სექტემბრიდან უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან უცხოური პასპორტების გარეშე, მხოლოდ პირადობის ბიომეტრიული მოწმობებით იმოგზაურებენ.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერება ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად ორი ქვეყნის დელეგაციები ჩავლენ, – იუწყება “ახალი ამბები-საქართველო”.
საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოგოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე დაამტკიცა და ქართველ კოლეგებს ხელმოსაწერად გადასცა დოკუმენტები შიდა ბიომეტრიული პასპორტებით (ID პირადობის მოწმობები) მოგზაურობის შეთანხმების შესახებ.
„ჩვენ იმის შესახებ მივიღეთ დასტური, რომ მოქალაქეების შიდა პასპორტებით მოგზაურობის შესახებ შეთანხმების ტექსტი უკრაინული მხარის შესაბამის უწყებებთან შეთანხმებულია. ეს ტექსტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე ოფიციალურად გაიგზავნა. ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ შეთანხმების ხელმოწერისა და გარკვეული პირისთვის ამის დაკისრების თაობაზე“, -ციტირებს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია იგორ დოლგოვის სიტყვებს.
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში სამოგზაუროდ უცხოური პასპორტების გაუქმების იდეა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში თბილისში გამოთქვა.
2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ასევე მუშაობენ მართვის უფლებების ურთიერთცნობასა და გაცვლაზე.
საქართველოში პირადობის ახალი მოწმობები 2011 წელს გამოჩნდა. IDბარათი ადამიანის იდენტიფიცირების და ელექტრონულ საბუთებზე ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა, რასაც საქართველოში იურიდიული ძალა აქვს.
2011 წლიდან საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველო-თურქეთის საზღვრის შიდა პასპორტებით გადაკვეთა შეუძლიათ.