რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას სამოქალაქო სექტორიც ითხოვს
სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის
ოპოზიციური პარტიების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას სამოქალაქო სექტორიც ითხოვს. 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ითხოვს გადაიხედოს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი.
განცხადებაში, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინასა და საქართველოში ომის სამართლით აკრძალული ქმედებები ჩაიდინა. იქვე, ამბობენ, რომ რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
ორგანიზაციების განცხადებაში საუბარია საქართველოში რუსი ვიზიტორების ზრდის ტემპზე. ასევე, საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანების მზარდ რაოდენობაზე – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ეს 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია.
“მიგვაჩნია რომ, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად“, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
ისინი აცხადებენ, რომ ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება.
გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან.
“აქვე მივუთითებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული“, – წერია საერთო განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ასევე ითხოვენ ოპოზიციური პარტიები “ლელო” და “დროა”. “დროა” რუსი ტურისტებისთვის სპეციალური გადასახადების დაწესებასაც ითხოვს.
იგივე მოთხოვნა აქვთ მოქალაქეებსაც. პეტიციამ, რომელიც ამ მოთხოვნით შეიქმნა, ორ დღეში 20 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ერთ მილიონზე მეტი (1 094 400) ვიზიტორი შემოვიდა. ამათგან, 19.3 პროცენტი – 147 700 ადამიანი, რუსეთიდან იყო.
სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის