სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივობის გამო კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამჯერად მას ბრალად დოკუმენტების გაყალბება და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება ედება.
ეს წინა პროცესების გაგრძელებაა – სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, საღამოს სამხრეთ ოსეთში დააკავეს.
მაშინ ლენინეგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ოფიციალურად დასდო ბრალი იმის გამო, რომ ის ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებულ თავის პუბლიკაციებში მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრს, სპარტაკ დრიაევს ცილს სწამებდა.
მაშინ მას ორივე პასპორტი ჩამოართვეს და მას შემდეგ თამარ მეარაყიშვილს სამხრეთ ოსეთის დატოვება არ შეუძლია.
[su_quote]რა ედება ბრალად თამარ მეარაყიშვილს? ცხინვალელი და თბილისელი უფლებადამცველები სამხრეთ ოსეთში მასზე არსებულ ზეწოლას უკანონოდ მიიჩნევენ.[/su_quote]
პირადი ნივთების ჩხრეკისას თამარ მერაყიშვილს აღმოაჩნდა ორი პასპორტი – ქართული და სამხრეთ ოსური. სამხრეთი ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, ეს სერიოზული დარღვევაა – სამხრეთი ოსეთის პასპორტის მიღება მას მხოლოდ იმ პირობით შეეძლო, თუკი ქართულზე უარს იტყოდა.
მეტიც – ქალაქ ლენინგორში (ქართულად ახალგორი), სადაც მეარაყიშვილი ცხოვრობს, რაიონული პროკურატურის გამომძიებლები წარმოადგენენ დოკუმენტებს, სადაც ის ხელს აწერს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.
მის მიერ საქართველოს პასპორტის ფლობა შეიძლება სამხრეთ ოსური პასპორტის ფალსიფიკაციად ჩაითვალოს, ამიტომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – „ყალბი საბუთის შეგნებულად გამოყენება“
რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუ რა ელის თამარ მეარაყიშვილს:
80 ათასი რუბლის [დაახლოებით $1,400] ოდენობის ჯარიმა;
ექვსი თვის განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის ან რაიმე სხვა შემოსავლის ოდენობის ჯარიმა; 480 საათის განმავლობაში აუცილებელი სამუშაოები;
ორწლიანი გამოსასწორებელი სამუშაოები;
ექვსი თვის ვადით პატიმრობა.