ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
დღეს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.
საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე უკვე გაიღო.
ინტრიგა ძალიან დიდია – სახელისუფლებო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს პირველ ტურში მხოლოდ არასრული ერთი პროცენტით მოუგო.
• რა აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა და რატომ დამარცხდა ხელისუფლების კანდიდატი?
• ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
მართალია ამომრჩევლებს ბიულეტენებში არც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და არც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელები არ დახვდებათ, თუმცა ამ არჩევნებს განსაკუთრებულ დრამატულობას სწორედ ამ ორი ლიდერის ფიგურა სძენს.
_________
საქართველოში 3 703 საარჩევნო უბანია. მათ შორის 55 საზღვარგარეთ და 11 დამატებითი უბანი.
ცესკოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ს შეადგენს. ეს ციფრი 9 ათას 781-ით მეტია, ვიდრე ორი კვირის წინ – პირველ ტურში იყო. პირველი ტურის წინ ცესკო აცხადებდა, რომ ქვეყანაში 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველი იყო.
ორ კვირაში წარმოშობილ ათი ათასიან სხვაობას ცესკო ასე ხსნის:
„საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის ან გაიაქტიურეს და აიღეს ახალი დოკუმენტები. გარდა ამისა, აქ შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის“, – განმარტა ანა მიქელაძემ.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელზეც 28 ოქტომბრის კენჭისყრის დროს.
ვინაიდან 28 ნოემბერი სამუშაო დღეა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იმუშავებენ ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე.
ავღანეთში მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა არჩევნებში მონაწილეობა გუშინ – 26 ნოემბერს მიიღეს. ხმები 28 ნოემბერს დაითვლება.
ცესკო აფრთხილებს ამომრჩეველს, რომ საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც შემოხაზულია ორივე კანდიდატი, ან გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ჩაითვლება ბათილად.
კენჭისყრა ფარულია და საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება.
ჩვეულებისამებრ, საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიღება და 20:00 საათზე დაიხურება.
საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ დაბეჭდილი ბიულეტენები.
მეორე ტურში ბიულეტენები ქართულის გარდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაბეჭდეს. ამ ბიულეტენებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩაიტანენ – ამ ორ რეგიონში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ქართული ან არ იციან, ან იციან არც ისე კარგად. ამის გამო ჯავახეთში არჩევნების პირველ ტურში კურიოზიც მოხდა – ქალაქ ნინოწმინდაში ამომრჩევლებმა კანდიდატ მიხეილ სალუაშვილის გვარი შეცდომით წაიკითხეს როგორც “მიხეილ სააკაშვილი” და იგი შემოხაზეს.
როგორც ცესკო აცხადებს, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება 48 ათად 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აკრედიტაცია 2 300-მდე ჟურნალისტმა გაიარა.
20:00 საათზე კენჭისყრა შეწყდება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა. ხმები ითვლება უბნებზე კომისიის წევრების და დამკვირვებლების მონაწილეობით, რის შემდეგაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.
თავის მხრივ საოლქო კომისია სპეციალური პროგრამის საშუალებით ელექტრონული სახით უგზავნის ოქმს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც მყისიერად ტვირთავს ოქმს თავის ვებ–გვერდზე www.results.cec.gov.ge.
ვინაიდან ყველაფერი ელექტრონულად ხდება, უბნებიდან მოსული პირველი შემაჯამებელი ოქმები ცესკო საიტზე უკვე კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორ საათში ჩნდება.
ამჯერად ცესკოს სიახლე აქვს – საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ონლაინ–ტრანსლაცია უწყვეტ რეჟიმში გაიმართება. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ამ პროცესს თვალი ადევნოს ცესკოს ფეისბუკ-გვერდზე ან იუთუბის არხზე.
24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო–სატელეფონო ცენტრი – ტელეფონის ნომერი (032) 251 00 51 და ონლაინ ჩათი.
ცესკოში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს ასევე მედია ცენტრი, სადაც დღის განმავლობაში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.
ვინ არიან კანდიდატები
ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი დიპლომატია . ისინი სხვადასხვა დროს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდნენ.
ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანია, გრიგოლ ვაშაძე – სააკაშვილის პირადი კანდიდატურა.
კიდევ ამ ორ კანდიდატს ის აქვს საერთო, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ორივემ რუსული კარტი გაითამაშა – ისინი ერთმანეთს რუსეთუმეობაში ადანაშაულებდნენ. ვაშაძის მომხრეები ზურაბიშვილს პრორუსული მესიჯების გავრცელებაში და აგვისტოს ომთან დაკავშირებით პუტინის პოზიციის გაზიარებაში სდებდნენ ბრალს; ზურაბიშვილის მომხრეები კი ვაშაძეს სუკ-ის აგენტს უწოდებდნენ.
სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ, რეალურად, ის პროსახელისუფლებო კანდიდატია, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს მთელი საკუთარი რესურსით, მათ შორის – ადმინისტრაციულით.
ზურაბიშვილი დაიბადა პარიზში. ის 1921 წელს საქართველოდან გაქცეული პოლიტიკური ემიგრანტების შვილიშვილია.
2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მას საკუთარ მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააბარა.
• სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილის პირველი სერიოზული “ჩავარდნა”
მიხეილ სააკაშვილის გუნდში, სალომე ზურაბიშვილმა 2005 წლის ოქტომბრამდე იმუშავა. ამის შემდეგ, ის ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა, მისგან ოპოზიციის ლიდერი არ გამოვიდა. მალევე, მან პოლიტიკა და საქართველო დატოვა და მხოლოდ 2012 წელს, პოლიტიკაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. მთელი ეს წლები, ის ღიად უჭერდა მხარს ივანიშვილს, თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარა.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში, ფორმალურად, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით შევიდა, თუმცა, რეალურად, მას სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინა „ქართულმა ოცნებამ“.
სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა „ქართულ ოცნებაში“ ყველას არ მოსწონდა, თუმცა, ის პირადად ბიძინა ივანიშვილის არჩევანი იყო, რომელთან კამათსაც მმართველ პარტიაში ბევრი ვერ ბედავს.
ზურაბიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში მასიური კამპანია მიმდინარეობდა. მისმა კანდიდატურამ უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიგებშიც. ამის მიზეზი, მის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. მან თქვა, რომ საქართველომ პირველმა დაიწყო „საბრძოლო ოპერაციის ეს ნაწილი“, რაშიც ის აგვისტოს ომს გულისხმობდა.
ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და იმეორებს კრემლის რიტორიკას.
გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ, „ძალა ერთობაშია“ წარადგინა.
ვაშაძე მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებულია. ის 1980-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
მან დიპლომატიური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა, რის შემდეგაც მოსკოვში განაგრძო ცხოვრება, დაიწყო კერძო ბიზნესი და ამასთან ერთად, თავისი მეუღლის, მოსკოვის დიდი თეატრის პრიმაბალერინის, ნინო ანანიაშვილის იმპრესარიო გახდა.
2004 წელს ნინო ანანიაშვილი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწვევით სათავეში ჩაუდგა საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს. ამავე წელს, მან ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს პასპორტი აიღო. მეუღლესთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა გრიგოლ ვაშაძეც.
2008 წლის ნოემბერში, გრიგოლ ვაშაძე დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად. იმავე წლის დეკემბერში კი მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ამ დროს, ვაშაძე ერთდროულად იყო, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქე, რის გამოც მას ოპოზიცია და საზოგადოება აკრიტიკებდა.
კითხვაზე, ომის შემდეგ, რატომ არ თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, დიპლომატი პასუხობდა: „მე ხომ რუსეთის ხელისუფლების მოქალაქეობა არ მაქვს. ხელისუფლება წავა, რუსეთი და რუსი ხალხი კი დარჩება“.
თუმცა, 2009 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა, პოლიტიკოსმა თავად თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე.
ვაშაძის ოპონენტები მის რუსულ წარსულს პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ იყენებენ და მას უწოდებენ, „პრორუსულს“, კგბ-ს აგენტსა“ და ასე შემდეგ.
• საარჩევნო არტი. საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები
ოპონენტებისთვის დამატებით არგუმენტად იქცა ის ფაქტი, გრიგოლ ვაშაძის პიარკონსულტანტი, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სლავური სახელისა და გვარის ვიტალი შკლიაროვი იყო.
„ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ახლა კი მისი „პიარშიკი“ შკლიაროვია. მე მგონი, ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
რატომ არის ეს არჩევნები განსაკუთრებული და რით დაგვამახსოვრდება
ეს არჩევნები უნიკალურია რამდენიმე მიზეზით:
ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი წესით არჩევნები
განახლებული კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს პირველად აირჩევენ 6 წლის ვადით (აქამდე მას ირჩევდნენ ხუთი წლის ვადით).
ამასთან, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეს იქნება უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც საერთო-სახალხო კენჭისყრით აირჩევა. ამის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება არაპირდაპირი წესით – პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია.
საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია
საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება არ ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. შეიცვლება თუ არა ხელისუფლება, ეს საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება, რომლებიც 2020 წელს გაიმართება.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, შესაბამისად, პრეზიდენტს უფრო ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ფიგურას რჩება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. ამას გარდა, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ქვეყანა აირჩევს ახალ პარლამენტს – საპრეზიდენტო არჩევნები კი დიდწილად განაპირობებს საპარლამენტო არჩევნების ბედს და აჩვენებს პოლიტიკური ძალების შესაძლებლობებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.
პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ თუ სახელისუფლებო კანდიდატი ვერ მოახერხებს გამარჯვებას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს იქნება კარგი სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ მოსახლეობა მმართველი „ქართული ოცნების“ პოლიტიკით უკმაყოფილოა.
ინტრიგა: ორივე კანდიდატს თანაბარი შანსი აქვს
საქართველოს ისტორიაში არასოდეს ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. გამარჯვებული ყოველთვის პირველ ტურში ირკვეოდა.
2018 წელს, პირველ ტურში ხმები მოწინააღმდეგეებს შორის თითქმის თანაბრად გაიყო – მხოლოდ ერთი პროცენტი იყო სალომე ზურაბიშვილის უპირატესობა; ყველა დიდ ქალაქში კი ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა.
მეორე ტურში ვაშაძეს გათვლა მთლიანად ოპოზიციის ხმებზე აქვს. მას უკვე დაუჭირა მხარი, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, მეორე ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“, რომლის კანდიდატმაც წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა თითქმის 11 პროცენტი დააგროვა.
სალომე ზურაბიშვილის მხარეს კი არის ადმინისტრაციული რესურსი და მმართველი პარტიის მხარდაჭერა.
ამერიკული კომპანიის, Edison Research-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა, ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს 52 პროცენტით. სალომე ზურაბიშვილს 48 პროცენტი აქვს. გამოკითხვა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა.
რუსეთი – მთავარი საფრთხობელა, როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, რუსულ კარტს ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებნენ, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პარტია. კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთს პრორუსულობაში ადანაშაულებდნენ.
„მე არ დავუთმობ საქართველოს ვაშაძესა და რუსეთს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი თავის საარჩევნო კლიპში.
„ჩვენ არ შეიძლება გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც თვლის, რომ ომი საქართველომ დაიწყო“, – ისმის გრიგოლ ვაშაძის კადრს მიღმა ხმა სარეკლამო კლიპში.
