“ყველას აქვს თავისი დიდგორი მოსაგები და ჩვენი დიდგორი არის საბანკო მაფიის დამარცხება” – სწორად ამ სიტყვებით მთავრდება “ლეიბორისტული პარტიის” საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ქვეთავი.
ექსპერტების აზრით, მსგავსი წინასაარჩევნო განცხადებები იქამდე იქნება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, ვიდრე ქვეყანაში სიღარიბე არ დაიძლევა და ეკონომიკური ზრდა ცალკეულ ოჯახებზე არ აისახება.
ანუ, ქართული ბანკები კარგად მუშაობენ და პოლიტიკოსების განცხადებები მხოლოდ პოპულიზმია?
არა. გარდა პოპულისტური განცხადებებისა, ქართული ბანკების მიმართ უფრო კონკრეტული და კონსტრუქციული პრეტენზიებიც არსებობს.
“ის რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის,” – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, არასაბანკო განწყობები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი საქართველოზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც არის.
თუმცა, მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ მსხვილ ბიზნესში საქმე კარგად მიდის.
ქადაგიძის აზრით, “სულ თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი ქართული კომპანიები, რომლებისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”.
„წარმატებული კომპანიები არ ამაყობენ მოგების სიდიდით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ იმ სასიკეთო ცვლილებებით, რაც მათ მოაქვთ საკუთარი მომხმარებლებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით კი, ქართულ მსხვილ ბიზნესს სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვს”, – ამბობს ის.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქართულ ბანკებს სახელმწიფოს დახმარებით, “უსამართლო” ფულის შოვნაში ადანაშაულებს.
“ძალიან ხშირად, დიდ ბანკებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ჩვენ გვხვდება ალიანსი, რის მაგალითადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ინიციატივა გამოგვადგება”, – ამბობს ჯაფარიძე.
[2018 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ახალი, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება. სისტემა ასეთია:
დასაქმებული შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2 %-ს, თვითდასაქმებული – შემოსავლის 4 %-ს. სახელმწიფო გადარიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2 %-ს].
“მთავრობას საპენსიო რეფორმა სჭირდება იმისთვის, რომ შიდა ვალის აღების ახალი წყარო გაჩნდეს. ბანკები კი, საპენსიო ფონდის შექმნით სარგებელს ნახავენ, რადგანაც მათ დეპოზიტებზე მოხვდება ფული, შემდეგ 30 წლის განმავლობაში, ვიდრე ეს ფული იქ ინახება, მილიარდებს დაატრიალებენ”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
“გირჩის” წარმომადგენლებს ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე მეტად, სახელმწიფოსთან აქვთ პრობლემები. მათი თქმით, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მახინჯი სისტემის შექმნაზე, სადაც კონკრეტულ ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში კი ბანკებს, სრულიად დაუმსახურებლად, გადასახადების გადამხდელთა ფულის სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ.