სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია აღშფოთებულია იმის გამო, რომ პროდასავლური და პროქართული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს
სამხრეთ ოსეთში მმართველმა პარტიამ („ედინაია ოსეტიამ“) შეურაცხყოფილად მიიჩნია თავი იმ განცხადების გამო, რომელიც რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად კი მოწინავე ოპოზიციონერმა, ედუარდ კოკოითიმ პრესის საშუალებით გააკეთა.
ინტერვიუში, რომელიც კოკოითიმ რუსულ გამოცემა Anna News-ს მისცა, ექსპრეზიდენტი მწვავედ აკრიტიკებს მმართველი პარტიის პოლიტიკას და სამხრეთი ოსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და პარლამენტის სპიკერ პეტრე გასიევს პროქართული და პროდასავლური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.
იმავე ინტერვიუში კოკოითი აცხადებს, რომ სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მმართველი გუნდი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება.
ზემოაღნიშნული ინტერვიუ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ჩაიწერა, მაგრამ მასზე მხოლოდ ახლა მოახდინეს რეაგირება. “ედინაია ოსეტიამ“ განაცხადა, რომ ამ ინტერვიუთი კოკოითიმ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ამას გარდა, მმართველმა პარტიამ გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს მიმართა თხოვნით, სათანადო შეფასება მიეცეს იმ ბრალდებებს, რომლებსაც ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აყენებს.
“ედინაია ოსეტიას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ «ედუარდ კოკოითი საეჭვო, და ზოგჯერ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების მისამართით. ხოლო მოვლენებისა და პერსონალიების შეფასებისას რეალობას ცდება ხოლმე”.
“კოკოითის არაერთი განცხადება, მისი მსჯელობა და კონკრეტული პირების შეფასებისას გამოთქმული მოსაზრებები ფარული წყენის გამოვლინებად შეიძლება იქნას აღქმული. პროქართული განწყობების ქონა ყველაზე მძიმე ბრალდებად ითვლება ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ასეთი განცხადებების გამო მას სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება”, — აღნიშნულია განცხადებაში.