მოსახლეობის დაშინება სამოქალაქო ომით
ამას გარდა, პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ ახალ სტრატეგიას მიმართა, რომელიც ყოფილი ხელისუფლებითა და პირადად მიხეილ სააკაშვილით, მოსახლეობის დაშინებას ეფუძნებოდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმეორებდნენ, რომ საქართველოს შესაძლოა შავი დღეები დაუდგეს, დაიწყება სამოქალაქო ომი და ქაოსი, ხელისუფლებაში კი მოვლენ რევანშისტები, რომლებიც დაიწყებენ რეპრესიებს და დოლარის კურსი გაიზრდება სამჯერ. ეს ყველაფერი კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს აირჩევს.
თბილისში ყველგან გამოეფინა ბილბორდები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსახულებითა და წარწერით: “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”
ზურაბიშვილის ერთ-ერთ საარჩევნო კლიპში კი გრიგოლ ვაშაძეს “პათოლოგიურს” უწოდებენ იმის გამო, რომ ორი ცოლი ჰყავდა.
აგრესიულ რეკლამას მიმართა ოპოზიციამაც. ის მთავარ აქცენტს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამებზე აგვისტოს ომის თაობაზე და საარჩევნო კლიპებში მას “მოღალატეს” უწოდებდა.
ასევე ოპოზიციის მიერ აქცენტი კეთდებოდა სიღარიბესა და უმუშევრობაზე, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში შესამჩნევად გაიზარდა და ასევე, ლარის გაუფასურებაზე.
წინასაარჩევნო კლიპებში მოსახლეობა გრიგოლ ვაშაძეს უყვება, რომ მათ არ აქვთ საკვებისა და წამლისა ფული და რომ ხელისუფლებაში მილიარდერი ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, ეკონომიკური კუთხით მათი ცხოვრება გაუარესდა.
ამასთან ერთად, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს კორუფციაზე და აჩვენებს ჩინოვნიკების მიერ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აშენებულ სახლებს.
• როგორ მდიდრდებოდნენ ქართველი ჩინოვნიკები: დეპუტატების და მინისტრების ელიტური სახლები
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
არჩევნები კანდიდატის გარეშე
წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლების სტრატეგიის კიდევ ერთი უნიკალური თავისებურება არის მისი დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად გაქრა პოლიტიკური სცენიდან.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გაიმართება მეორე ტური, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კონტაქტი შეწყვიტა და რამდენიმე დღე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
ზურაბიშვილის მხარდასაჭერად “ქართული ოცნების” წევრების და ესტრადის ვარსკვლავების მიერ რეგიონებში გამართულ კონცერტ-ღონისძიებებზე თავად ზურაბიშვილი არსად ჩანდა. სცენაზე მხოლოდ მისი დიდი ბილბორდები ეკიდა.
და ეს ყველაფერი არ არის. პირველი ტურის შემდეგ ქუჩაში გამოჩნდა ახალი წინასაარჩევნო ბანერები, სადაც კანდიდატის სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ძველი დარჩა, მაგრამ შესამჩნევად შეიცვალა გამოსახულება – სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბილბორდებზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის ფოტოსურათები.
ამომრჩევლების მოსყიდვა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ანგარიშში წერია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, თავად საარჩევნო კამპანია კი უკიდურესად პოლარიზებული და ნეგატიური იყო.
ასამთავრობო ორგანიზაციები “უპრეცედენტოს” უწოდებენ ხელისუფლების ინიციატივას 600 ათასი ადამიანებისთვის ბანკის ვალების ჩამოწერის თაობაზე და ამ ნაბიჯს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ.
მათ რეგიონებში ნახეს შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ პირდაპირ ფულს სთავაზობდნენ. ზოგ რეგიონში (მაგალითად, მარნეულში) სახელისუფლებო კანდიდატი მხარდაჭერის სანაცვლოდ პროდუქტებს (კარტოფილს, ხახვს) ურიგებდნენ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, არასამთავრობოებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა.
ანგარიშში წერია, რომ მეორე ტურისთვის ხელისუფლება მასშტაბურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს – დააანონსა აშკარად საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივები – ხელფასების, სოციალური დახმარებების გაზრდა, დევნილებისთვის სახლების გადაცემა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.