ქართველმა სასულიერო პირმა ჟურნალისტი დაწყევლა
საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს და ასევე იმ ადამიანებს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, მოუწოდა აღარ მისცენ ინტერვიუ ტელეკომპანია რუსთავი -2 და არ მიიღონ მონაწილეობა ამ არხზე არც ერთ გადაცემაში.
განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე 24 მაისს გამოქვეყნდა. საპატრიარქოს სამიზნე რუსთავი 2 გადაცემა “არჩევანის” და მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას რეპლიკის გამო გახდა.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მორწმუნეთა გრძნობებს და “ღვთის მგმობი” გადაცემა მოამზადა.
გადაცემის “არჩევანი” ბოლო გამოშვება გამოხატვის თავისუფლების თემას მიეძღვნა. სტუდიაში შეკრებილი სტუმრები მსჯელობდნენ ხელისუფლების ბოლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, რელიგიური და სხვა გრძნობების შეურაცხყოფისთვის პიროვნებას შეუძლია სასამართლოში უჩივლოს მაგალითად, მწერალს, მხატვარს და ა.შ.
ამ ინიციატივას საზოგადოების დიდი ნაწილი ცენზურად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
გადაცემაში ჟურნალისტმა გაბუნიამ ქართველი მხატვრის ლია უკლებას სკანდალური ნახატი “თვითმკვლელი მარიამი” მიიტანა. ტილოზე გამოსახულია ფეხმძიმე მარიამი, რომელსაც საფეთქელთან სათამაშო პისტოლეტი აქვს მიბჯენილი.
უკლებას ეს ნახატი აქამდეც არაერთხელ გამხდარა საპატრიარქოს და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის მხრიდან მკაცრი კრიტიკის საგანი. გადაცემის სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, სასამართლოს უფლება ექნება უკლებას ეს ნახატი აკრძალოს.
გადაცემის დასაწყისში ჟურნალისტმა გაბუნიამ სტუმრებს უთხრა, რომ ნახატზე მარიამს სათამაშო პისტოლეტი უჭირავს, ამიტომ ის ვერ მოიკლავს თავს და იესოს მაინც გააჩენს.
გაბუნიას ამ პასაჟმა გავლენიანი სასულიერო პირის – ურბნისისა და რუსის მიტროპოლიტის – მეუფე იობის რისხვა გამოიწვია.
სასულიერო პირმა მრევლთან ქადაგების დროს დაწყევლა ჟურნალისტი, მას “ეშმაკის მსახური” და “ღვთის აბუჩად ამგდები” უწოდა.
“ეგ ადამიანი უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს… მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური,” – განაცხადა მეუფე იობმა.
ქადაგებისას მან ასევე თქვა, რომ “მთლიანად ტელევიზია რუსთავი 2 -ის უნდა გაუქმდეს”, რადგან იქედან “ღვარძლი და შხამი იღვრება”.
საპატრიარქოს პოზიცია
მეუფე იობის ამ ქადაგებას მალევე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება.
“პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გარკვეული ძალები ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან, ცდილობენ ის თავისუფალი აზრის მოწინააღმდეგედ და პრორუსულ ძალად წარმოაჩინონ და ამ ბრძოლის ავანგარდში რუსთავი 2-ია.
“ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან,” – წერია განცხადებაში.
სამღვდელოება მოუწოდებს ხელისუფლებას “გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე”.
რუსთავი 2-ის პასუხი
რუსთავი -2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საპატრიარქოს ეს პოზიცია “რეტროგრადული ადმინისტრაციის” მიერაა მომზადებული და პატრიარქმა ილია მეორემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
“საპატრიარქო მეუფე იობის ქმედებებით და დღევანდელი განცხადებებით აღვივებს საშიშროებას ადამიანთა ანგარიშსწორების თვალსაზრისით. თუ რუსთავი 2-ის რომელიმე თანამშრომელზე, მათ შორის გიორგი გაბუნიაზე, რაიმე ძალადობრივი ქმედება განხორციელდება- დღეიდან ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს საპატრიარქო იქნება”, – განაცხადა გვარამიამ.
მისი აზრით,” საპატრიარქოში არიან ბნელი, პრორუსული ძალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ქვეყნის განვითარებას, ქართული ეკლესიის განვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ განვითარებას “.
გვარამიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ “ქართულ ეკლესიას არასოდეს დაუწყევლია საქართველოს მტერი – პუტინი, თუმცა წყევლის რუსთავი 2-ს”.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართულ გადაწყვეტილებად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„მათი მოთხოვნები, რომელსაც ძირითადად დიდი გავლენა აქვს ხოლმე ქართულ პოლიტიკაზე, შეეხება ისეთ საკითხებზე რეგულაციის დაწესებას, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. საპატრიარქოს, როგორც ერთ-ერთ დიდ ინსტიტუციას, რომელსაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს, ბუნებრივია, აქვს გარკვეული გაუცხოება და შიში კრიტიკის. ამიტომ ამ კრიტიკისგან თავის დაცვას ცდილობს არა სიტყვაზე სიტყვის პასუხით, აზრზე აზრის პასუხით, არამედ დუმილის დაწესებით,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საპატრიარქო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გადაცემას ეხმაურება და მას მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაში დებს თავს. მარტში ჟურნალისტმა გაბუნიამ აჭარიდან და გურიიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვასთან დაკავშირებული სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ „იესო ქრისტემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ორი ათასი წლის წინ ისრაელში დაიწყო ქადაგება – ის აჭარაში უნდა ჩასულიყო, რადგან იქ მას ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ამ რეგიონში ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ დარჩა“. მის ამ ფრაზას
გარდა საპატრიარქოს რისხვისა, გაბუნიას ამ განცხადებას ნეონაცისტური ორგანიზაციის “ქართული მარშის“ წარმომადგენლების აქცია მოყვა. ისინი რუსთავი2-ის შენობასთან შეიკრიბნენ, გზა გადაუკეტეს მანქანას, რომელშიც გაბუნია იჯდა და ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ ერთ ჟურნალისტს.