ტელეკომპანია “მაესტრო” საფრთხეშია?
საქართველოში კიდევ ერთი მედიასკანდალი მწიფდება. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია პოპულარული ტელეარხი, სატელევიზიო რეიტინგებით მესამე ადგილზე მყოფი ტელეკომპანია “მაესტრო.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ “მაესტროს 55-პროცენტიანი წილი არხის ერთ-ერთი თანამესაკუთრეს მომღერლისა და შოუმენის გიორგი გაჩეჩილაძის მფლობელობაში გადავიდა.
აღნიშნული ფაქტი მოულოდნელობა აღმოჩნდა არხის მენეჯმენტისა და იქ მომუშავე ჟურნალისტებისთვის.
გაჩეჩილაძემ არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და ამ პოსტზე საკუთარი ძმა _ ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის კონკურენტი იყო. მან თბილისში სააკაშვილზე მეტი ხმა დააგროვა, თუმცა საბოლო შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.
ბაია გადაბაძე ტელევიზიის დაფინანსების ახალ წყაროს ეჭვქვეშ აყენებს და, თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, არ აპირებს ტელეკომპანიის დატოვებას. მან 4 თებერვალს გაფიცვა გამოაცხადა. მისი თქმით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.
გიორგი გაჩეჩილაძე არ მალავს, რომ “მაესტროს საკონტროლო პაკეტის შესაძენად საჭირო თანხა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან მიიღო, კერძოდ კი _ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძისგან, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახის წევრია და ამ ოჯახის ფინანსურ საქმეებს განკარგავს.
შეგახსენებთ, რომ პატარკაციშვილების საკუთრებაშია პოპულარული ტელეარხი “იმედი. ის ფაქტი, რომ “იმედის მფლობელები კონკურენტ “მაესტროს ფინანსურად ეხმარებიან, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
ეჭვის საფუძველია ისიც, რომ “მაესტრო დღეს არ არის მომგებიანი კომპანია, რადგან მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. არხის გაკოტრების საქმეს ამჟამად სასამართლო განიხილავს და მისი ჯამური დავალიანება კრედიტორების მიმართ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატება. ამდენად, მისი წილების შეძენა მომგებიან კაპიტალდაბანდებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ “მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი გაჩეჩილაძე სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას თავად გაჩეჩილაძე არ უარყოფს; მეტიც, ის ამბობს: „პრემიერ-მინისტრი ჩემი ძმაკაცი, მეგობარია, მას ორ დღეში ერთხელ ვხვდები, ამაში რა არის პრობლემური, ვერ გავიგე?!… „მაესტროში“ 55 %-ის მფლობელი ვარ და პრემიერ-მინისტრი რა შუაშია?! აბსოლუტურად სხვა თემებზე იყო ლაპარაკი…“
2016 წლის შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა. გაზაფხულზე ქვეყანა უკვე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში შევა. ამდენად, დღეს ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ არხზე მიმდინარე ეს პროცესები ექსპერტებს ბევრ კითხვასა და ეჭვს უჩენს.
ექსპერტები და ჟურნალისტები კონკრეტულ პარალელებს ხედავენ “მაესტროში განვითარებულ მოვლენებსა და რამდენიმე თვის წინათ “რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებს შორის. მათი აზრით, ორივე შემთხვევაში, ერთი შეხედვით, საქმე მესაკუთრეებს შორის კერძო დავას ეხება, თუმცა როგორც “რუსთავი 2-ის, ასევე “მაესტროს შემთხვევაში, ღია პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება.
„ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზოგ ტელევიზიაში დაიხურა რეიტინგული გადაცემები. გვახსოვს ოპოზიციურ არხ „რუსთავი 2“-თან დაკავშირული ხმაურიანი საქმე, რომელიც დღესაც გრძელდება სასამართლოში… ახლა უკვე “მაესტროში განვითარებული პროცესები… ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ საქმე გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობასთან, _ ამბობს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.
“მაესტროს ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ამ პოსტზე უკვე პირველ განცხადებებსაც აკეთებს: „ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები ‘რუსთავი 2’-დან. ‘რუსთავი 2’-თან ძალიან სუბიექტური დამოკიდებულმა მაქვს. ამ არხთან მიმართებაში ჩემი ისტორიული პრეტენზიები მაქვს და ‘რუსთავი 2’-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო!“ _ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.